მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ეკომიგრანტებისთვის ურეხში სოციალური სახლის დაპროექტებაზე ტენდერი არ შედგა

17.09.2017 • 2352
ეკომიგრანტებისთვის ურეხში სოციალური სახლის დაპროექტებაზე ტენდერი არ შედგა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ურეხის დასახლებაში ეკომიგრანტთათვის სოციალური სახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.

საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამგეობას 25 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული, თუმცა ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო.

ურეხის სოციალური სახლის პროექტირებაზე ტენდერი უკვე მეორედ არ შედგა. გამგეობის სატენდერო კომისიას ჯერ არ უმსჯელია ტენდერს მესამედ გამოაცხადებს, თუ, ვთქვათ სხვა გზით შეიძენენ პროექტს.

მეორე ტენდერის მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, გამარჯვებულს გამგეობისთვის უნდა წარედგინა მის მიერ მომზადებულ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საექსპერტო დასკვნა; პროექტის ავტორი ვალდებული იყო საკუთარი ხარჯით უზრუნველეყო საექსპერტო დასკვნა. ექსპერტიზის დასკვნა კი გაცემული უნდა ყოფილიყო სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან/და სხვა აკრედიტირებული პირის მიერ.

ხელვაჩაურის გამგეობა ვალდებული იყო ეცნობებინა მიმწოდებლისთვის საპროექტო დოკუმენტაციაში რაიმე წუნის (ხარვეზის) აღმოჩენის შესახებ, ხოლო მიმწოდებელი ვალდებული იყო შენიშვნების გაცნობიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით აღმოეფხვრა აღმოჩენილი წუნი.

საპროექტო სოციალური სახლის ძირითადი ტექნიკური მაჩვენებლები [სატენდერო დოკუმენტების მიხედვით]:

[checklist]

  • „სოციალური სახლი უნდა შედგებოდეს: ხუთსართულიანი კორპუსისაგან, პირველი სართულის საცხოვრებელი ბინის იატაკის მიწის ზედაპირიდან ამოწევის მინიმალური სიმაღლე 1.5 მეტრი.
  • სამშენებლო მიწის ნაკვეთის განაშენიანების (კ-1) მაქსიმალური ფართობი 500 კვ/მ.
  • განაშენიანების ინტენსივობის (კ-2) მაქსიმალური ფართობი 2800 კვ/მ.
  • საცხოვრებელი ბინების სავარაუდო რაოდენობა არანაკლებ 25 ბინა, სამშენებლო ფართი არაუმეტეს 3000 კვ/მ;
  • ბინები ფართების მიხედვით მათი საერთო რაოდენობიდან საორიენტაციოდ გადანაწილდეს შემდეგი პროპორციით: 50 კვ/მ-60კვ/მ – 30%, 65 კვ/მ-75 კვ/მ – 40%, 80კვ/მ – 90 კვ/მ – 30%“.

[/checklist]


მთავარ ფოტოზე: ეკომიგრანტებისთვის აშენებული 23 ბინიანი სოციალური სახლი ურეხში, რისთვისაც გამგეობის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 432 786 ლარი იყო გამოყოფილი. გამგეობის ინფორმაციით, 2016 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური სახლის მშენებლობისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა / ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფოტო

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: