მთიანი აჭარა,სიახლეები

სოფლის განვითარების ევროპული მოდელი ქედაში

15.09.2017 • 2002
სოფლის განვითარების ევროპული მოდელი ქედაში

არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ი,   ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ქედის მუნიციპალიტეტში ახალი პროექტის – „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისთვის“ –  განხორციელებას იწყებს.

პროექტი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ფონდთან, „დემოკრატიის ინსტიტუტთან“ და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით განახორციელებს, ადგილობრივ მოსახლეობას თვითმმართველობასა და „ამაგის“ [აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანება] წევრებს 14 სექტემბერს ოფიციალურად წარუდგინეს.

შეხვედრა ქედაში

შეხვედრა ქედაში

პროექტის მენეჯერის, ნინო გაფრინდაშვილის თქმით, პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ პრიორიტეტებს ადგილობრივი მოსახლეობა შეარჩევს და დაასახელებს, მანამდე კი სამოქმედო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც იმუშავებს პრიორიტეტების გამოკვეთაზე.

„ამ პროექტში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულება მნიშვნელოვანია. პირველ ეტაპზე სამოქმედო ჯგუფის ფორმირება მოხდება, შემუშავდება სტრატეგია და პრიორიტეტები, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა შეარჩევს, ადგილობრივი მოსახლეობიდან ნებისმიერი დაინტერესებული პირი შეიძლება გახდეს სამოქმედო ჯგუფის წევრი, მეწარმე, ფერმერი, ასევე საჯარო მოხელე თუ ბიზნესმენი. მოსახლეობასთან შეხვედრისას ჩანს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სოფლის განვითარებას სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებაში ხედავს,“ – ამბობს  ნინო გაფრინდაშვილი.

ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე ENPARD-ის პროგრამების მენეჯერმა, ალვარო ორტეგა აპარისიომ ადგილობრივებს სოფლის განვითარების ევროპულ გამოცდილებასა და მიდგომებზე  ესაუბრა და განაცხადა, რომ რვა მუნიციპალიტეტიდან ერთ-ერთი ქედის მუნიციპალიტეტია, სადაც ევროკავშირი სოფლის განვითარებისთვის ოთხი წლის განმავლობაში დაახლოებით ორ მილიონ ევროს ოდენობით  გრანტს გამოყოფს.  მან ადგილობრივებს გრანტის მოსაპოვებლად დაინტერესებისკენ მოუწოდა.

„ამაგის“ თავმჯდომარემ, დავით ფალავანდიშვილმა, შეხვედრაზე ქედაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და თქვა, რომ პრობლემებს ადგილზე სარეალიზაციო ბაზრების,  სარწყავი არხების, შესაბამისი ინფრასტრუქტურის,  სასოფლო მეურნეობაში გამოსაყენებელი ტექნიკური აპარატებისა თუ აგრეგატების არარსებობა ქმნის.

„გლეხი ვერ მოახერხებს საზურგე საწამლავი აპარატით ფაროსანასთან გამკლავებას. იმ თანხით, რაც ლოჯისტიკური ცენტრის აშენებაზე უნდა დახარჯონ, საწამლავი აგრეგატები შეიძინონ, რომ მწერი დროულად მოისპოს. თუ პროდუქცია ვერ მოიყვანა გლეხმა რად უნდა მას ლოჯისტიკური ცენტრი? სარწყავი არხები უნდა მოქმედებდეს, სავარგულები ირწყვებოდეს, ბრენდად ქცეული ქედის პომიდორი ჩაკვდა, ქედაში წარმოებულ თაფლს მისი სახელი უნდა დაერქვას, ეტიკეტი უნდა ჰქონდეს. მოსახლეობამ პირუტყვი შეამცირა, მართალია, არის რეგულაციები, თუმცა არ სრულდება, რაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას რძის წარმოებაში ფასს უმცირებს. იალაღებზე შუქი უნდა იყოს, ნორმალური გზა, რომ მოსახლეობამ გასვლა მოინდომოს და საქონელი მოამრავლოს, ვფიქრობ, ასეთი პრობლემების მოგვარებას უნდა მოხმარდეს გრანტები,“  – განაცხადა დავით ფალავანდიშვილმა.

„ქედის განვითარებას ტურიზმის განვითარებაში ვხედავ, უნდა მოეწყოს საოჯახო ტიპის სასტუმროები, ტურისტული ობიექტები გაიმართოს, ქედა მცირემიწიანია და მარტო სოფლის მეურნეობის განვითარება, ვფიქრობ, არასაკმარიასია,“ – განაცხადა შეხვედრის მონაწილემ, თენგიზ თედორაძემ.

შეხვედრას ქედაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ეკატერინე ზვიადაძეც ესწრებოდა.

21754938_1481878858574482_1341327762_o

21764509_1481878888574479_1313909334_o

გადაბეჭდვის წესი


ასევე: