ახალი სპორტული კომპლექსის მაკეტი

დავა 66 მილიონზე გრძელდება – გადაიდება თუ არა ბათუმის სპორტული კომპლექსის მშენებლობა

შპს „სტადიონი“ ისევ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება. აჭარის მთავრობის ორგანიზაციამ ტენდერი ბათუმში, ლეონიძის ქუჩის #15-ში, სპორტული კომპლექსის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე 11 აგვისტოს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 23 აგვისტოს დასრულდა, თუმცა მშენებელი კომპანია ჯერ კიდევ არ არის შერჩეული. შესყიდვის ბიუჯეტი  66 მილიონ 574 430 ლარია.

შპს „სტადიონმა“ დისკვალიფიკაცია მისცა „საბა კონსტრაქშენს“, რომელმაც ელექტრონულ ვაჭრობაზე ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა.

კანონმდებლობა ასეთ შემთხვევაში უპირატესობას ტენდერში მონაწილე სხვა კომპანიას ანიჭებს, რომელმაც ასევე სხვა პრეტენდენტებთან შედარებით დაბალი ფასი დააფიქსირა [ამ შემთხვევაში ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა]. შესაბამისად, შანსი გაუჩნდა შპს „დაგს“, – მან მესამე პრეტენდენტზე ნაკლები, მაგრამ „საბა კონსტრაქშენზე“ ოთხი მილიონით მეტი მოითხოვა, იმავე სამუშაოს შესასრულებლად.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ „საბა კონსტრაქშენის“ საჩივარი შპს „სტადიონის“ წინააღმდეგ  დააკმაყოფილა. „საბა კონსტრაქშენი“ ითხოვდა დისკვალიფიკაციის გაუქმებას, რომელიც მას შპს „სტადიონის“ შესყიდვების კომისიამ მისცა [ოქმი #2].

ამჯერად შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს საჩივრით შპს „დაგმა “ მიმართა. დავების საბჭომ ეს საჩივარიც განიხილა. გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუქვეყნებია.

შპს „სტადიონის“ დირექტორი, სულხან ხალვაში იმედოვნებს, რომ საჩივრების განხილვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცესი დროში არ გაიწელება და მშენებლობა მალე დაიწყება.

შპს „სტადიონი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა. 2015 წელს ის იმ მოტივით შექმნეს, რომ ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე ზედამხედველობა გაეწია. მოგვიანებით ამ ორგანიზაციას  ბათუმის ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე ზედამხედველობაც ჩააბარეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი