მთავარი,სიახლეები

კონკურსი ხულოს გამგეობაში ახალი თანამშრომლის შესარჩევად

18.09.2017 • 2194
კონკურსი ხულოს გამგეობაში ახალი თანამშრომლის შესარჩევად

მიუხედავად იმისა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება არსებობს და განყოფილებაში ორი თანამშრომელია დასაქმებული, ხულოს გამგებელი, ბესიკ ბაუჩაძე საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში თანაშემწის აყვანას აპირებს გამარტივებული კონკურსით.

კონკურსის პირველი ეტაპი – განცხადების გადარჩევა უკვე დასრულდა. შემდეგი ეტაპი გასაუბრებაა, რომელსაც კონკურსანტები მუნიციპალიტეტის გამგებელთან ან მის უფლებამოსილ პირთან გაივლიან.

რაში სჭირდება თანაშემწე საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში გამგებელს, როდესაც გამგეობას ამ მიმართულებით განყოფილებაც აქვს და ორი თანამშრომელიც ჰყავს? – ხულოს გამგებელი ამბობს, რომ ვაკანსიის დასახელებაში შეცდომა გაეპარათ და საზოგადოებასთან ურთიერთობის ნაცვლად, პრესასთან ურთიერთობა უნდა ყოფილიყო. იგი დამატებით კადრის აყვანის საჭიროებას ასე ხსნის:

„ტელევიზიებს ბიუროები აქვთ, ძალიან ბევრი ჟურნალისტი ინფორმაციას მოითხოვს. იქედან გამომდინარე, რომ მუნიციპალიტეტს თავისი ინტერნეტგვერდი და სოციალური გვერდი აქვს და ჩვენს თანამშრომლებს ბევრი სამუშაო აქვთ, მედიასთან ურთიერთობას დიდი დრო მიაქვს და განყოფილებაში დასაქმებული ორი ადამიანი ამდენ საქმეს ვერ გასწვდება, გადავწყვიტეთ აგვეყვანა დამატებით ერთი თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ პრესასთან ურთიერთობის საკითხებში იმუშავებდა, ასე  ფუნქციებიც გადანაწილდება და უფრო ეფექტური იქნება მუშაობა. იქედან გამომდინარე, რომ პრესასთან ურთიერთობა იდენტურია საზოგადოებასთან ურთიერთობის, საკვალიფიკაციო მოთხოვნები უცვლელი რჩება. კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. გასაუბრება რამდენიმე დღეში ჩატარდება,“ – ამბობს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი, ბესიკ ბაუჩაძე.

ამ დროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდი https://khulo.ge/cgi-sys/suspendedpage.cgi გათიშულია. რაც შეეხება გამგეობის ფეისბუქგვერდს, გვერდზე ბოლო ათი დღის განმავლობაში „აჭარის ტელევიზიის“, „ენპარდისა“ და სააგენტო „ნიუპრესის“ მიერ მომზადებული მასალებია გაზიარებული. გარდა ამისა 15 სექტემბერს, მუნიციპალიტეტის გვერდზე გამოქვეყნებულია ერთი ინფორმაცია, სადაც მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ სკოლების მონახულებაზეა საუბარი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: