მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ყინჩაურში მოსწავლეები მშობლებმა პროტესტის ნიშნად სკოლაში არ გაუშვეს

15.09.2017 • 1923
ყინჩაურში მოსწავლეები მშობლებმა პროტესტის ნიშნად სკოლაში არ გაუშვეს

ხულოს მუნიციპალიტეტში, სხალთის თემში, სოფელ ყინჩაურში მცხოვრებმა მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ბავშვები დღეს, დილით სკოლაში არ გაუშვა.

ყინჩაურში ხულოს გამგებლის წარმომადგენლის, იზოლდა სურმანიძის თქმით, მოსახლეობის პროტესტი ჰესების მშენებელი კომპანიის მიერ გაცემული დაპირების [სოფელში სადრენაჟე არხებისა და ნაპირგამაგრებითი სამუშაოების მოწყობა]  შეუსრულებლობამ განაპირობა. იზოლდა სურმანიძე ამბობს, რომ მოლაპარაკება შედგა, რის შემდეგაც, ერთი საათის დაგვიანებით, ბავშვები სკოლაში მივიდნენ.

„დაველაპარაკეთ მოსახლეობას და შევთანხმდით, რომ გამგეობა კომპანიასთან უშუამდგომლებს, რომ დაპირებული სამუშაოები დაჩქარებით განხორციელდეს,“ – განაცხადა იზოლდა სურმანიძემ.

ყინჩაურში მცხოვრები ბავშვები სხალთის საჯარო სკოლაში სწავლობენ. ამ სკოლის დირექტორის, თემურ შაინიძის თქმით, ყინჩაურის მოსახლეობის პროტესტს სასწავლო პროცესისთვის ხელი არ შეუშლია:

„მოსახლეობამ არ გამოუშვა ბავშვები სკოლაში, დაახლოებით 20-25 ბავშვი, ეს სკოლა არ ემსახურება მხოლოდ სოფელ ყინჩაურს, სხვა სოფლის ბავშვებიც დადიან,  სასწავლო პროცესი დროულად განახლდა“.

სხალთის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია 26 ივნისსაც გამართა, ადგილობრივებმა მაშინ უსაფრთხო გარემოში ცხოვრების მოთხოვნით სასოფლო გზა გადაკეტეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: