სიახლეები

მაღალი სახელფასო დანამატი მხოლოდ მაღალ თანამდებობებზე

28.01.2015 • 1533
მაღალი სახელფასო დანამატი მხოლოდ მაღალ თანამდებობებზე

 

 

აჭარის მთავრობის სხდომა
აჭარის მთავრობის სხდომა

ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები აქამდე როდესაც საჯარო მოხელეების ხელფასების მომატებაზე საუბრობდნენ, თავს იმით იმართლებდნენ, რომ საჯარო სამსახურებში დასაქმებულ რიგით თანამშრომლებს დაბალი შემოსავალი აქვთ და სწორედ ამის გამო არიან იძულებული იზრუნონ ხელფასებსა თუ დანამატების გაზრდაზე. მსგავსი შინაარსის განცხადება მრავალგზის არჩილ ხაბაძემაც გააკეთა.

 

მიუხედავად ამისა, 2015 წლის 21 იანვარს მთავრობის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით ნათლად ჩანს, რომ დანამატები უფრო მეტად ეზრდებათ მინისტრებსა და მათ მოადგილეებს.

 

ამ კატეგორიის თანამდებობის პირების დანამატების ოდენობა თითქმის ორჯერ აღემატება დაბალი რანგის საჯარო მოხელეების დანამატების ოდენობას.  ასეთია აჭარის მთავრობის გადაწყვეტილება.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებით, ხელფასზე 60-პროცენტიან დანამატს მიიღებენ ადმინისტრაციის უფროსი, ბუღალტერი, განყოფილებების უფროსები და მათი მოადგილეები.

 

შემოსავალი მხოლოდ 40-პროცენტით გაეზრდება დაბალი რანგის საჯარო მოხელეებს: მთავარ და წამყვან სპეციალისტებს, სპეციალისტებსა და სხვა დამხმარე პერსონალს, რომელთა ხელფასიც მაღალი რანგის თანამდებობის პირების ხელფასებთან შედარებით მკვეთრად მცირეა. მაგალითად, აჭარის მთავრობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხელფასი 2130 ლარია, მასთან მომუშავე მთავარი სპეციალისტის ხელფასი – 1070 ლარი, რიგითი სპეციალისტის ხელფასი კი – 810 ლარი.

 

„მთავრობამ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ დაეწესებინა ეს დანამატები და ამით მოწესრიგებულიყო ის ქაოსური საპრემიო პოლიტიკა, რომელიც ამ დრომდე გრძელდებოდა. არის პოზიცია, რომ მათ, ვისაც აქვს განსაზღვრული 75-პროცენტიანი სახელფასო დანამატი, ამ კატეგორიის თანამდებობის პირებზე აღარ გაიცეს პრემია. ესენი არიან თანამდებობის პირები, რომლებიც უკონკურსოდ ინიშნებიან. რაც შეეხება დანარჩენ საჯარო მოხელეებს, მათზე შესაძლებელია გაიცეს პრემია, თუმცა პრემიების გაცემის სიხშირე შემცირდება ნახევარჯერ მაინც“, – განმარტა მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ „ბათუმელებთან“.

 

დაბალი რანგის საჯარო მოხელეები ახალი განკარგულებით ძალიან არიან შეწუხებულები. „გული გამისკდა, ეს რომ წავიკითხე“; „დაწერეთ რამე, გვიპატრონეთ“, – განაცხადა რამდენიმემ „ბათუმელებთან“. თუმცა, ვერც ერთმა ვერ გადაწყვიტა თავისი ვინაობის საჯაროდ დასახელება.

გადაბეჭდვის წესი