„სოლიდარობა მუშებს“ – ბათუმში „აუდიტორია 115“ აქციას გამართავს

22 სექტემბერს, 12 საათზე, სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წევრები ბათუმელ მუშებთან ერთად აქცია-მსვლელობას გამართავენ 6 მაისის პარკიდან აჭარის მთავრობის სახლამდე.

„8 სექტემბერს, ბათუმში, კომპანია ,,მეტრო ჯორჯიას” დაქვემდებარებულ კომპანიაში შრომითი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო დაიღუპა 2 ახალგაზრდა მშენებელი. დაკრძალვის შემდეგ, ჭირისუფლის თხოვნით, მშენებლობაზე დასაქმებულებმა 2 დღით შეაჩერეს სამშენებლო პროცესი, რაც ასევე იცოდა კომპანიის ხელმძღვანელობამ. დაღუპული მუშების ოჯახის წევრებმა მათაც მიმართეს ამ თხოვნით. მესამე დღესვე, სამუშაო დღის დასაწყისიდანვე 200-მდე მუშა გამოცხადდა ადგილზე, თუმცა ისინი მშენებლობაზე აღარ შეუშვეს და განუცხადეს, რომ ყველა სამსახურიდან გათავისუფლებული იყო. მუშები ამ გადაწყვეტილებას, ორი დღით სამგლოვიარო მუშაობის პროცესის შეჩერებას და დამსაქმებლის გაბრაზებას უკავშირებენ. მოლაპარაკების პროცესში, საუბარია, რომ მუშები არ გათავისუფლებულან. თუმცა კომპანია, თავის მხრივ, აყენებს ახალ სამუშაო პირობებს, რომელიც ავტომატურად გამოიწვევს ხელფასების მნიშვნელოვან კლებას, რასაც ისინი სადამსჯელო ღონისძიებად განიხილავენ.

მშენებლებმა მოითხოვეს კითხვებზე პასუხი: 1. გათავისუფლდა თუ არა სამსახურიდან 200 მუშა? 2. როდის აღდგება სამუშაო პროცესი? 3. ანაზღაურდება თუ არა განაცდური პერიოდი, ვინაიდან სამუშაობის შეჩერება მშენებელი კომპანიის გადაწყვეტილებით ერთპიროვნულად მოხდა, დასაქმებულები კი შებოჭილები არიან სხვადასხვა საოჯახო-პირადი თუ საბანკო ფინანსური პასუხისმგებლობებით. მათი ხელფასის დაკავების პარალელურად მუდმივად მიედინება საბანკო პროცენტების დარიცხვა, რაც მათ მძიმე მდგომარეობაში აყენებს.

ასევე დასაქმებულებს აქვთ 3 მოთხოვნა:  1. მოლაპარაკების შედეგად განახლდეს სამშენებლო პროცესი; 2. დაუბრუნდეს სამუშაოს ორასივე მუშა და არ შემცირდეს ხელფასები; 3. ანაზღაურდეს განაცდური პერიოდი“ – ვკითხულობთ „აუდიტორია 115“-ის განცხადებაში.

სტუდენტური მოძრაობა ასევე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, არ გამოიყენონ მუშების პროტესტი პოლიტიკური ინტერესებისთვის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com