„ქართული ოცნების“ დროშიანი პირველკლასელების მშობლები იმავე სკოლაში მუშაობენ

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საბაზო სკოლაში წელს სულ სამი პირველკლასელი ჰყავთ. ამ ბავშვების პედაგოგმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა ფოტოები, სადაც ბავშვები მერხთან „ქართული ოცნების“ დროშებით სხედან. „ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ სამიდან ორი ბავშვის მშობელი სხეფის სკოლაში მუშაობს.

მალხაზ დავითაძე ერთ-ერთი პირველკლასელის მშობელია. ამბობს, რომ ბავშვს სახელისუფლო პარტიის  დროშა სკოლაში სახლიდან არ მიუტანია. მალხაზი სხეფის საბაზო სკოლაში ხელოვნებასა და მუსიკას ასწავლის.

„ბავშვს დროშა სახლიდან არ წაუღია, ვინ მოიტანა სკოლაში, როდის ეს არ ვიცი. როცა ფოტოს ვუღებდი მაშინ შევამჩნიე დროშა, უხაროდა და აფრიალებდა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. ყველაფერი შემთხვევით მოხვდა. როდესაც გამოხმაურება მოჰყვა ამ ფოტოს, მაშინ მივხვდით, რომ დარღვევა იყო“, – ამბობს პედაგოგი.

კიდევ ერთი ბავშვის მშობელი დარიკო ცენტერაძე, რომელიც ამავე სკოლაში საქმის მწარმოებლად მუშაობს, ამბობს, რომ მისმა შვილმა დროშა სახლიდან წაიღო.

„დროშა ბავშვმა სახლიდან წაიღო, რამდენიმე დღის წინ მინისტრთან შეხვედრაზე იყო წასული ჩემი ოჯახის წევრი, დროშები მან მოიტანა, ბავშვს მოსწონდა და ხელში ჰქონდა. რომ მცოდნოდა არ შეიძლებოდა და ეს ამბავი მოყვებოდა, გავატანდი? ახლა რა მოხდება?“ – ამბობს დარიკო.

დარიკოს თქმით, მისმა შვილმა სკოლაში მხოლოდ „ერთი დროშა წაიღო“ და არ იცის, სხვა ბავშვების ხელში როგორ აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ სიმბოლო.

მესამე ბავშვის მშობელი ეკა დავითაძეც იმავეს ამბობს, რომ „დროშა მას არ გაუტანებია: „ფოტოს ამბავიც თქვენგან მესმის. ბავშვი სახლიდან ადრე გავიდა, ქმარმა წაიყვანა. დაზუსტებით ვერ გეტყვით, საიდან აღმოჩნდა დროშა ბავშვის ხელში“.

სხეფის სკოლის დირექტორი ოთარ დავითაძე დღეს აცხადებდა, რომ ქართული ოცნების“ დროშები პირველკლასელებმა სკოლაში თვითონ მიიტანეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი