სიახლეები

20 მეზღვაური ხელფასისა და სახლში დაბრუნების მოლოდინში

22.01.2015 • 1470
20 მეზღვაური ხელფასისა და სახლში დაბრუნების მოლოდინში

 

 

სულიკო ქამადაძე

 

 

 

ბათუმელი  სულიკო ქამადაძე  უფროსი მექანიკოსია. ის ოთხი თვეა რაც ბერძნულ გემზე _ „ასტერისი“ _ მუშაობს, თუმცა კუთვნილი ანაზღაურება დღემდე არ მიუღია.

 

 

„გემი ბერძნულ კომპანია „ვლადიმარინის“  ეკუთვნის. წინასაახალწლოდ ვთხოვეთ გემის მფლობელს, რომ ხელფასები დაერიცხა. დაგვპირდა, თუმცა  დანაპირები არ შეასრულა. ექვს იანვარს გემზე ამოვიდა კომპანიის აგენტი ორ ადგილობრივთან ერთად და მე და ზაზა ჩუგოშვილს იარაღის მუქარით გემი დაგვატოვებინეს. ოთხი ქართველი კი ადგილზე დატოვეს და იძულების წესით ამუშავებდნენ.

 

 

გემზე   ცხრა-ათი მილიონი დოლარის ღირებულების საწვავი იყო და მისი სხვა გემზე გადატვირთვა დაიწყეს.  იარაღის მუქარით გემიდან ჩამოგვყარეს, მე ორჯერ ჩამარტყეს გულის არეში იარაღი, რის გამოც საავადმყოფოში გადაყვანა დამჭირდა. იქედან დავუკავშირდით პოლიციას და დახმარება ვთხოვეთ, თუმცა რეაგირება არ ჰქონია. პოლიციაში ვიღაც სამხედრო მოვიდა და აქეთ დაგვემუქრა“.

 

 

სულიკო ქამადაძე ამბობს, რომ პოლიციიდან ის და ზაზა ჩუგოშვილი პატარა სასტუმროს მსგავს შენობაში გადაიყვანეს და ჩაკეტეს: „დღეში ერთხელ მოჰქონდათ საკვები. ახალი წლის დღეებში კი საერთოდ არ გამოჩენილან. 19 იანვარს მოვიდნენ და პირდაპირ აეროპორტში წაგვიყვანეს“.

 

 

 ამ დროისთვის, „ვლადიმარინის“ ოთხ გემზე 20 ქართველი იმყოფება.  ერთ-ერთ მათგანს, გელა ჩოჩორაშვილს „ბათუმელები“ ტელეფონით დაუკავშირდა. ჩოჩორაშვილის თქმით, ქართველები ამ დროისთვის მიტოვებულ გემზე იმყოფებიან და სახლში დაბრუნებას ელოდებიან:

 

 

„ახლა ოთხი გემი დგას აქ და  20 ქართველი ვართ სულ. ხელფასი არც ერთს არ გვაქვს დარიცხული, რომ სამშობლოში დაბრუნება შევძლოთ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქმის კურსშია და დახმარებას გვპირდებიან.  კომპანიას რამდენიმე თვის ხელფასი აქვს ჩვენთვის გადასახდელი. თვის ბოლომდე უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, თუ არა, მაშინ ბილეთების ფული მაინც დაგვჭირდება, რომ საქართველოში დაბრუნება შევძლოთ“ – ამბობს მეზღვაური.

 

 

სულიკო ქამადაძე  გემზე 31 წელია  მუშაობს. როგორც ის ამბობს, მსგავსი შემთხვევა დღემდე არ ჰქონია.   „ამ კომპანიასთან მანამდე არ მქონია შეხება,  თუმცა ინფორმაცია გადავამოწმე და გემის არასანდოობაზე არავის არაფერი უთქვამს“.     

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: