მთავარი,სიახლეები,სპორტი

ბათუმში სპორტის სასახლის მშენებლობა დათქმულ ვადაში ვერ დასრულდა – მთავრობის განმარტება

12.09.2017 • 7123
ბათუმში სპორტის სასახლის მშენებლობა დათქმულ ვადაში ვერ დასრულდა – მთავრობის განმარტება

ბათუმში ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა წელს ზაფხულში უნდა დასრულებულიყო. აჭარის მთავრობაში ირწმუნებოდნენ, რომ ამ სასახლეში წელსვე ევროპის ჩემპიონატი ჩატარდებოდა ხელბურთში, თუმცა ჯერ მშენებლობა არ დამთავრებულა. ახალი კომპლექსი იმ პროგრამის შემადგენელი ნაწილია, რომლის განხორციელებისთვის სახელმწიფო 54 მილიონი აშშ დოლარს დახარჯავს. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ ვერ დასრულდა მშენებლობა და როდის არის დაგეგმილი კომპლექსის გახსნა.

IMG_20170911_162849

სპორტის სასახლის მშენებლობა ბათუმში / 11.09.2017 / ხედი სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩიდან / თედო ჯორბენაძის ფოტო

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში თავდაპირველად გვითხრეს, რომ მშენებლობის დასრულების ვადა გადაიდო, რაზედაც არსებობს ქვეყნის მთავრობის დადგენილებაც.

„ჩვენი ინფორმაციით, მშენებელი კომპანია ობიექტს ჩაგვაბარებს სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს, სადაც შემდეგ სამინისტოს დარჩება გარკვეული სამუშაოები შესასრულებელი. დეტალებზე შეგიძლიათ „სპორტმშენსერვისს“ დაუკავშირდეთ“, – გვითხრეს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

რა მიზეზით გადაიდო მშენებლობის დასრულების ვადა და როდის დასრულდება მშენებლობა? – ამ კითხვებით „სპორტმშენსერვისს“ მივმართეთ, საიდანაც ისევ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გადაგვამისამართეს.

„ობიექტი უნდა ჩაგვბარდეს 2017 წლის 5 დეკემბერს. მშენებლობის დასრულების ვადის გადაწევა გამოიწვია იმან, რომ აჭარის მთავრობამ შეგვიცვალა ტერიტორია, სადაც მშენებლობა იყო დაგეგმილი“, – გვითხრეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში.

როდის შევა ბათუმის სპორტის სასახლე ექსპლუატაციაში, სამინისტროში არ აკონკრეტებენ.

აჭარის მთავრობაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საწყის ეტაპზე დადგა ტერიტორიის ადგილმონაცვლეობის საკითხი, ვინაიდან პროექტი იყო გაცილებით მასშტაბური და ის თავიდან შეთავაზებულ ტერიტორიაზე ვერ განხორციელდებოდა. საბოლოოდ შეირჩა ის მისამართი, სადაც შენდება ობიექტი.

სპორტის სასახლე ბათუმში იმავე მისამართზე შენდება, რა მისამართიც თავიდანვე იყო მითითებული – ხიმშიაშვილისა და ორბელიანის ქუჩების კვეთა. მშენებლობასთან გამოკრულ საინფორმაციო დაფაზე კი მშენებლობის დასრულების ვადად 2017 წლის სექტემბერია მითითებული. მშენებელ კომპანიაში გვითხრეს, რომ მშენებლობა სექტემბერში ვერ დასრულდება.

სპორტის სასახლის მშენებლობა ბათუმში სელიმ ხიმშიაშვილისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩების კვეთაში მიმდინარეობს

სპორტის სასახლის მშენებლობა ბათუმში სელიმ ხიმშიაშვილისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩების კვეთაში მიმდინარეობს


„სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით რეგიონში რამდენიმე მასშტაბური პროექტის განხორციელება უკვე მიმდინარეობს.  ამ ეტაპზე ბათუმში, ყინულის სასახლის მიმდებარედ, დაწყებულია მულტიფუნქციური სპორტის სასახლის კომპლექსის მშენებლობა, რომლის დარბაზები ჯამში 3100 მაყურებელზე იქნება გათვლილი. სპორტული ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წლის აგვისტოში  დასრულდება და ობიექტი წელსვე უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს ხელბურთში“ – ეს განცხადება აჭარის მთავრობამ 2017 წლის იანვარში გააკეთა, როცა ცნობილი გახდა, რომ ფიროსმანის ქუჩაზე არსებული სასპორტო სკოლის ტერიტორია და ორი შენობა აჭარის მთავრობამ კერძო კომპანიას მიყიდა. მთავრობის გადაწყვეტილებას მაშინ საზოგადოების პროტესტი მოყვა.

ბათუმში, ხიმშიაშვილისა და ორბელიანის ქუჩების გადაკვეთაზე [ყინულის სასახლესთან] სპორტის სასახლის საძირკველში სიმბოლური კაფსულა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელთან ერთად, 2016 წლის 4 ოქტომბერს ჩაუშვა.

იმავე დღეს, სამინისტროს ინფორმაციით, მშენებლობის ადგილზე გაფორმდა ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, „სპორტმშენსერვისის“ დირექტორმა ლევან ტარყაშვილმა და მშენებელი კანადური კომპანია „ბეჰლემ ინდუსტრის“ გენერალურმა დირექტორმა შონ ლეპენმა.

ის, რომ ობიექტის მშენებლობა 2017 წლის ზაფხულში დასრულდებოდა, სიმბოლური კაფსულის ჩადების დღესვე გაავრცელა სამინისტრომ. ობიექტის დასრულების ეს თარიღი შემდეგ აჭარის მთავრობამაც გაიმეორა.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება და 2016-2017 წლებში საქართველოში სამი მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობას ითვალისწინებს.

„პირველ ეტაპზე სპორტის სასახლეები აშენდება თელავში, ბათუმსა და გორში. პროექტის პირველი ეტაპის ღირებულებაა 33 850 000 აშშ დოლარი, ხოლო სრული პროგრამის ღირებულება, მეორე ეტაპის ჩათვლით 54 350 000 დოლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს კანადური კომპანია „ბეჰლენ ინდუსტრი“ გაუძღვება. სამი სპორტული ობიექტის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დაიწყება და 2017 წლის ზაფხულში დასრულდება“ – აღნიშნული იყო სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სპორტის სასახლის მშენებლობა ბათუმში / 11.09.2017 / ხედი სულხან-საბა ორბელიანის ქუჩიდან / თედო ჯორბენაძის ფოტო

სპორტის სასახლის მშენებლობა ბათუმში / 11.09.2017 / ხედი სულხან-საბა ორბელიანის ქუჩიდან


ბათუმში, ლეონიძის ქუჩის #15-ში, ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობას აჭარის მთავრობაც გეგმავს. მშენებლობას კურირებას შპს „სტადიონი“ გაუწევს. მშენებლობისთვის 66 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ამ შემთხვევაში კომპლექსის დასრულების ვადა მშენებლობის დაწყებამდე უკვე დაირღვა. პირველად გამოცხადებული ტენდერის პირობების მიხედვით სპორტული კომპლექსის დასრულების „სავალდებულო ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 კალენდარული თვე“ იყო, თუმცა, ეს ტენდერი არ შედგა. ხელახლა გამოცხადებული ტენდერის პირობებით კი 11-თვიანი პერიოდი 16 თვემდე გაიზარდა.

მეორე ტენდერის დასრულების შემდეგ კი შპს „სტადიონს“ დავების საბჭოში უჩივლეს. ამ უკანასკნელმა აჭარის მთავრობის შპს „სტადიონი“ გაამტყუნა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: