ჩემი ხუთი დღე

თაკო ჭანიძე, მე-11 კლასის მოსწავლე

პირველად როცა გავიგე, რომ მწვანე ბანაკში მიმიღეს, სიხარულისგან ადგილს ვერ ვპოულობდი. მახსოვს, რამდენიმე ჩემს მეგობარსაც ვახარე ეს ამბავი. ერთი სული მქონდა იქ როდის ჩავიდოდი – ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდი, რომ საინტერესო თავგადასავალი მელოდა.

ბანაკი იმაზე განსხვავებული აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდი – დასაწყისში გამიჭირდა იქ ყოფნა, გამიჭირდა, რადგან არ ვიყავი მიჩვეული ბანაკურ პირობებში ცხოვრებას, მაგალითად, დღის დატვირთულ განრიგს. თუმცა ბანაკიც ხომ სწორედ ეს არის – გიბიძგებს გამოხვიდე შენი კომფორტის ზონიდან.

მე, ისევე როგორც სხვა ბანაკელები, აქტიურად ჩავერთეთ გარემოს დასუფთავებასა და გაჯანსაღებაში, რასაც აქამდე ნაკლებად ვაქცევდი ყურადღებას. ნათლად დავინახე, რა ზიანი ახლავს ადამიანის გარემოსადმი დაუდევრობას და ისიც, თუ როგორ შემიძლია შევცვალო ყველაფერი უკეთესობისკენ. მწვანე ბანაკმა მომცა შესაძლებლობა გამეგო მეტი ჩვენი საცხოვრებელი გარემოს შესახებ და შემეტანა ჩემი წვლილი მის გაჯანსაღებაში.

ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ პირველად აქ გავსინჯე კოცონზე შეწიწკინებული ზეფირი (ფილმებში რომ არის სწორედ ისე) და კოცონთან პლედშემოხვეულმა ვიმღერე, ისე, რომ წვიმისთვისაც კი არ მიმიქცევია ყურადღება.

იმ ხუთმა დღემ, რაც ბანაკში დავყავი, უამრავი რამ დამიტოვა –  ახალი შესაძლებლობები აღმოვაჩინე, უკეთ გავიცანი საკუთარი თავიც. ეს იყო ადგილი, სადაც შევძელი გამომემჟღავნებინა ჩემი კრეატიული მხარე, რომლის წყალობითაც ჩემი საიდუმლო მეგობრის (ერთ-ერთი აქტივობა) გული გავახარე და სახლში ხელნაკეთი „სიზმრებმჭერიც“ ჩამოვიტანე.

ეს ჩემი პირველი ბანაკი იყო და ამაზე უკეთესს, პირველ ჯერზე, ალბათ, ვერც ვინატრებდი. მწვანე ბანაკმა გაბრწყინების საშუალება მომცა – შევძელი ყველასათვის მეჩვენებინა, თუ ვინ ვიყავი და რას წარმოვადგენდი. მიხარია, რომ მივიღე მსგავსი გამოცდილება, დარწმუნებული ვარ ეს მომავალშიც გამომადგება.

ყველაზე მეტად რაც იქ გატარებული დღეებიდან დამამახსოვრდა, არის ის გარემო, რომელსაც ჩვენი ლიდერები, მშვიდობის კორპუსის მოხალისეები და, რაც მთავარია, ბავშვები ქმნიდნენ. ყველაფრის აღწერა, რაც აქ განვიცადე, უბრალოდ, შეუძლებელია. მივხვდი, რომ ამ ხუთი დღის მანძილზე სხვა მონაწილეები და-ძმებივით შემიყვარდა, სახლში დაბრუნებულს კი ისინი მენატრებიან და მათთან მიმოწერას ღამითაც კი არ ვწყვეტ.

ჩემს ფოტოებზე აღბეჭდილი მაქვს ლაშქრობა ულამაზეს აჯამეთის ტყეში. ხშირად ამბობენ, რომ  ფოტოები კარგი ხერხია მოგონებების შესანარჩუნებლად. თუმცა, ამ შემთხვევაში, ფოტოები სულაც არ არის საჭირო, რადგან იქ გატარებული ყოველი წამი სათანადოდ აღიბეჭდა ჩემს გონებასა და გულში.

ბანაკში

ბანაკში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თაკო ჭანიძე