მთავარი,სიახლეები

ვის ეკუთვნის გარდაცვლილის ქონება – არაოფიციალურ მეუღლეს თუ ძმას

21.09.2017 • 4487
ვის ეკუთვნის გარდაცვლილის ქონება – არაოფიციალურ მეუღლეს თუ ძმას

75 წლის ციალა პერტია შესაძლოა ღია ცის ქვეშ დარჩეს, რადგან მეუღლესთან ერთად 29 წლის განმავლობაში ქორწინების რეგისტრაციის გარეშე იმყოფებოდა. მისი მეუღლე 3 წლის წინ გარდაიცვალა. იმის გამო, რომ მემკვიდრეობის უფლების მისაღებად ქორწინების რეგისტრაციაა საჭირო, ციალა პერტია მემკვიდრეობის, ანუ ქონების გარეშე დარჩა. საცხოვრებელი ბინა ტაბიძის ქუჩაზე ციალა პერტიას მაზლმა გაიფორმა და მისგან ახლა სახლიდან წასვლას ითხოვს.

„მეგონა, რომ რეგისტრირებული იყო ჩვენი ქორწინება… ჩემი ქმრის ნათესავებიც ადასტურებენ, რომ ჩვენ ერთად ვიყავით 29 წელი. 94 მეზობელიც ამას ადასტურებს წერილობით,“ – ამბობს ციალა პერტია, რომელიც მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილის გადაწყვეტილებას ელის. ციალა პერტია მემკვიდრეობის უფლების მიღებას ითხოვს.

ამ დავამდე ციალა პერტიამ სასამართლოს ნათესაური კავშირის დადგენის მოთხოვნით მიმართა.

„მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ განმარტა, რომ დავა ამ კუთხით უპერსპექტივოა, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მხოლოდ ქორწინების რეგისტრაციას ითვალისწინებს. ქალბატონმა ციალამ სარჩელი გამოიხმო, რადგან დავას ამ კუთხით აზრი აღარ ჰქონდა. ამჯერად გვაქვს იმედი, რომ მოსამართლე გაბედულ და პრეცედენტულ გადაწყვეტილებას მიიღებას,“ – გვითხრა ადვოკატმა დავით დიდმანიძემ. იგი ირაკლი ზაქარიაძესთან ერთად ციალა პერტიას ინტერესებს იცავს.

სამოქალაქო კოდექსში მკაფიო ჩანაწერია, რომ ქორწინების რეგისტრაციის გარეშე მემკვიდრეობის უფლება ვერ წარმოიშობა. ამის მიუხედავად ადვოკატები ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციაზე აკეთებენ აქცენტს. ამ კონვენციის ხელმოწერია საქართველოც და აქ წერია, რომ „პირადი და ოჯახური ცხოვრება დაცული უნდა იყოს“.

„არსებობს ამ კონვენციის ცალკეული მუხლების განმარტებები, ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, ქორწინება რეგისტრირებული არ იყოს, მაგრამ მემკვიდრეობის უფლება წარმოეშვას პირს. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მოდელი არსებობს. უმეტეს შემთხვევაში, თანაცხოვრების ორი, ან სამი წლის შემდეგ, მემკვდირეობის უფლების აღიარება ხდება. საქართველოში ამ ტიპის სასამართლო დავა პირველია,“ – ამბობს ადვოკატი დავით დიდმანიძე.

ქორწინების სამოქალაქო რეგისტრაციის გარეშე მემკვიდრეობის უფლების მიღებაზე 2016 წელს იმსჯელა სასამართლომ. ამის შესახებ ანა მდინარაძე გვესაუბრა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი:

„სარჩელი არ დააკმაყოფილა არც ერთი ინსტანციის სასამართლომ. უზენაესმა სასამართლომ მოიხმო ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს 1994 წლის გადაწყვეტილება – „კორინი ნიდერლანდების წინააღმდეგ“, სადაც აღნიშნულია, რომ ქორწინება გასცდა ფორმალურ ურთიერთობებს, ასევე ის, რომ დე-ფაქტო ოჯახური კავშირები იზოლირებულად არ უნდა განვიხილოთ. ამის მიუხედავად უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პრეცედენტი სამართლებრივად ვარგისი არ არის, ვინაიდან  ქორწინების რეგისტრაციის გარეშე მემკვიდრეობის წარმოშობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსი გამორიცხავს. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნორმის სხვაგვარად განმარტება ეწინააღმდეგება თავად მუხლის ნორმატიულ შინაარსს“.

რატომ არ შეიცვალა სამოქალაქო კოდექსის ჩანაწერი ქორწინების რეგისტრაციაზე მას შემდეგ, როცა ევროპულ კონვენციას მოვაწერეთ ხელი – ანა მდინარაძე განმარტავს, რომ კონვენციაზე ხელმოწერა ქვეყანას არ ავალდებულებს, რომელიმე პრინციპი პირდაპირ გადმოიტანოს ეროვნულ კანონმდებლობაში. გარდა ამისა, კანონის რომელიმე მუხლის შეცვლაზე კანონმდებლებმა უნდა იმსჯელონ.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: