სიახლეები

პარლამენტის იურიდიულ კომისიას აჭარის უმაღლესი საბჭოს კანონპროექტზე შენიშვნები აქვს

30.01.2015 • 1411
პარლამენტის იურიდიულ კომისიას აჭარის უმაღლესი საბჭოს კანონპროექტზე შენიშვნები აქვს

 

აჭარის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს „ფიზიკური და კერძო იურიდიული პირების  სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე ინიცირებით მიმართა. პროექტის ავტორების განმარტებით, ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, კანონიერი მესაკუთრე გახდება მოსარგებლე, რომელიც სარგებლობაში არსებულ ნაკვეთს ამ დრომდე კანონში არსებული შეზღუდვების გამო საკუთრებაში ვერ ირეგისტრირებდა.

 

                             

„ჩვენ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება შეგვაქვს ერთ მუხლში,“ – განმარტა „ბათუმელებთან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარული კომისიის თავმჯდომარემ, კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ანზორ თხილაიშვილმა პროექტის მოსმენამდე ერთი დღით ადრე.

 

უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადებულ კანონპროექტში ნათქვამია, რომ მიუხედავად „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“  საქართველოს კანონში არსებული 7¹ მუხლისა, აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები კომლების მნიშვნელოვანმა ნაწილმა მინიჭებული უფლებებით ვერ ისარგებლა. ეს გამოწვეული იყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული არაერთი ცვლილებით. სწორედ მრავალგზის ცვილიების შედეგად, ერთსა და იმავე სოფელსა თუ თემში მცხოვრები კომლები არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ: ნაწილმა, კანონში ცვლილების შესვლამდე შეძლო მართლზომიერ საკუთრებაში არსებული და თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ხოლო იმავე პირობებში მყოფი კომლების მნიშვნელოვან ნაწილს, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტების საკუთრების უფლების აღიარების კომისიებს განცხადებით მიმართეს კანონში ლების შესვლამდე, უარი ეთქვათ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.

საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ იმ ოჯახებსაც, რომელთა მართლზომიერ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ არ მდებარეობდა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები და იგი გამოყოფილი იყო სასოფლო გზით, ხევით, მდინარით და ა.შ. ასევე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე არ ჰქონდათ საცხოვრებელი სახლი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა და სხვა.“

 

„ჩვენ ვხსნით დამატებით წინააღმდეგობებს,“ – განმარტავს ანზორ თხილაიშვილი, რაც კანონპროეტში ასე გამოიხატა:

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“  საქართველოს კანონის 7¹ მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე მიწის ნაკვეთი, ასევე მიიჩნევა თვითნებურად დაკავებულად, თუ ფიზიკურ პირს 2007 წლის პირველ იანვრამდე თვითნებურად დაკავებული აქვს სახელმწიფოს საკუთრების (მათ შორის საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული) სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, არაუმეტეს 0,2 ჰა-ს, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული“.

 

7¹  მუხლის მეორე პუნქტის თანახმად: „ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის მიწის ნაკვეთი მიიჩნევა თვითნებურად დაკავებულად, მიუხედავად იმისა, ეს მიწის ნაკვეთი არის თუ არა დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, ან განთავსებულია თუ არა მასზე შენობა-ნაგებობა.

 

„აჭარაში მიწის რეფორმა ორჯერ ჩაიშალა. 2007 წელს კი ამ პროცესს უკვე საბოლოოდ დაესვა წერტილი. სოფლად მცხოვრები მოსახლეობა დარჩა მიწის გარეშე. შემდეგ დაიწყო ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების აღიარების კანონით მოქმედება. ამ კანონმა იმუშავა, მაგრამ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა  მოულოდნელად შემოიტანა ახალი რეგულაციები, რითაც შეზღუდვები დაწესდა. მაგალითად, ე.წ. არენდების საკუთრებაში აღიარებისთვის, რომლებსაც 20-25 წლის ან უფრო დიდი ხნის განმავლობაში ამუშავებდნენ პირები, გაჩნდა მოთხოვნა, იქ ყოფილიყო სამეურნეო ან საცხოვრებელი შენობა, ან ნაკვეთი მოსარგებლის საკარმიდამო ნაკვეთის მომიჯნავე უნდა ყოფილიყო

 

უმაღლესი საბჭოს აგრარული კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, აჭარის სოფლებში მცხოვრები 58 000 კომლიდან საკუთრების უფლების აღიარების დოკუმენტი,  ძირითადად  ზემო აჭარაში, მხოლოდ 34 000  კომლს აქვს. დარჩენილია ქობულეთი და ხელვაჩაური. გარდა ამისა, არის ბათუმზე გადაცემული ტერიტორიები, როგორც ქობულეთის, ისე ხელვაჩაურის სოფლებში.

 

 

გადაბეჭდვის წესი