მთავარი,სიახლეები

გასროლა ღამის კლუბში

19.09.2017 • 5394
გასროლა ღამის კლუბში

ღამის კლუბ „სექტორ 26“-ში 2 აგვისტოს ადამიანი დაჭრეს. თავდაპირველად მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაჭრილი პოლიციელი იყო. სინამდვილეში კი, მოხდა პირიქით – „ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) ერთ-ერთმა თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ღამის კლუბის დაცვის თანამშრომელი, 27 წლის მამაკაცი. „სექტორში“ მომხდარ ფაქტზე სუს-ის თანამშრომლისთვის ბრალი დღემდე არ წარუდგენიათ.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]რა თქვეს სასამართლოში[/highlight]

ის, რომ სუს-ის თანამშრომელ ლაშა გაბრიჭიძეს ადამიანის დაჭრისთვის ბრალი დღემდე არ წარუდგინეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაგვიდასტურეს. ბრალის წარდგენის შემთხვევაში პროკურატურა ვალდებული იქნებოდა სასამართლოსთვის მიემართა აღკვეთი ღონისძიების მოთხოვნით, მაგრამ აჭარის პროკურატურას მსგავსი მოთხოვნით ბათუმის სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

საქმე იმაშია, რომ ლაშა გაბრიჭიძის მიმართ 2 აგვისტოს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სასამართლომ შეიძლება საერთოდაც ვერ იმსჯელოს. როგორც საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, გიორგი ხიმშიაშვილი განმარტავს: „დღევანდელი კანონმდებლობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ თუ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან არ გვაქვს საქმე, პროკურორს შეუძლია არ დაიწყოს ან შეწყვიტოს დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა პირის მიმართ, თუ პირი განრიდების პირობებს დააკმაყოფილებს. სამწუხაროდ, იმის მექანიზმი, რომ პროკურორის აღნიშნული გადაწყვეტილება დაექვემდებაროს სასამართლო კონტროლს, არ არსებობს. განრიდებული პირის ბიოგრაფიაც აბსოლუტურად „სუფთა რჩება“, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მიმართ არ მოქმედებს კანონით დადგენილი შეზღუდვები და მას შეუძლია იმუშაოს ნებისმიერ თანამდებობაზე“.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]აფარებენ თუ არა სამართალდამცავები ხელს კოლეგას, რომელმაც ადამიანი დაჭრა?[/highlight]

ამ რიტორიკული კითხვის პასუხიც რიტორიკულია – გამოძიების ქმედებით თუ ვიმსჯელებთ, დიახ, აფარებენ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სუს-ის თანამშრომელმა 27 წლის მოქალაქე დაჭრა, სამართალდამცავებმა თავიდანვე გაასაიდუმლოეს. ფაქტიდან მეორე დღეს სრულიად ქართული მედია, მათ შორის „ბათუმელებიც“ იუწყებოდა იმის შესახებ, რომ „ღამის კლუბში პოლიციელი დაჭრეს“.

„ბათუმელების“ მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, 2 აგვისტოს, ადამიანის დაჭრის შემდეგ, ლაშა გაბრიჭიძე სიტუაციას თავად სუს-ის თანამშრომლებმა გაარიდეს. ამ უწყებამ იმავე ღამეს გაბრიჭიძე თბილისში წაიყვანა. „ბათუმელებმა“ ვერ მოახერხა იმის გარკვევა, ლაშა გაბრიჭიძის გადაყვანაზე ოფიციალური თანხმობა გასცა თუ არა აჭარის პროკურატურამ, ანუ ორგანომ, რომელიც 2 აგვისტოს მომხდარ ფაქტს იძიებს. ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით, ბათუმში მომხდარ დაჭრის ფაქტზე გამოძიების ჩატარება სწორედ აჭარის პროკურატურის პრეროგატივა იყო.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]სუს-ი და მისი თანამშრომელი[/highlight]

ხალხით სავსე ღამის კლუბში 2 აგვისტოს ღამეს პირად საქმეზე ბათუმში მყოფმა ლაშა გაბრიჭიძემ გაისროლა. „გიდასტურებთ, რომ აღნიშნული პირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია“, – ეს განმარტება სუს-ის პრესცენტრიდან მას შემდეგ მიიღო „ბათუმელებმა“, როცა მათ ვკითხეთ, ნამდვილად ხომ არის ლაშა გაბრიჭიძე უწყების თანამშრომელი.

სუს-ის პრესცენტრში ასევე განმარტეს, რომ 2 აგვისტოს ღამეს ლაშა გაბრიჭიძე სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. პრესცენტრის თქმით, „ის იყო ხელმძღვანელობის მიერ დათხოვნილი და პირად საქმეზე იმყოფებოდა ბათუმში. ამჟამად იმყოფება ბიულეტენზე“.

სუს-ში არ გვეუბნებიან, იარაღი, რომლითაც ლაშა გაბრიჭიძემ ისროლა, უწყებას ეკუთვნის თუ თავად ლაშა გაბრიჭიძის საკუთრებაა. ასევე არ გვიპასუხეს კითხვაზე, რა თანამდებობაზე მუშაობს ის. სუს-ში მიაჩნიათ, რომ უნდა „დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, რომელსაც აჭარის პროკურატურა აწარმოებს.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]რას ამბობს პროკურატურა[/highlight]

„ბათუმელებმა“ აჭარის პროკურატურის საგამოძიებო სამსახურის უფროსს, გიორგი გვარაკიძეს ჰკითხა, დააკავეს თუ არა ლაშა გაბრიჭიძე. „არ იცით თქვენ საქმის ვითარება და ამიტომ ასე მშრალად მეკითხებით, დაკავებული არის თუ არა ეს პირი. ამიტომ გეუბნებით, რომ საქმეზე არის რაღაცები ისეთი, რაც ჯობია ერთიანობაში იცოდეთ. ასე მშრალად რომ ავიღოთ, დაკავებული არის თუ არა, შეიძლება ვთქვათ, რომ არ არის დაკავებული. მერე იტყვიან, უი, რატომ არ არის დაკავებული“, – გვიპასუხა აჭარის პროკურატურის საგამოძიებო სამსახურის უფროსმა.

„გამოძიება რომ დაწყებულია მე ამას გიდასტურებთ, მაგრამ შეიძლება დეტალები გაინტერესებდეთ და მე ამაზე ინფორმაციას ვერ მოგცემთ. დაუკავშირდით პრესცენტრს და სრულ ინფორმაციას მოგაწვდიან“, – გვირჩია გიორგი გვარაკიძემ და დაგვემშვიდობა.

პროკურატურის პრესცენტრში თავდაპირველად „ცოტა დრო“ ითხოვეს ინფორმაციის დასამუშავებლად. მოგვიანებით კი შეგვატყობინეს: „გარდა იმისა, რომ ჩვენთან გამოძიება მიმდინარეობს, სხვა დეტალებს ვერ გეტყვით“.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]ლაშა გაბრიჭიძის სახლში[/highlight]

29 წლის ლაშა გაბრიჭიძე თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ის ახლაც თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში ცხოვრობს პროფესორ მშობლებთან ერთად. ლაშა გაბრიჭიძესთან გასაუბრების მიზნით მის სახლში მისულებს ლაშას მამა დაგვხვდა. მამამ თავდაპირველად გვითხრა, რომ მისი შვილი სუს-ში არ მუშაობს. მოგვიანებით კი თქვა, რომ მისი შვილი სახლში არ იმყოფება და რომც იყოს, ამ თემაზე საუბარი არ სურს. ლაშა გაბრიჭიძეს დავუტოვეთ საკონტაქტო ინფორმაცია იმ შემთხვევისთვის, თუ მოინდომებდა ჩვენთან საუბარს. ის არ დაგვკავშირებია.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]რას ამბობენ „სექტორ 26“-ში[/highlight]

გაბრიჭიძის ოჯახის მსგავსად, თავდაპირველად „სექტორ 26“-შიც ამბობდნენ, რომ 2 აგვისტოს ღამეს მათ კლუბში არაფერი მომხდარა. მოგვიანებით ამ კლუბის პიარსამსახურის ხელმძღვანელმა „ბათუმელებს“ უთხრა, მსმენია, რაღაც რომ მოხდა „სექტორში“, მაგრამ დაზუსტებით არაფერი ვიციო: „ვერ გეტყვით ვერაფერს. იმ მომენტში იქ არ ვიყავი და არ ვიცი არაფერი. ჩვენი თანამშრომელი (დაცვის თანამშრომელი, რომელიც დაიჭრა – ავტ.) სამსახურში არ დაბრუნებულა, მაგრამ ვიცი, რომ კარგად არის… საკონტაქტო არ მაქვს, რადგან მასთან შეხება არ მაქვს“.

პრესცენტრთან საუბრის შემდეგ „ბათუმელებს“ დაურეკა უცნობმა მამაკაცმა, რომელმაც აღნიშნა, რომ „სექტორ 26“-ის მენეჯერია და თქვა, რომ მათ კლუბში არავინ დაუჭრიათ. „ტყუილს ნუ ავრცელებთ“ – კატეგორიულად მოითხოვა მამაკაცმა და ტელეფონი გამორთო. მან თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

როგორ მოხდა ისე, რომ „სექტორ 26“-ში, სადაც დაცვას საგანგებოდ იმისთვის ქირაობენ, რომ კლუბში შეიარაღებული პირი არ დაუშვან, თავად დაცვის თანამშრომელი დაჭრეს? – ეს გვინდოდა გვეკითხა „სექტორ 26“-ში გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლაშა გაბრიჭიძე კლუბის მესაკუთრეების ახლო მეგობარია და ამიტომაც არ გაჩხრიკა დაცვამ ის ღამის კლუბში შესვლის დროს, „სექტორ 26“-ის ერთ-ერთმა მფლობელმა, ჟურნალისტმა გვანცა დარასელმა კატეგორიულად გამორიცხა. მან ასევე თქვა, რომ არ იცის რა მოხდა 2 აგვისტოს, რადგან საქართველოში არ იმყოფებოდა.

სექტორი 26

სექტორი 26

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]რა გაარკვია „ბათუმელებმა“[/highlight]

27 წლის მამაკაცი თენგიზ ა-ი, რომელიც ლაშა გაბრიჭიძემ 2 აგვისტოს დაჭრა, თბილისიდან ჩამოვიდა ბათუმში სამუშაოდ და სამსახურშიც პირველად სწორედ იმ დღეს გავიდა. თენგიზი, როგორც ექიმებმა თქვეს, 2 აგვისტოს, ღამის 3-4 საათის მონაკვეთში, გულმკერდისა და მუცლის არეში შემავალი ჭრილობით შეიყვანეს საავადმყოფოში. მუცლის ღრუში გაჩერებული ტყვია თენგიზის სხეულიდან ექიმებმა ქირურგიული ჩარევის გზით ამოიღეს და პროკურატურას გადასცეს.

თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ იმ ღამით ლაშა გაბრიჭიძეს თენგიზისთვის ზიანის მიყენების განზრახვა არ ჰქონია. იმავე თვითმხილველებს თუ დავეყრდნობით, ლაშა გაბრიჭიძე 2 აგვისტოს ღამეს, მთვრალი იყო.
ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, „გასროლა მოულოდნელად მოხდა“.

ღამის კლუბში მყოფი კიდევ ერთი პირი კი ამბობს, რომ ბევრს არც გაუგია გასროლის შესახებ. ვცეკვავდით, როცა მოულოდნელად გამოაცხადეს, რომ კლუბი იკეტებოდა. გასროლის ხმა ნამდვილად არ გამიგია. უცებ დაიკეტა კლუბი, ყველანი გარეთ გამოგვიშვეს ისე, რომ არავის არაფერი აუხსნია. მალევე დავიშალეთ. კაცის დაჭრის ამბავი მეორე დღეს გავიგე“.

თენგიზ ა-ი საავადმყოფოდან უკვე გაწერს. საავადმყოფოში არც ერთი საათით არ დარჩენილა ლაშა გაბრიჭიძე – მას 2 აგვისტოს ღამეს ბათუმის „რესპუბლიკურ“ საავადმყოფოში „ზედა კიდურის კანის ჭრილობის ძირითადი შეხვევა“ გაუკეთეს. გაბრიჭიძე „რესპუბლიკურიდან“ ჭრილობის შეხვევისთანავე წავიდა. თვითმხილველების ვარაუდით, ლაშა გაბრიჭიძეც თავისივე იარაღიდან გასროლის დროს დაიჭრა.

2 აგვისტოს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით დაიწყო. ეს მუხლი გულისხმობს „ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან, – ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე“.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]არის თუ არა 2 აგვისტოს ღამეს მომხდარი დანაშაული ერთი ჩვეულებრივი კრიმინალური ისტორია?[/highlight]

[checklist]

  • არა, რადგან ცეცხლსასროლი იარაღიდან მოქალაქე სამართალდამცავმა დაჭრა.
  • არა, რადგან სამართალდამცავს, რომელმაც მოქალაქე დაჭრა, დღემდე ბრალი არ აქვს წარდგენილი.
  • არა, რადგან სისხლის სამართლის საქმე, რომელიც პროკურატურას 72 საათის განმავლობაში სასამართლოში უნდა გადაეგზავნა, დღემდე ისევ პროკურატურაშია.
  • არა, რადგან რიგით მოქალაქეს, როგორც წესი, ასეთი დანაშაულის ჩადენისთვის ბრალს აუცილებლად წარუდგენდნენ.

[/checklist]

 

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]რა ხდება მაშინ, როცა ადამიანს ჭრიან[/highlight]

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით თუ მტკიცებულებათა ერთობლიობით გამოიკვეთა, რომ დანაშაული ჩადენილია X პირის მიერ, სამართალდამცავებმა მას ბრალი აუცილებლად უნდა წარუდგინონ. შემდეგი სამართლებრივი ნაბიჯი არის ის, რომ ამ X პირის მიმართ აღკვეთ ღონისძიებაზე აუცილებლად უნდა იმსჯელოს სასამართლომ. მხარეების მოსმენის შემდეგ სასამართლო თავად წყვეტს აღკვეთი ღონისძიების რა ფორმა გამოიყენოს X პირის მიმართ – პატიმრობა, გირაო თუ თავდებობა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) თანამშრომლის, ლაშა გაბრიჭიძის მიმართ, კანონის არც ერთი ეს მოთხოვნა არ იქნა დაცული. თუ ლაშა გაბრიჭიძის მიმართ სასამართლო იმსჯელებდა, შესაძლოა მას სამსახურის შენარჩუნება გასჭირვებოდა, რადგან პირობითი მსჯავრის შემთხვევაშიც კი, ის სუს-ში მუშაობას ვეღარ გააგრძელებდა.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]სხვა შემთხვევები, როცა ასევე პოლიციელმა გაისროლა[/highlight]

21 ივლისს პოლიციელმა არჩილ დევრიშაძემ ქობულეთში მოქალაქეების მისამართით გაისროლა. არც ამ შემთხვევაში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას პოლიციელი. გასროლის შედეგად არავინ დაჭრილა, ამის მიუხედავად არჩილ დევრიშაძე 24 ივლისს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

კიდევ ერთი შემთხვევა, როცა ღამის კლუბში პოლიციის კუთვნილი იარაღიდან გაისროლეს, 2014 წლის 27 დეკემბერს მოხდა ბათუმში. ამ შემთხვევაში გასროლა ტრაგიკულად დასრულდა – ღამის კლუბ „ლეგასში“ თავად პოლიციელი დაიღუპა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი, თარაშ მუკბანიანი, ღამის კლუბში სამსახურებრივი იარაღით იმყოფებოდა და სროლაც მან პირველმა დაიწყო. იარაღი მას იმავე კლუბში მყოფმა რამაზ დევაძემ წაართვა. სასამართლომ დაადგინა, რომ რამაზ დევაძემ თარაშ მუკბანიანი თავისი იარაღით მოკლა. ცნობილ მოჭიდავეს, რამაზ დევაძეს, 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა სასამართლომ.

„შერჩევითი მართლმსაჯულება“ – ამ ფრაზას ახსენებს ყველაზე ხშირად „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი სუს-ის თანამშრომლის ამბის გაცნობის დროს. იგი მიიჩნევს, რომ თუკი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო კონკრეტული პირის მიმართ არ ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, კანონის ერთგვაროვანი გამოყენების პრინციპი ირღვევა, რაც საფრთხეს უქმნის სახელმწიფოებრიობას.

არჩილ ჩოფიკაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პროკურატურამ ღამის კლუბში მომხდარი შემთხვევას სხეულის გაზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლის კვალიფიკაცია მიანიჭა. „როცა ცეცხლსასროლი იარაღით ჭრიან ადამიანს, მაშინვე განზრახ მკვლელობის მუხლის კვალიფიკაციას აძლევს პროკურატურა. დანით მიყენებული ჭრილობის შემთხვევაშიც ხშირად იგივე ხდება, რადგან მუცლის არეში დაჭრეს ადამიანი. ეს მძიმე შემთხვევაა. განზრახ მკვლელობა კი შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს,“ – განმარტავს იურისტი.

სხეულის განზრახ დაზიანების შემთხვევაში კი, პროკურატურა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას ნიშნავს ბრალის წარდგენამდე.

„ამ დასკვნით უნდა დადგინდეს, მართლა იყო თუ არა ამ კატეგორიის დაზიანება. ექსპერტიზას ამ შემთხვევაში სჭირდება დიდი დრო, რადგან იგი იწყება სამედიცინო ბარათის დახურვის შემდეგ და ხდება სამედიცინო დოკუმენტაციის სრული გამოკვლევა. როცა ცეცხლსასროლ ჭრილობასთან გვაქვს საქმე, ამ შემთხვევაში დროულად უნდა მოხდეს რეაგირება და წარედგინოს ბრალი ბრალდებულს. ამისთვის გამოძიებას თვე რომ დასჭირდეს, ან წლები, კანონით ვერავინ მიედავება, მაგრამ დროული რეაგირების პრინციპი დარღვეული იქნება. ვფიქრობ, 2 აგვისტოდან დღემდე საკმაო დროა გასული იმისთვის, რომ პროკურატურას მიეღო პროცედურული გადაწყვეტილება. როცა ასე არ ხდება, არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ არ ხდება ეფექტურად გამოძიება,“ – გვითხრა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი მიიჩნევს, რომ თუ საქმეში პოლიციელი ფიგურირებს, არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, შესაბამისად, „ორმაგი და სამმაგი გამჭვირვალობით უნდა წარიმართოს სამართლებრივი პროცედურები და შესაბამისი განმარტებები გაკეთდეს“.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი სუს-ის თანამშრომლის სავარაუდო სამართალდარღვევას განიხილავდა სასამართლო და გამოიტანდა გამამტყუნებელ განაჩენს? – არჩილ ჩოფიკაშვილი განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში, დამნაშავედ ცნობილი ვეღარ იმუშავებდა სუს-ში და ვერც რომელიმე საჯარო უწყებაში, რადგან „განზრახ დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი, კანონის შესაბამისად, ვერ დაიკავებს თანამდებობას საჯარო სამსახურში, მით უმეტეს, სამართალდამცავ უწყებაში“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: