ახალი სპორტული კომპლექსის პროექტზე  შპს „სენსონმა“ იმუშავა

დავა 66 მილიონზე – დავების საბჭომ აჭარის მთავრობის შპს გაამტყუნა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ „საბა კონსტრაქშენისსაჩივარი შპს „სტადიონის“ წინააღმდეგ წუხელ დააკმაყოფილა. „საბა კონსტრაქშენი“ ითხოვდა იმ დისკვალიფიკაციის გაუქმებას, რომელიც მას შპს „სტადიონის“ შესყიდვების კომისიამ მისცა [ოქმი #2].

საკითხი ეხება ბათუმში, ლეონიძის ქუჩის #15-ში, ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობას, რაშიც „სტადიონი“ 66 მილიონის დახარჯვას გეგმავს. ამ სპორტული კომპლექსის მშენებლობა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ბათუმის სპორტსკოლის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელები ფიროსმანის ქუჩაზე [არდაგანის ტბასთან] ხელისუფლებამ „ორბი ჯგუფს“ მიჰყიდა.

„სტადიონმა“ კომპლექსის მშენებლობაზე ხელახალი ტენდერი [პირველი ტენდერი არ შედგა] 11 აგვისტოს გამოაცხადა. მეორე ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა. ტენდერის დასრულების შემდეგ „სტადიონის“ შესყიდვების კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა „საბა კონსტრაქშენს“, რომელმაც ელექტრონული ვაჭრობის დროს ყველაზე დაბალი ფასი დაასახელა.

საქართველოს შესყიდვების დავების საბჭოში შეტანილ საჩივარში, სხვა არგუმენტებთან ერთად, რითაც „სტადიონის“ გადაწყვეტილების სატენდერო წინადადებასთან შეუსაბამობას ასაბუთებდა, მომჩივანმა მიუთითა ისიც, რომ ელექტრონულ ვაჭრობაში კონკურენტებთან შედარებით 4 მილიონი ლარით ნაკლები დააფიქსირა. მისი დისკვალიფიკაციის შემთხვევაში ხელშეკრულებას სწორედ კონკურენტს გაუფორმებდნენ.

შპს „სტადიონი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა. 2015 წელს ის მოტივით შექმნეს, რომ ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე ზედამხედველობა გაეწია. მოგვიანებით, ამ ორგანიზაციას  ბათუმის ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე ზედამხედველობაც ჩააბარეს.

ამავე თემაზე: დავა 66 მილიონზე – ვის ააშენებინებენ ახალ სპორტსკოლას

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი