sectori

სუს-ის თანამშრომელმა 46 დღის წინ მოქალაქეს ესროლა, მისთვის ბრალი ჯერაც არ წარუდგენიათ

2 აგვისტოს ღამის კლუბ „სექტორ 26“-ში მოქალაქე დაჭრეს. გამოძიება პროკურატურამ იმავე დღეს დაიწყო, თუმცა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიუციათ. შესაბამისად, არც სასამართლო განხილვა დაწყებულა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კლუბში მოქალაქე სუს-ის თანამშრომელმა – ლაშა გაბრიჭიძემ დაჭრა. მისთვის ბრალი დრემდე არ წარუდგენიათ. ის დღემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს.

„მიმდინარეობს გამოძიება და ველოდებით გამოძიების შედეგს, ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში. ზუსტად იგივე პასუხი მივიღეთ მორიგ კითხვაზეც – მუშაობს თუ არა ისევ სუს-ში ლაშა გაბრიჭიძე.

კანონის მიხედვით, თუ მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ დანაშაული ჩადენილია კონკრეტული პირის მიერ, სამართალდამცველებმა მას აუცილებლად უნდა წარუდგინონ ბრალი. შემდეგი ნაბიჯი ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაა, რაც სასამართლომ უნდა განიხილოს.

დღეს მოქმედი კანონმდებლობა იძლევა იმის შესაძლებლობასაც, რომ საერთოდ არ მივიდეს საქმე სასამართლომდე. პროკურატურას შეუძლია შეწყვიტოს სისხლის სამართლებრივი დევნა კონკრეტული პირის მიმართ და მასთან განრიდება გააფორმოს. ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან არ გვაქვს საქმე და პირი განრიდების პირობებს აკმაყოფილებს. ამ დროს პირს ისევ შეუძლია იმუშაოს ნებისმიერ სახელმწიფო სამსახურში, მათ შორის – სუს-ში.

2 აგვისტოს ღამის კლუბში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს „ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან.“

დანაშაული ითვალისწინებს სასჯელს გამასწორებელი სამუშაოს ვადით 18 თვემდე, ან თავისუფლების შეზღუდვას სამ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი