სიახლეები

სახლს ძეგლის სტატუსი არ მიენიჭება – მესაკუთრის კვლევის საფუძველზე შეცვლილი გადაწყვეტილება

28.01.2015 • 1441
სახლს ძეგლის სტატუსი არ მიენიჭება – მესაკუთრის კვლევის საფუძველზე შეცვლილი გადაწყვეტილება


ბარათაშვილის #24, შოთა გუჯაბიძის ფოტო
ბარათაშვილის #24, შოთა გუჯაბიძის ფოტო

ქალბატონო თეა, ბათუმში ბარათაშვილის ქუჩის #24-ში არსებული შენობაზე ვისი მოწვევით ჩაატარა კვლევა ლალი ანდრონიკაშვილმა?


დამკვეთი გახლდათ მესაკუთრე, მაგრამ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რადგან ხელოვნებათმცოდნე მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ქალბატონ ლალის ძეგლის მესაკუთრის მიმართ ინტერესები არ აქვს, – დასკვნით ნაწილში პირდაპირ წერს, რომ ბარათაშვილის 24-ში არსებული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია-ათვისება ახალი მშენებლობით უნდა მოხდეს მხოლოდ ბათუმის ისტორიული ცენტრის მასშტაბში არსებული სართულიანობისა და არქიტექტურული რიტმის შენარჩუნებით. ამიტომ არანაირ ტენდენციურობასთან არ შეიძლება გვქონდეს საქმე, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში დამკვეთი არის ძეგლის მესაკუთრე.

 

ლალი ანდრონიკაშვლი ადგილზე იყო ჩამოსული, როცა შენობა შეისწავლა?


რა თქმა უნდა, ასეთ კვლევას ზეპირად არავინ დაწერდა.

 

კანონმდებლობით, სააგენტოსთან არსებული კომისია საკითხის განხილვას მხოლოდ იმ შემთხვევაში უბრუნდება, თუ რაიმე ახალი გარემოება არსებობს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა ახალი გარემოება გამოჩნდა?


კომისია ხშირ შემთხვევაში მსჯელობდა ცალკეული ფოტოსურათითა და სააღრიცხვო ბარათის ბაზაზე. თქვენ რომ გადაუღოთ რაღაც ობიექტს ფოტოსურათი, თქვათ, რომ ეს არის მე-20 საუკუნის დასაწყისის შენობა და თქვენი მოსაზრებით, მას გაჩნია ისტორიულ-მხატვრული ღირებულება, თქვენ შეგიძლიათ ეს მონაცემები გადმოაგზავნოთ სააგენტოში… მაგრამ ძეგლების სტატუსის მინიჭება საჭიროებს გადახედვას, რადგან მხოლოდ ფოტოსურათისა და სააღრიცხვო ბარათის ბაზაზე ობიექტის სტატუსის მინიჭება არასწორია – სტატუსის ძეგლის ახალ მესაკუთრესაც და თვითმმართველობით ორგანოებსაც უწესებს განსაკუთრებულ რეჟიმს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ ობიექტთან დაკავშირებით გაკეთდეს საფუძვლიანი კვლევა – ნამდვილად იმსახურებს თუ არა ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს. მოცემულ შემთხვევაში დაინტერესებულმა მხარემ, ანუ ძეგლის მესაკუთრემ ითხოვა პროცესში ჩართვა, ამაზე უარის თქმის, მისი მოსაზრებების გაუთვილისწინებლობის უფლება ჩვენ არ გვაქვს. სწორედ ამ ეტაპზე მოხდა ხელოვნებთმცოდნის კვლევის წარმოდგენა. ვინაიდან ეს ხელოვნებათმცოდნე არის საკმაოდ კომპეტენტური, გადაწყდა, რომ ობიექტს არ უნდა მინიჭებოდა ძეგლის სტატუსი.

 

აქამდე თუ გქონიათ პრაქტიკაში, რომ კომისიას თავისივე გადაწყვეტილება ამ ფორმით შეუცვლია?


არ ყოფილა სხვა შემთხვევაში დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციული საჩივარი. ამ შემთხვევაში იყო და ამიტომაც ვიყავით ვალდებული  მხარე ჩაგვერთო პროცესში. ხშირად გვქონია შემთხვევა, როდესაც სტატუსის მოხსნის პროცესს  ესწრებიან მოქალაქეები, რომელთაც ეძლევათ თავიანთი მოსაზრებების წარმოდგენის საშუალება. მოცემულ შემთხვევაში მხარემ ითხოვა ჩართვა და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა.

 

თუ საბჭო აქამდე მხოლოდ ფოტოსურათების საფუძველზე იღებდა გადაწყვეტილებას, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ  მის მიერ გაწეული საქმიანობა ეჭვის ქვეშ დგება?


ბოლო პერიოდში საბჭო მაქსიმალურად ცდილობს  შეჯერებული გადაწყვეტილება მიიღოს. რადგან ჩვენ თვითონ გვექმნება პრობლემები, დაუშვათ, არქეოლოგიურ ობექტებთან მიმართებაში, როცა ობიექტს ზერელედ ენიჭებოდა სტატუსი და არ იყო დადგენილი მისი საზღვრები… მაგალითად, სწორედ ახლა მიმდინარეობს ბათუმის ბულვარის საზღვრების დადგენა, საბჭომ არაერთხელ მოითხოვა დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა, ანუ ეს ერთადერთი პრეცენდენტი არ არის და საბჭო მაქსიმალურად ცდილობს მიიღოს რაც შეიძლება დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომ ის შემდეგში არ იქცეს მსჯელობის საგნად.

 

თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ ბარათაშვილის #24-ში არსებულ შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ქომაგები სტატუსის მინიჭებას აქტიურად ითხოვდნენ. მათ აინტერესებთ, როდის დაწერს საბჭო სამოტივაციო ნაწილს, რის საფუძველზეც გადაწყდა, რომ შენობა აღარ გახდეს ძეგლი, რაც ფაქტობრივად განაჩენია? 


ობიექტისთვის სტატუსის არმინიჭების თაობაზე ინდივიდუალური აქტი არ გამოიცემა. გამოქვეყნდება მხოლოდ საბჭოს სხდომის ოქმი.

 

ანუ საბჭო, რომელმაც ერთხელ თქვა, რომ ბარათაშვილის 24-ში არსებული შენობას შეიძლებოდა მინიჭებოდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ახლა ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დაწერს, რომ იგივე შენობას აღარ შეიძლება მიენიჭოს სტატუსი?


იცით რა, პირველი გადაწყვეტილება, როგორც მახსოვს, ადრე იყო. ნოემბერში შეიქმნა ახალი საბჭო 7-კაციანი შემადგენლობით, სადაც საბჭოს ძველი წევრებიც არიან (ადრე იყო 5-კაციანი საბჭო), ანუ ამ საკითხზე ახალმა შემადგენლობამ იმსჯელა.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: