მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის გზის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

19.09.2017 • 12360
გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის გზის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. სამუშაოებისთვის მიმდინარე და მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მთლიანობაში, 4 997 679 ლარი გამოიყოფა, თუმცა საბოლოო თანხის ოდენობა იმ ტენდერზე იქნება დამოკიდებული, რომელიც დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა.

გზაზე ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოებია:

ტრასის აღდგენა და გამაგრება; არსებული ბუჩქნარის და მცირე ზომის ხეების გაკაფვა; არსებული ელ. გადამცემი ბოძების და კაბელების გადატანა; გვერდულებისა და კიუვეტების გაწმენდა; მიწის სამუშაოები; რკინა-ბეტონის კიუვეტების მოწყობა; რკინა-ბეტონის მილების შეკეთება-მოწყობა; გაბიონის საყრდენი კედლების მოწყობა; არსებული რკინა-ბეტონის ხიდის შეკეთება; სარწყავი წყლისათვის ლითონის მილების მოწყობა; საგზაო სამოსის მოწყობა ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარით; საგზაო ნიშნების მოწყობა; სავალი ნაწილის მონიშვნა და სხვ.

ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 2017 წლის 6 ოქტომბერს დაიწყება და 11 ოქტომბერს დასრულდება.

გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის [კმ 1 – კმ 6 მონაკვეთი] სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან – 14 თვე. მიმწოდებელი ვალდებული იქნება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყება ხელშეკრულების გაფორმებიდან – 10 სამუშაო დღის განმავლობაში.


ბეშუმი – მთის კლიმატური კურორტია ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კმ-ში, ზღვის დონიდან 1850-1900 მ-ზე. კურორტი დაბა ხულოდან 30 კმ-ში მდებარეობს.

კურორტი ბეშუმი / ეკა ბარამიძის ფოტო

კურორტი ბეშუმი / ეკა ბარამიძის ფოტო

მთავარი ფოტო: სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთები / გზების დეპარტამენტის ფოტოები

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: