მთავარი,სიახლეები

რა ღონისძიებები გაატარა სახელმწიფომ ახალსოფელში, სადაც ჯილეხი გამოვლინდა

10.09.2017 • 2869
რა ღონისძიებები გაატარა სახელმწიფომ ახალსოფელში, სადაც ჯილეხი გამოვლინდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წელს ჯილეხით პირუტყვის დაავდების ათი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან რვა შემთხვევაში დაავადება ოფიციალურად დასტურდება, ორ  შემთხვევაში კი ლაბორატორიული მოკვლევა გრძელდება. ჯილეხის ბოლო შემთხვევა აჭარაში რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა, – პირუტყვისგან ადამიანზე გადამდები დაავადებით ადამიანი გარდაიცვალა.

რა პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს ჯილეხთან საბრძოლველად სახელმწიფო და ხორციელდება თუ არა მსხვილფეხა თუ წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია საკარანტინო დაავადებაზე მაშინ, როცა ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებით ადამიანები დღემდე იღუპებიან? სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა ავალიანი განმარტავს, რომ სახელმწიფო პროგრამით ვაქცინა ჯილეხზე პირუტყვს მხოლოდ იმ სოფლებში უკეთდება, სადაც ჯილეხის ფაქტი ფიქსირდება, სხვა შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამით მსხვილფეხა თუ წვრილფეხა საქონლის ვაქცინაცია ჯილეხზე არ ტარდება.

„ვაქცინაციის გეგმაში ის სოფლებია ჩართული, სადაც ჯილეხის კერებია, საქართველოში ასეთი 2 000-მდე კერა ფიქსირდება. თუ 2012-2013 წლებში საქონელში ჯილეხის 40 შემთხვევა ვლინდებოდა, გასულ წელს 18 შემთხვევა დაფიქსირდა, წელს კი მხოლოდ 10 შემთხვევა. რაც შეეხება ახალსოფელს, სადაც დაავადება რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა, ეს აქ პირველი შემთხვევაა, შესაბამისად, ამ სოფელში მანამდე ვაქცინა ვერ ჩატარდებოდა. მომიჯნავე სოფელ გონიოს რაც შეეხება, 1943 წელს გვაქვს ჯილეხის შემთხვევა გამოვლენილი და მომიჯნავე სოფლებიდან მხოლოდ აქ ტარდება პირუტყვის ვაქცინა. ახლა, რაც ახალსოფელშიც გამოვლინდა შემთხვევა, აქაც  ჩავუტარეთ დეზინფექცია. ვაქცინა ჩაუტარდა სოფელში არსებულ ყველა ცხოველს, ვაქცინა უტარდება მომიჯნავე სოფლების პირუტყვსაც“, – აცხადებს ლაშა ავალიანი.

ლაშა ავალიანის თქმით, ქვეყანაში არსებული ყველა მსხვილფეხა თუ წვრილფეხა პირუტყვის აცრა ჯილეხის ვაქცინით მხოლოდ იმიტომ არ ხდება, რომ „ერთი მხრივ, ეს დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, მეორე მხრივ კი, არ არის რეკომენდებული ვაქცინის გამოყენება მასიურად. ჩვენ უცხოელი კოლეგებისა თუ  ექსპერტებისგან ასეთი რეკომენდაცია მივიღეთ, რომ მხოლოდ რისკის ზონებში განხორციელდეს ჯილეხის ვაქცინა“.

მოიკვლია თუ არა სააგენტომ ახალსოფელში ჯილეხით დაავადებული საქონლის ხორცი? – ამ კითხვის პასუხად ლაშა ავალიანი ამბობს:

„მოკვლევა ჩავატარეთ, პირუტყვის მესაკუთრემ მიგვითითა ტერიტორია, სადაც ცხოველი გადააგდო, ადგილზე მისულ ჩვენს თანამშრომლებს პირუტყვის ტყავი და ნაწილები დახვდა, რომელიც გაუვნობელყოფილია. შესაძლოა ხორცი ცხოველებმა დაგლიჯეს, ამაზე დაზუსტებით რაიმეს თქმა შეუძლებელია. ის, რომ ჯილეხით დაავადებული საქონლის ხორცი ბაზარზე გაიყიდა, ამის არანაირი მტკიცებულება არ გვაქვს. შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მაშინ მივიღეთ, როდესაც ადამიანი გარდაიცვალა, ჯილეხით მეორე შემთხვევის დროს დავრდომილი პირუტყვის ხორცი უნდა დაიწვას“.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაინფიცირებული ცხოველის გაუვნებელყოფისთვის 2013 წელს ორი ინსინერატორი შეიძინა, რისთვისაც 817 900 ლარი დახარჯა. სააგენტოს ინფორმაციით, 2013 წელს შეძენილი ორივე ინსინერატორი მოქმედია და მხოლოდ მაშინ გამოიყენებენ, როცა გასანადგურებელია რამდენიმე ერთეული ცხოველი. სხვა შემთხვევაში სააგენტო დანადგარს არ იყენებს. შესაბამისად, ეს დანადგარი არც ახალსოფელში გამოვლენილი ცხოველის გაუვნებელსაყოფად გამოუყენებიათ.

სტატისტიკური მონაცემებით, 2015 წელს ქვეყნის მასშტაბით 1 443 000 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 1 232 000 ცხვარი, თხა და 268000 ღორი იყო. სააგენტოს მონაცემებით, წელს სულ 876 878 ცხოველს ჩაუტარდა ვაქცინა, აქედან 310 941 მსხვილფეხა და 562 838  წვრილფეხა პირუტყვი აიცრა ჯილეხზე.

ჯილეხი ანუ ციმბირის წყლული ცხოველებისა და ადამიანის მწვავე ბაქტერიული დაავადებაა, რითაც ხშირ შემთხვევაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ავადდება. საქონლის სხეულში მოხვედრილი ჯილეხის ბაცილა იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ  2-3 დღეში ან რამდენიმე საათში მას კლავს. ადამიანი ჯილეხით დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტით ან დაავადებული საქონლის ხორცის მიღებით ავადდება, ადამიანი ჯილეხით ავადმყოფ ცხოველთან შეხებითაც ინფიცირდება, დაინფიცირებას იწვევს ხორცპროდუქტების დამუშავება, ლეშის აღება, ავადმყოფი ცხოველის რძის მიღება, ადამიანი ასევე შეიძლება დაავადდეს საქონლის ტყავის ქურქისგანაც კი.

ჯილეხით ცხოველის დასნებოვნება საკვებით ან წყლით ხდება, საკვების გარდა პირუტყვი შესაძლოა დაინფიცირდეს ჩასუნთქვით.

დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა  არამარტო მიმდებარე ტერიტორიის ქიმიური დამუშავება, არამედ ცხოველის გაუვნებელყოფაც.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: