ენმ: მთავრობა ოფიციალურ ვებგვერდებს წინასაარჩევნო აგიტაციისთვის იყენებს

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, მირდატ ქამადაძემ დღეს, 18 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურს იყენებს და მან გარკვეული მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც მოითხოვა.

„2017 წლის 12 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ“ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარადგინა. აქციაში ჩართული იყო მთელი ადმინისტრაციული რესურსი. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის უმაღლესი საბჭოს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ოფიციალურ ფეისბუქ და ვებგვერდებზე მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ პიარკამპანია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გვერდები იმართება ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით.

ასევე, ამ აქციებში აქტიურად მონაწილეობდა აჭარის განათლების მინისტრი, ინგა შამილიშვილი და ყველაზე საგანგაშო ფაქტი დაფიქსირდა შუახევის მუნიციპალიტეტში, – სკოლის მასწავლებელმა ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ბავშვებს „ქართული ოცნების“ დროშები უჭირავთ ხელში.

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება და განათლების სამინისტრო ზრუნავდეს ქვეყანაში განათლების ხარისხის ამაღლებაზე, ისინი დაკავებული არიან იმით, რომ მოსწავლეები ჰყავთ მმართველი პარტიის საარჩევნო აგიტაციაში ჩართული. გამომდინარე აქედან, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ხელი აიღოს არჩევნების გაყალბების მზადებაზე და დაუყოვნებლივ დადგეს განათლების  მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი,“- განაცხადა ქამადაძემ.

მირდატ ქამადაძე მოუწოდებს აუდიტის სამსახურს და ცენტრალურ საარჩევო კომისიას გამოიკვლიოს ხსენებული ფაქტები და გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ საუბრობს „სამართლიანი არჩევნებიც“, მან სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე წინასაარჩევნო მასალების გამოქვეყნების გამო ცესკოს განცხადებით უკვე მიმართა. 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com