სიახლეები

“წიგნები ბათუმში” თებერვალში შვიდ წიგნს გამოსცემს

22.01.2015 • 2445
“წიგნები ბათუმში” თებერვალში შვიდ წიგნს გამოსცემს

 


გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“  მუშაობას სერიით – „ფანტასტიკური ბიბლიოთეკა“ – იწყებს. „კაცი მაღალ კოშკში“, „ყვავილები ელჯერნონისათვის“, „ძნელია ღმერთობა“ და კიდევ ერთი წიგნი, რომლის დასახელებასაც გამომცემლობაში სიურპრიზად ინახავენ, სწორედ ამ სერიით გამოვა.

 

გამომცემლობის დირექტორი ირაკლი ბაკურიძე ამბობს, რომ სერია საკმაოდ დიდი იქნება: „იმედი გვაქვს მკითხველი ძალიან კარგად მიიღებს, რადგან აქამდე ამ წიგნების წაკითხვა შეიძლებოდა ძირითადად ინგლისურად და რუსულად. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ვყოფილიყავით პიონერები. ნაყიდი გვაქვს უფლებები და ვმუშაობთ სხვა წიგნებზეც.“

 

თებერვალში „წიგნები ბათუმში“ ბავშვებისათვისაც გამოსცემს წიგნს – როალდ დალის „არაჩვეულებრივი ბატონი ფოქსი“, ხოლო მოზარდებისა და უფროსებისათვის –  კეტრინ პეტერსონის „ხიდი ტერაბითიაში“.

 


„ამ წიგნების გარდა უკვე 22 წიგნზე ვმუშაობთ, რომელიც მაისში გამოვა და კიდევ რამდენიმე წიგნის გამოცემის უფლების მოპოვებას ვცდილობთ. ორი წელია ვსწავლობთ წიგნის ბაზარზე მოთხოვნებს, ვიცით რა უნდა მკითხველს, რისი მოლოდინი აქვს, ვიცით  რა არაა ნათარგმნი, აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ შეგვერჩია სერია, რომელსაც ერქმევა „ფანტასტიკური ბიბლიოთეკა“, თუმცა სერიის გარეთ გვექნება უამრავი წიგნი, მხატვრული ლიტერატურა და არამხოლოდ.  სამეცნიერო ლიტერატურის გამოცემასაც ვფიქრობთ და გვექნება საბავშვო ხაზიც. უახლოეს თვეებში იგეგმება მონტესკიეს „კანონთა გონის“ გამოცემა“ – ამბობს ირაკლი ბაკურიძე.  

 

მისი თქმით, გამომცემლობისთვის ბათუმში ექვსი, მთლიანად კი 30 ადამიანი მუშაობს – მთარგმნელები, რედაქტორები, დიზაინერები და ასე შემდეგ.

 

გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ამავე სახელწოდების წიგნების მაღაზიის მფლობელებმა ირაკლი ბაკურიძემ და მარი კორინთელმა დაარსეს. ირაკლი ბაკურიძე ამბობს, რომ მათთვის მთავარი ამ საქმის სიყვარული და ის უკმარისობა იყო, რომელიც საქართველოში წიგნის ბაზარზეა: „ეს იყო მთავარი მოტივაცია, რომ დაგვეწყო საქმე. მეორეს მხრივ, ბიზნესის კუთხითაც შესწავლილი გვაქვს ეს სეგმენტი და ვფიქრობთ, რომ წამგებიანი არ იქნება, პირიქით, მოგებაზე არის გათვლილი. ჩვენ გვჯერა, რომ ეს გამომცემლობა თავსაც შეინახავს და უახლოეს მომავალში  აუცილებლად გაფართოვდება. არ ვაპირებთ მცირე გამომცემლობად დარჩენას“. 



გადაბეჭდვის წესი


ასევე: