მთავარი,სიახლეები

დარჩება თუ არა წყლის მილები ქედის გამგეობის ეზოში

20.09.2017 • 2844
დარჩება თუ არა წყლის მილები ქედის გამგეობის ეზოში

ქედის ბიუჯეტის თანხით სასმელი წყლისთვის  შეძენილი პოლიეთილენის მილები რამდენიმე დღეა ქედის გამგეობის ეზოშია დასაწყობებული. ქედის გამგებლის მოადგილე, გურამ ბერიძე განმარტავს, რომ გამგეობამ წყლის მილები სოფლების – გულებისა და ხუნკუდის მოსახლეობისთვის შეიძინა და მაშინ დაურიგდება მოსახლეობას, როდესაც წყლის მილების განსათავსებლად სპეციალურ არხს მოაწყობენ. მოსახლეობა კი ამბობს, რომ დამოუკიდებლად და ტექნიკის დახმარების გარეშე არხების გაყვანას ვერ შეძლებს.

„ხუნკუდისა და გულების მოსახლეობისთვის წყალი მოვიყვანეთ, მოეწყო სათავე ნაგებობა, სათავე ნაგებობიდან  მოსახლეობას სასმელი წყალი რომ გაეყვანა, მილები შევუძინეთ. აღნიშნულ სოფლებში ჩვენმა წარმომადგენლებმა სასმელი წყლის თითოეულ ოჯახამდე მისაყვანად საჭირო მილის ოდენობა დაითვალა და მთლიანობაში 18 ათას 600 მეტრი წყლის მილი შევიძინეთ. იქედან გამომდინარე, რომ მოსახლეობამ წყლის მილი მიზნობრივად გამოიყენოს, თითოეულ ოჯახს საჭირო ოდენობის წყლის მილს მაშინ გადავცემთ, როდესაც მილის განსათავსებლად სპეციალურ არხს გაიყვანს, ამიტომაც აწყვია მილები გამგეობის ეზოში. არხების გაყვანასა და მილების ჩამარხვას სპეცტექნიკა არ სჭირდება, ბარით შეუძლიან გათხარონ. ორივე სოფელში 15 – მდე ადგილზე მიყვანილია წყლები, დაყენებულია გამანაწილებელი, საიდანაც უნდა გაიყვანოს მოსახლეობამ, ონკანებამდე მაქსიმუმ, 250 მეტრი არხია გასათხრელი“, – ამბობს გურამ ბერიძე.

გამგეობა მოსახლეობისთვის წყლის მილების დარიგებას არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხომ არ აპირებს და მილების გადაცემის პროცესი ხელოვნურად ხომ არ ჭიანურდება, გურამ ბერიძე გვპასუხობს: „ამ დროისთვის სოფელში საშემოდგომო სამუშაოები მიმდინარეობს, მიწაზე არხების გასაყვანად დრო თვითონ მოსახლეობამ გვთხოვა.“

ქედის გამგეობის ინფორმაციით, წყლის მილების შეძენაზე დაახლოებით 15 000 ლარი დაიხარჯა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: