სიახლეები

ვინ იზეიმა ბიუჯეტის ფულით ახალი წელი ქედაში

14.01.2015 • 1565
ვინ იზეიმა ბიუჯეტის ფულით ახალი წელი ქედაში

 

საახალწლო ღონისძიების გამართვისთვის ელექტრონული ტენდერი ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გასული წლის 12 დეკემბერს  12 700 ლარზე გამოაცხადა.  ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანია შპს „ლუკასთან“ 10 757 ლარზე გაფორმდა. სატენდერო პირობების მიხედვით კომპანიას საზეიმო სუფრის მოწყობასთან ერთად, ქედაში  საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის, სულ 700 ბავშვისთვის, ტკბილეული უნდა შეეძინა და 6-8 მეტრი სიმაღლის ნაძვის ხე მოეწყო.

 

 

 „ბათუმელების“ კითხვას, ვინ იზეიმა სახელმწიფო თანხით მოწყობილ ზეიმზე წინასაახალწლოდ ქედაში და იყო თუ არა საზეიმო სუფრის გამართვის საჭიროება,  გამგებლის მოადგილე მამუკა ფარტენაძე  ასე პასუხობს:

 

 

„ეს იყო წინასაახალწლო ბანკეტი, რომელიც საზოგადოების წევრებისთვის მოეწყო. სუფრა  120 კაცზე იყო გათვლილი და ბანკეტზე დაახლოებით 85 კაცი მოვიდა. 5 წევრი გამგეობიდან იყო: გამგებელი, გამგებლის მოადგილეები და გამგეობის განათლების სამსახურის უფროსი, მოვიწვიეთ  საკრებულოს ყველა დეპუტატი (სულ 24), მაგრამ 19 კაცი მოვიდა, გვყავდა ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ბენდის 8 წევრი და ღვაწლმოსილი ადამიანები სოფლებიდან, რომლებიც თემის რწმუნებულების დახმარებით შევარჩიეთ.

 

ძალიან კარგი შეხვედრა იყო, სუფრას კონცერტის სახეც ჰქონდა, ქედაში იმდენი ღირსეული ადამიანია, რომ ყველას მოწვევა ძნელია, შევეცდებით მომავალში  სხვა კატეგორიის ადამიანები დავპატიჟოთ“ – განაცხადა მამუკა ფარტენაძემ.

 

 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ბოლქვაძე ამბობს, რომ ქედის გამგეობა თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს და დასძენს, რომ საჯარო მოხელეების ქეიფისთვის თანხა ბიუჯეტიდან არ უნდა იხარჯებოდეს.

 

 

„საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ თქვა, რომ 28 დეკემბერს დაპატიჟებული ვიყავით წინასაახალწლო ქეიფზე, თუმცა ჩვენ არ მივსულვართ.  როცა ტენდერებში ვნახე სუფრის მოწყობა 120 კაცზე იყო გამოცხადებული, გამგებელს ვუთხარი, რომ ამხელა თანხა ქეიფზე არ  დახარჯულიყო, თანხა  სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გამოგვეყენებინა. მან თქვა, რომ იქ სოციალურად დაუცველები იქნებოდნენ.

ღრეობებისა და სუფრების მოსაწყობად თანხა ბიუჯეტიდან არ უნდა იხარჯებოდეს“ – ამბობს  ვაჟა ბოლქვაძე.


 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: