მთავარი,სიახლეები

„მის საქართველოსთვის“ ბათუმის მერიამ 50 000 ლარი გამოყო, აჭარის განათლების სამინისტრომ – 40 000

14.09.2017 • 3120
„მის საქართველოსთვის“ ბათუმის მერიამ 50 000 ლარი გამოყო, აჭარის განათლების სამინისტრომ – 40 000

სილამაზის კონკურსის, „მის საქართველო 2017“-ის ორგანიზებისთვის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 40 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ამავე ღონისძიების ფინალური საღამოსთვის კი, ქალაქ ბათუმის მერიას – 50 ათასი ლარი. მერიაში განაცხადეს, რომ კონკურსი 30 სექტემბერს გაიმართება, სამინისტროში კი კონკურსის გამართვის ზუსტი თარიღი არ იციან.

„სამინისტრო და ჩვენ ვართ თანადამფინანსებლები. „მის საქართველოს“ ფინალური ტური დაგეგმილია 30 სექტემბერს, ბათუმის მუსიკალური ცენტრის შენობაში. კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში შერჩეული „მისები“ და აქ შეირჩევა საუკეთესო. ჩვენ ვაფინანსებთ უშუალოდ ფინალურ შოუს [ამისთვის გათვალისწინებულ ტექნიკურ მომსახურებას], რამდენადაც ვიცი, სამინისტროს უნდა დაეგეგმა წინამოსამზადებელი სამუშაოები. მერიისა და სამინისტროს მიერ დასაფინანსებელი მომსახურება საერთო ჯამში ემსახურება ამ შოუს მაღალორგანიზებულად ჩატარებას. ღინისძიებას სხვა დამფინანსებლებიც ჰყავს“ – განაცხადა „ბათუმელეთან“ სატელეფონო საუბარში ლამზირა ბოლქვაძემ, ბათუმის მერიის განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსმა.

ბათუმის მერიასა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამის მომსახურებებზე ტენდერი აქვთ გამოცხადებული. მერიის ტენდერში წინადადებების მიღება 15 სექტემბერს მთავრდება, სამინისტროს ტენდერში კი – 25 სექტემბერს.

ამასთან, მერიის ინფორმაციით სილამაზის კონკურსი „მის საქართველო“ უნდა გაიმართოს 2017 წლის 30 სექტემბერს. თუ მერიას დავეყრდნობით, სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსი დაგვიანებულია, იმიტომ, რომ წინადადებების მიღება კონკურსამდე 5 დღით ადრე მთავრდება. სამინისტრომ გამარჯვებული იმავე დღეს რომ გამოავლინოს და ხელშეკრულებაც გააფორმოს, გამარჯვებული მაინც ვერ შეძლებს იმ დავალების შესრულებას, რასაც სამინისტრო ითხოვს. ესაა პროექტის პიარი, პრომოუშენი, ინფორმაციის გავრცელება. კერძოდ:

[checklist]

  • პროექტის პიარ გეგმის გაკეთება, პროექტის ახალი საიმიჯო დიზაინის შექმნა, სარეკლამო
    კამპანიის შეფუთვა;
  • დროებითი ვებ-გვერდის დამზადება, რომელსაც ექნება ონლაინ ხმის მიცემის სისტემის
    შესაძლებლობა;
  • პროექტის ფარგლებში ვიდეო რგოლებისათვის საჭირო აუდიო მასალების დამზადება,
    ვიდეო-რგოლების შექმნა და განთავსება სოც. ქსელებში საიმიჯო რგოლი/სარეგისტრაციო
    რგოლი, კონკურსანტების წარდგენის ვიდეორგოლები, მოსამზადებელი პერიოდის
    ვიდეორგოლები თითოეულს არანაკლებ 40 წამი, რაოდენობა – 6;
  • არანაკლებ 10 000 ფლაერის დარიგება თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის,
    ოზურგეთის, გორის, თელავის ტერიტორიაზე.

[/checklist]

ამასთან, სამინისტროს მითითებული აქვს, რომ მომსახურება უნდა განხორციელდეს 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, მერიას კი – 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. არადა, ორთავე მომსახურება ერთსა და იმავე კონკურსს ეხება.

„დეტალები გავლილია და გადაფარვა-ერთიდაიგივე ღონისძიების დაფინანსება – არანაირად არ მოხდება“ – გვითხრეს ბათუმის მერიაში.

ბათუმის მერიას მომსახურების ვადა გათვლილი აქვს იმაზე, რომ კონკურსი 30 სექტემბერს ჩატარდება, სამინისტროში კი კონკურის ჩატარების თარიღი ამ დრომდე არ იციან. „ღონისძიების ჩატარების კონკრეტული თარიღი დაზუსტდება შემდგომში“ – შენიშვნის სახით აქვს ტენდერის პირობებში მითითებული სამინისტროს.

კითხვაზე, თუ 30 სექტემბერს გაიმართება კონკურსი, რა აზრი აქვს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერს და ხომ არ არის ის ფიქტიური, რომელიმე ერთ კომპანიაზე წინასწარ მორგებული პირობებით? – სამინისტროში გვიპასუხეს – „შემოვიდა ორგანიზატორისგან წერილი, რომ კონკურსის ჩატარების ვადა გადაიწია და ის 20 ოქტომბრამდე ჩატარდება. თუმცა, კონკრეტული თარიღი დაზუსტდება. ამიტომ, სამინისტრომ მომსახურების ვადად აიღო 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი. ამ დროში კი ტენდერით მოთხოვნილი ტექნიკური დავალება არის შესრულებადი“.

სამინისტროს პასუხიდან გამომდინარე სატენდერო პირობების და ვადების შეცვლა გამოდის ბათუმის მერიას მოუწევს, ვინაიდან ტენდერში გამარჯვებულმა მას მომსახურება 30 სექტემბრის ჩათვლით, ანუ კონკურსის გამართვამდე უნდა გაუწიოს, რაც ბუნებრივია, არარეალურია.

 

ჟიურის მაგიდის ესკიზი და სცენის დეკორაცია, რის ანალოგიურსაც სილამაზის კონკურისითვის ბათუმის მერია ტენდერში გამარჯვებულისგან ითხოვს:

ჟიურის მაგიდის ესკიზი /ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული სატენდერო დოკუმენტაციიდან

ჟიურის მაგიდის ესკიზი /ბათუმის მერიის სატენდერო დოკუმენტაციიდან

 

სცენის დეკორაცია ~ /ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული სატენდერო დოკუმენტაციიდან

სცენის დეკორაცია /ბათუმის მერიის სატენდერო დოკუმენტაციიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: