BT QAVER

ბათუმის მერია კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების დამტკიცებისთვის ემზადება

ბათუმის მერია კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების დამტკიცებისთვის საჭირო მოსამზადებელ სამუშაოებში 20 ათას ლარს გადაიხდის. შესაბამის მომსახურებაზე მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს „ბათუმის ისტორიული ნაწილის დამცავი ზონების დამტკიცებისათვის საკმარისი მონაცემების შეგროვება და მერიისთვის მიწოდება ქალაქის ისტორიული ნაწილის შეუსაბამო ქალაქგეგმარებითი და არქიტექტურული ინტერვენციებისაგან დაცვის უზრუნველსაყოფად“.

ტენდერში გამარჯვებულს ევალება:

  • ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონების პროექტებისათვის განმარტებითი ბარათის-საინფორმაციო პაკეტის მერიისთვის წარდგენა;
  • ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონების პროექტებისათვის განმარტებითი ბარათის-საინფორმაციო პაკეტის წარდგენა.

მერია შემსრულებელს მიაწვდის მის ხელთ არსებულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას [ტექნიკური დავალება იხილეთ ამ ბმულზე]. დავალება ტენდერში გამარჯვებულმა ორი თვის განმავლობაში უნდა შეასრულოს.

დამცავი ზონების პროექტისათვის საჭირო საკმარისი მონაცემები მერიას უნდა წარედგინოს ორ-ორ ეგზემპლარად – „მყარი და ციფრული ვერსიების“ სახით. წინადადებების მიღება 19 სექტემბერს დაიწყება და 21 სექტემბერს დასრულდება.

მერიის პირობის თანახმად, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის სირთულისა და შინაარსის [კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების, მათ შორის ისტორიული განაშენიანების, განაშენიანების რეგულირების, ისტორიული ლანდშაფტის ზონების დადგენის პროექტის შემუშავების კუთხით] მომსახურება.

____________________

ამავე თემაზე: 

ქალაქი შენი ფანჯრიდან 

რა გადაწყდა „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრებისა და ბათუმის მერის შეხვედრაზე 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com