მთავარი,სიახლეები

„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი: ბურჯანაძეს და ევროპულ საქართველოს საერთო ღირებულებები აქვთ

11.09.2017 • 9370
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი: ბურჯანაძეს და ევროპულ საქართველოს საერთო ღირებულებები აქვთ

ელგუჯა გოგმაჩაძე  2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატია ქობულეთში. ელგუჯა გოგმაჩაძე ქობულეთის საკრებულოში ნინო ბურჯანაძის პარტიიდან იყო შესული. ახლა ის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრია.

როგორც „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნა, მან ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ ორი წლის წინ დატოვა. თუმცა, როგორც გოგმაჩაძე ამბობს, მას პარტიულ ღირებულებებთან შეუთავსებლობა არ ჰქონია. „პარტია პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დავტოვე. მიზეზებს არ ვახმაურებ, თუმცა ღირებულებების გამო არ ყოფილა“, – გვეუბნება ის.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რა ნიშნით გააკეთა „ევროპულმა საქართველომ“ არჩევანი თქვენზე? ელგუჯა გოგმაჩაძე ამბობს, რომ „იყო პირადი ურთიერთობებიც და ფასეულობებიც“.

„არანაირი განსხვავება არ არის. ნინოსაც ევროპული საქართველო უნდა, ოღონდ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობით. ნინო ბურჯანაძეს არ უთქვამს, რომ ევროპა არ გვინდაო. შეხვედრები კი ჰქონდა რუსეთში, მაგრამ ეს პრორუსულობად არ შეიძლება ჩაითვალოს“, – გვეუბნება ის.

ბურჯანაძე  საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანების წინააღმდეგია, თუმცა ელგუჯა გოგმაჩაძის აზრით, არც ეს ფაქტი არ მიუთითებს ბურჯანაძის პარტიის პრორუსულობაზე.

„არც ევროპული საქართველო“ ფიქრობს იმას, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ უნდა გაგრძელდეს. ის მეზობელია ჩვენი“.

„ბათუმელები“ ევროპული საქართველოს აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელსაც დაუკავშირდა. რაულ თავართქილაძის თქმით, არჩევანი ელგუჯა გოგმაჩაძეზე იმიტომ შეაჩერეს, რომ მას ბურჯანაძის პარტიასთან საერთო ღირებულებები აღარ აკავშირებდა.

„ის არ იზიარებდა ამ პარტიის იდეებს და ამის გამო დატოვა პარტია. ის იზიარებს დასავლურ, ევროპულ ღირებულებებს და იმიტომაც არის ჩვენთან“.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

ელგუჯა გოგმაჩაძე. „ევროპული საქართველოს“ ქობულეთის მერობის კანდიდატი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

ელგუჯა გოგმაჩაძე,  „ევროპული საქართველოს“ ქობულეთის მერობის კანდიდატი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: