მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

კარს მომდგარი ახალი სასწავლო წელი და სკოლები პედაგოგების მოლოდინში

13.09.2017 • 3057
კარს მომდგარი ახალი სასწავლო წელი და სკოლები პედაგოგების მოლოდინში

Pedagogi.ge-ზე აჭარის მთის სკოლებიდან ამ დროისთვის  ექვს სკოლას აქვს ვაკანსია გამოცხადებული – ჟანივრის, ღორჯომის, პაპოშვილების, ინწკირვეთისა და გოგაძეების სკოლას. თუმცა, რესურსცენტრების უფროსების ინფორმაციით, აჭარის მთიანეთში საჯარო სკოლებში გაცილებით მეტი ვაკანტური ადგილია და პედაგოგთა ნაკლებობა დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. აქ, ძირითადად, საბუნებისმეტყველო საგნებისა და უცხო ენის [ინგლისური] პედაგოგების ნაკლებობაა.

ბოლო ვაკანსია Pedagogi.ge-ზე 12 სექტემბერს, ჟანივრის სკოლამ გამოაცხადა. ამ სკოლას მათემატიკის საგნის პედაგოგი სჭირდება მე-5-მე-8 კლასებში. მათემატიკის პედაგოგის ვაკანსიაა გამოცხადებული მე-7-მე-10 კლასებში ქედის მუნიციპალიტეტის დანდალოს სკოლაშიც.

შუახევის მუნიციპალიტეტის გოგაძეების სკოლაში მე-2-მე-12 კლასებში ვაკანტურია ინგლისური ენის საათები, ამავე მუნიციპალიტეტის პაპოშვილების სკოლას მე- 7-მე-9 კლასებში საქართველოსა და გეოგრაფიის პედაგოგი სჭირდება, ინწკირვეთის სკოლას მე-5 – მე- 12 კლასებში საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის პოედაგოგი.

შუახევის რესურსცენტრის უფროსი, ედუარდ გოგრაჭაძე ამბობს, რომ შუახევში წელსაც, წინა წლების მსგავსად, კვლავ უცხო ენისა და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები სჭირდებათ. პრობლემის გადაჭრას კი საქართველოსა და აჭარის განათლების სამინისტროები პროგრამებით ცდილობენ. ხოლო  Pedagogi.ge  – ზე  ვაკანსიებს, რესურსცენტრის უფროსის განმარტებით, სკოლები თავის დაზღვევის მიზნით აცხადებენ.

„დაახლოებით 17 სკოლაში გვქონდა ვაკანსია, რის შესახებაც ინფორმაცია სამინისტროებს მივაწოდეთ, დეფიციტური იყო ძირითადად ინგლისური ენის, მათემატიკისა და ფიზიკის საგნის პედაგოგები. დეფიციტი უმრავლესობაში შეივსო, თუმცა აღსანიშნავია, ისიც რომ სამინისტროს, პედაგოგების დეფიციტის შესავსებად გამოცხადებული კონკური ჯერ არ დასრულებულა და ვიმედოვნებ, არსებული ვაკანსიები პროგრამულად შეივსება,“ – ამბობს ედუარდ გოგრაჭაძე.

იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროს პროგრამის ფარგლებში კონკურსით პედაგოგთა დეფიციტი ვერ აღმოიფხვრება, ედუარდ გოგრაჭაძე პრობლემის გადაჭრას პედაგოგების დროებით აყვანაში ხედავს.

„რადგანაც მიგრაციული პროცესები აქტიურია მთებში, დეფიციტი მატულობს, ცდილობენ ქალაქში გადასვლას და იქ მუშაობას. წარმატებული პედაგოგები ქალაქშიც იოლად პოულობენ სამსახურს. რაც შეეხება არსებულ პრობლემას დეფიციტთან დაკავშირებით, თუ ვერც პროგრამით ვერ მივიღეთ პედაგოგი, რომელიც კანონის შესაბამისად არსებულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს და  ვერც საიტზე ატვირთული ვაკანსიით, სკოლებში, სადაც საგნების პედაგოგები გვჭირდება, მოვალეობით ავიყვანთ სპეციალისტებს ერთი წლის ვადით“ .

ხულოს რესურსცენტრის უფროსის, ედუარდ მიქელაძის ინფორმაციით, ხულოს საჯარო სკოლებში ამ დროისთვის 16 ვაკანტური ადგილია.

„ვაკანტური ადგილების ნაწილი საქართველოს განათლების სამინისტროს პროგრამით შეივსო, ამ დროისთვის 16 ვაკანსიაა, ძირითადად ინგლისური ენისა და ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგთა დეფიციტია, აჭარის განათლების სამინისტროს კონკურსის პარალელურად ვაკანსიები გამოაცხადა სკოლებმა, გავესაუბრეთ პედაგოგთა მსურველებს და თუ კონკურსის დასრულების შემდეგ ვაკანსიები ისევ დარჩება, პედაგოგებს დროებით მოვალეობის შემსრულებლად ავიყვანთ,“ – ამბობს ედუარდ მიქელაძე.

რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტში არსებულ სკოლებს, ქედის რესურსცენტრის უფროსის, დურმიშხან შავიშვილის ინფორმაციით, დანდალოს სკოლის პედაგოგი უკვე გამოინახა, სხვა სკოლებში კი საჭირო ოდენობის პედაგოგები ჰყავთ.

სამინისტროს პროგრამებით, პედაგოგთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება იმ პედაგოგს აქვს, რომელსაც საგანში გამოცდა აქვს ჩაბარებული ან სქემაშია ჩართული. თუმცა, თუ სკოლა პედაგოგის გარეშე რჩება და კონკურსით შესაბამისი პედაგოგი ვერ გამოვლინდა, სკოლა უფლებამოსილია, საგნის პედაგოგი ხელშეკრულებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად აიყვანოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: