მთავარი,სიახლეები

ლაშა კომახიძე „იაფ სახლთან“ დაკავშირებით მის მიერ ეთერში ნათქვამ უზუსტობაზე

20.09.2017 • 3400
ლაშა კომახიძე „იაფ სახლთან“ დაკავშირებით მის მიერ ეთერში ნათქვამ უზუსტობაზე

გუშინ, 19 სექტემბერს, გადაცემა „არჩევანში“ „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატმა, ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ „იაფი სახლის“ პროექტის კრიტერიუმები ბათუმის მერიაში უკვე დაამუშავეს და საკრებულოს გადაუგზავნეს განსახილველად. „ბათუმელებმა“ ინფორმაცია საკრებულოში გადაამოწმა.

საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარის, ნინო ბერაძის ინფორმაციით, „იაფი სახლის“ კრიტერიუმების შესახებ პროექტი საკრებულოში მერიას ამ დროისთვის შეტანილი არ აქვს. შესაბამისად, ლაშა კომახიძეს ვთხოვეთ განემარტა, რაზე დაყრდნობით განაცხადა, იაფი სახლის კრიტერიუმების საკრებულოსთვის გადაგზავნის თაობაზე.

ლაშა კომახიძემ სატელეფონო საუბარში განმარტა:

„…მე მხოლოდ კანდიდატი ვარ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მაქვს კონსულტაციები და პირადი კონტაქტები იგივე ქალაქის მოქმედ მერთან და სხვებთან. ასეთი კონსულტაციების დროს, როდესაც  მოვიკითხე…  მივიღე სწორედ ასეთი განმარტება: ჩვენ უკვე დავასრულეთ კრიტერიუმებზე მუშაობა და მზად არის საკრებულოსთვისო. გადაგზავნილია – არ არის გადაგზავნილი ტექნიკური დეტალია და შეიძლება შეფასდეს ტექნიკურ უზუსტობად… ანუ ახალი საკრებულო განიხილავს ამას თუ მოქმედი საკრებულო, ამასაც ვერ გეტყვით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის განმარტებები, რომლებიც მომცეს მე“.

ვინ მიაწოდა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს არასწორი ინფორმაცია? – ლაშა კომახიძე ამბობს, რომ კონსულტაცია ჰქონდა ბევრთან და არ უნდა ვინმე კონკრეტული დაასახელოს: „რადგან ვხვდები, რომ რაღაც უზუსტობას აქვს ადგილი. მაგრამ გარწმუნებთ, რომ ნამდვილად მერიიდან მივიღე ეს  ინფორმაცია. თუ ეს არ შეესაბამება სიმართლეს და ჩემდაუნებურად რაღაც უზუსტობა გამომივიდა, შემიძლია ნამდვილად გითხრათ, რომ თუკი მე გავხდები მერი, ეს პროექტი ნამდვილად განხორციელდება. აუცილებლად უნდა გაცოცხლდეს ეს პროექტი და მივიდეს ბოლომდე“.

მოგვიანებით „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ისევ დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ინფორმაცია მოქმედ მერთან გიორგი, ერმაკოვთან კიდევ ერთხელ გადაამოწმა. მისი თქმით, იაფი სახლის კრიტერიუმები ნამდვილად მომზადებულია, თუმცა საკრებულოში გადაგზავნილი არ არის: „კრიტერიუმები დამუშავებულია შვეიცარიელებთან ერთად, საკრებულოში გადაგზავნილი არ არის, მაგრამ მერმა თქვა, რომ მან გაიარა ამ თემაზე ზეპირი კონსულტაციები საკრებულოს რამდენიმე წევრთან“.

ბათუმის მერიის პრესსამსახურშიც ირწმუნებიან, რომ „იაფი სახლის“ კრიტერიუმები მზად არის, თუმცა ამ დოკუმენტის დაუყოვნებლივ მოწოდებაზე უარი გვითხრეს.

იმ შემთხვევაში, თუ კრიტერიუმები მზად არის, რატომ არ გააგზავნა მერიამ პროექტი საკრებულოში განსახილველად? – პასუხი მერიისგან, ჯერჯერობით, ვერც ამ კითხვაზე მივიღეთ.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კონვენტ ჯორჯია“ , რომელსაც იაფი სახლი უნდა აეშენებინა, მერისთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ცოტა ხანში გაუჩინარდა. მშენებლობის დაწყებამდე მერიამ კომპანიას ავანსის სახით, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, 1 643 785 ლარი გადაურიცხა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ხელშეკრულების პირობები დაარღვია, მერია ამ თანხის დაბრუნებას ვერ ახერხებს. 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: