რატომ არ ტარდება ქიმიური ღონისძიებები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ აჭარის მაღალმთიანეთში

მიუხედავად იმისა, რომ მავნებელი მწერი – აზიური ფაროსანა აჭარის მაღალმთიან სოფლებშიც მომრავლდა და ბოსტნეულსა, თუ მრავალწლოვან ხეხილის ბაღებს ანადგურებს, აქ ქიმიური წამლობით ღონისძიებები არ ტარდება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ აჭარის მთის სოფლებში, აზიური ფაროსანას გავრცელების დონე მავნეობის ეკონომიკურ ზღვარს არ აღემატება, მწერის გარემოში გავრცელების ინტენსივობა დაბალ ზონაში გამოიკვეთა და ქიმიური ღონისძიებებიც შესაბამისად, მხოლოდ დაბლობში ხორციელდება.

„სურსათის ეროვნული სააგენტროს მიერ, გურია-სამეგრელოში თავიდანვე იყო დაგეგმილი წამლობითი ღონისძიებები, აჭარა, თავდაპირველად წამლობით ღონისძიებებში არ მოიაზრებოდა, თუმცა მონიტორინგის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ ფაროსანა ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, თხილის მეურნეობებში იყო გავრცელებული, მონიტორინგის საფუძველზე დაიგეგმა ღონისძიებები და მექანიზაციის საშუალებით, მეთხილე ფერმერების ნაკვეთები გავრცელების ლოკაციებზე ქიმიურად დავამუშავეთ. მთლიანობაში 3 106 ჰექტარი ტერიტორია შეიწამლა, რაც შეეხება აჭარის მაღალმთიან ზონას, აზიური ფაროსანას გავრცელების ინტენსივობა, ამ დროისთვის მავნეობის ეკონომიურ ზღვარს ზემოთ არ არის. რა თქმა უნდა ცალკეულ ზონებში შეინიშნება გავრცელება, მაგრამ გავრცელების ისეთი დინამიკა არ იყო, როგორიც დაბლობში, ამიტომაც სამიზნე ტერიტორიებად დაბალი ზონა შეირჩა“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მამუკა თურმანიძე

მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, სამინისტრო, სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, აჭარის მთიანეთში პირველ ეტაპზე ფაროსანას გავრცელების კერებს შეისწავლის, რის შემდეგადაც დაიგეგმება კონკრეტული პრევენციული ღონისძიებები. რაც შეეხება ქიმიურ ღონისძიებებს, განმარტავს, რომ 2018 წლის გაზაფხულამდე, ქიმიური ღონისძიებები აჭარის მთის სოფლებში არ გატარდება.

„ფაროსანას გარემოში გავრცელების  დაანგარიშების შემდეგ დაიგეგმება კონკრეტული ღონისძიებები აჭარის მთიანი მუნიციპალიტეტებისთვის. დაზამთრებამდე კი მხოლოდ იმ ადგილებში გატარდება წამლობითი ღონისძიებები, სადაც მონიტორინგი განხორციელდ. მართალია მოსახლეობა აჭარის მთიანეთიდან ხშირად მოგვმართავს ფაროსანას გავრცელებასთან დაკავშირებით, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ისეთი გავრცელების ინტენსივობა მაღალმთიანეთში არ არის, როგორც დაბალ ზონაში. აქტიურად ვმუშაობთ, რომ დაბალი ზონის მუნიციპალიტეტებს დამატებით გადავცეთ პრეპარატები, რომლითაც ფაროსანას გავრცელების კერები ქიმიურად დამუშავდეს, ქედა, ხულოსა და შუახევში კი მწერის გავრცელების შეფასება მოხდეს და სამომავლოდ ღონისძიებები გატარდეს, სპეციალისტების რეკომენდაციით პირველ რიგში მასიური გავრცელების კერები უნდა მოისპოს“ – ამბობს მამუკა თურმანიძე.

კითხვაზე, საგანგაშო ვითარება ხომ არ გვაქვს და ხომ არ იქნება დაგვიანებული აჭარის მთის სოფლებში ქიმიური ღონისძიებების გაზაფხულზე გატარება? – მამუკა თურმანიძე პასუხობს: „ნებისმიერი მავნებელის გავრცელება საგანგაშოა. საჭიროა სწორი მუშაობა ფერმერების მხრიდანაც. ქიმიურ ღონისძიებებთან ერთად აუცილებელია მწერის მექანიკური განადგურება მოხდეს. მარტო ქიმიური ღონისძიებით ფონს გასვლა რთულია. აჭარის მთაში, იქ სადაც ფაროსანა მწერი იწყებს გადაადგილებას სახლებსა და ფუღუროებში, მისი შეგროვება განადგურება უნდა უზრუნველყოს მოსახლეობამ. ქიმიური ღონისძიება კარგია მაგრამ მასიური გამოყენების დროს ეკოლოგიური პრობლემებიც შეიძლება გაჩნდეს. რაც შეეხება ქიმიურ ღონისძიებებს, დაგვიანებული არ იქნება“.

ფაროსანას მიერ განადგურებული ჟოლოსა და მაყვლის ბუჩქები ქედაში / ეკა ბარამიძის ფოტოები

ფაროსანას მიერ განადგურებული ჟოლოსა და მაყვლის ბუჩქები ქედაში / ეკა ბარამიძის ფოტოები

21706427_1479547355474299_1357052866_o

ამავე თემაზე:

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლას ვერტმფრენით იწყებენ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი