მთავარი,სიახლეები

ფულის შოვნის სქემა სექსის დაპირებით

08.09.2017 • 19638
ფულის შოვნის სქემა სექსის დაპირებით

სექსის შეთავაზება ირაკლიმ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში უცნობი ქალისგან მიიღო. გვიყვება, რომ ქალი მას სალომეს სახელით გაეცნო, სახეც აჩვენა და შიშველი სხეულის ფოტოებიც. სალომე ირაკლის დაუვიწყარ სექსს მთელი ღამით 100 ლარად დაჰპირდა. ირაკლიმ მომსახურების თანხა წინასწარ, სალომესგან მითითებულ „აჭარაბეთის“ ანგარიშზე ჩარიცხა. მას შემდეგ ირაკლი სალომეს ეძებს. ირაკლი არ არის ერთადერთი, ვინც ინტერნეტსივრცეში „დაუვიწყარი ღამის“ დაპირება მიიღო და თაღლითური სქემის მსხვერპლი აღმოჩნდა.

ინტერნეტში დაპირებული, მაგრამ არშემდგარი სექსისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე პირია გასამართლებული, მათ შორის, მამაკაციც. დაკავებულებს გამოძიებამ თაღლითობის მუხლით წაუყენა ბრალი, თუმცა სასამართლო ძირითადად მათი დაჯარიმებით, ასევე დაზარალებული მამაკაცებისთვის თანხის დაბრუნების დავალდებულებით შემოიფარგლა. აჭარის რეგიონში ამ სქემით მოტყუებულ პირს დღემდე გამოძიებისთვის არ მიუმართავს და არც საჯაროდ უსაუბრია. გამოძიება ამ კუთხით არ წარმოებულა და არც მოსამართლეს უმსჯელია სექსმომსახურების თაღლითურ სქემაზე.

„მეგობრებთან მოვყევი ეს ამბავი და სხვაც გამოტყდა რამდენიმე, ჩვენც დაგვმართეს მასეო. არავის ხმის ამოღება არ უნდა.“ – ამბობს ირაკლი, რომელიც პოლიციამ უკვე გამოკითხა. – „არ ვიცი, რას დაადგენს პოლიცია, მაგრამ მინდა, პასუხი აგოს იმ ადამიანმა. ალბათ, სხვაც ბევრი ჰყავს ჩემს დღეში ჩაგდებული. იოლი დასადგენია, წესით, მისამართი ხომ აქვს იმ კომპიუტერს, საიდანაც სალომე მწერდა? შენახული მაქვს ქვითარიც, რომ თანხა ნამდვილად მის მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩავრიცხე. ესეც წინასწარ მომწერა, ანგარიშის კოდს რომ შეიყვან, ჩემს სახელს ამოგიგდებს, ქვითარი აიღე, დამირეკე და ჩემს მისამართს გეტყვიო. „აჭარაბეთზე“ შევიყვანე ნომერი და მართლა მისი სახელი – „სალომე“ ამოაგდო. ქვითარი ხელში მეჭირა, როცა დავურეკე, მაგრამ გათიშული დამხვდა მისი ტელეფონი. მას შემდეგ გასულია მომსახურების ზონიდან“.

ირაკლი დაოჯახებულია. ამბობს, რომ გასაჯაროების შიშის გამო არ უნდათ სხვა დაზარალებულებსაც მსგავს შემთხვევებზე ჩივილი. „პოლიციაში რომ დავრეკე, რამდენიმე დღის შემდეგ ჩემს მინაწერებს სალომემ „ოდნოკლასნიკში“ უპასუხა. მომწერა, ავად გავხდი, ძალიან ცუდად ვარ და საზღვარგარეთ მომიწია წასვლა, მაპატიეო. მერე ისევ გაქრა.“

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ირაკლის შემთხვევაზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა და მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები.

ანალოგიური ისტორია აქვს ბათუმელ დათოსაც. მან „დაუვიწყარი სექსის“ დაპირება მარისგან მიიღო სოციალურ ქსელ „ოდნოკლასნიკში“: „თავიდან მითხრა, 100 ლარი დაგიჯდება ჩემთან სექსიო. ვევაჭრე, ჯარისკაცი ვარ, სად მაქვს მაგდენი-მეთქი. რამდენიმე დღე ვწერდით ერთმანეთს. ბოლოს 20 ლარზე ჩამოვიყვანე. ანგარიშის ნომერი გამომიგზავნა, „კრისტალბეთზე“ ჩამირიცხე ფულიო. ჩავურიცხე, მაგრამ ვეღარ დავუკავშირდი. მისამართიც მითხრა, მაგრამ მითითებულ ადგილას რომ მივედი, კერძო სახლის ნაცვლად კორპუსი დამხვდა, სად მეძებნა?“

დათოს პოლიციისთვის არ მიუმართავს. მიიჩნევს, რომ 20 ლარის ზარალი სასამართლო განხილვად არ ღირს. თან ფიქრობს, რომ გამოძიება ამ საქმეში ვერაფერს დაადგენს.

მარისთვის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვამდე დათოს ეჭვი არ გასჩენია, რომ მასთან სექსი არ შედგებოდა. ნდობის მთავარი ფაქტორი მარის მიერ გამოგზავნილი შიშველი ფოტოები იყო, რომელიც გოგოს სხვადასხვა რაკურსით ჰქონდა გადაღებული. ამ ფოტოებს დათო დღემდე ინახავს.

განსხვავებული ისტორია აქვს მამუკას. მას ვირტუალური სექსი უფასოდ შესთავაზეს. მამუკა ამბობს, რომ ვირტუალური სექსი ვიდეოკამერებით ვინმე ელენესთან სკაიპით შედგა: „დავემშვიდობეთ ერთმანეთს და მომდის ვიდეოშეტყობინება. გავხსენი და საკუთარ თავს ვხედავ ვირტუალური სქესობრივი აქტის პროცესში, ანუ ჩავუწერივარ სკაიპით. მომწერა, ამა და ამ მისამართზე თუკი 100 ლარს არ ჩამირიცხავ, ამ ვიდეოს შენს ახლობლებს გავუგზავნიო. მაშინვე მივხვდი, თაღლითი იყო ვიღაც და თუ ავყვებოდი, აღარ დამანებებდა თავს არასდროს. წავშალე მეგობრებიდან და არაფერი არ მივწერე. არც პოლიციისთვის შემიტყობინებია ეს ამბავი.“

დაზარალებულები ყვებიან, რომ მათ თანხა, ძირითადად, „აჭარაბეთის“ ან „კრისტალბეთის“ ანგარიშებზე ჩარიცხეს. მათი თქმით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატში ფულის ანგარიშზე შეტანის დროს მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლის შერჩეული სახელი – ე.წ. ნიკი გამოჩნდა, რის შესახებაც ასევე წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია.

„აჭარაბეთზე“, „კრისტალბეთზე“ და რამდენიმე საფინანსო ორგანიზაციაში მომხმარებელს ანგარიშის გახსნა ელექტრონულად შეუძლია. რეგისტრაციის დროს სავალდებულოა პირმა მიუთითოს საკუთარი სახელი და გვარი, ასევე, პირადი ნომერი, თუმცა არ არსებობს გადამოწმების მექანიზმი – რამდენად შეესაბამება მომხმარებლის მიერ შეყვანილი მონაცემები სინამდვილეს.

ფინანსისტების განმარტებით, სწ­ო­რედ ამ რისკის გამო არ ხდება ელექტრონული რეგისტრაცია ბანკებში, იშვიათი გამონაკლისების გარდა. ბანკში ანგარიშის გახსნის დროს აუცილებელია პირი ფიზიკურად გამოცხადდეს ოფისში, ხოლო ბანკის თანამშრომელმა მომხმარებლის პირადი მონაცემები სამოქალაქო რეესტრში უნდა გადაამოწმოს.

მოტყუებული მამაკაცებიდან ერთ-ერთს „აჭარაბეთშიც“ დაურეკავს. „მინდოდა, გამეგო, ვის ეკუთვნოდა ანგარიშის ნომერი, სადაც ფული ჩავრიცხე. მითხრეს, ეს კონფიდენციალურიაო,“ – ამბობს ირაკლი.

„მარტივად შესაძლებელია ანგარიში მქონდეს „აჭარაბეთზე“ სხვისი პირადობის მოწმობით გახსნილი. პირველ რიგში, შესაძლებელია გამოძიებამ დაადგინოს ის კომპიუტერი, საიდანაც კომუნიკაცია შედგა, თუმცა ერთ მისამართზე დარეგისტრირებული კომპიუტერით შესაძლოა რამდენიმე პირი სარგებლობდეს,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

დაზარალებულები ფიქრობენ, რომ ფოტოები, რომლებიც მარისგან თუ სალომესგან მიიღეს, რეალურად გამომგზავნს ეკუთვნის, თუმცა ამას არაფერი ადასტურებს. ამგვარი შეხედულება იმიტომ გაუჩნდათ, რომ „ფოტოები პორნოსაიტებიდან აღებულს არ ჰგავს“ და კიდევ: „გოგონებს ქართული გარეგნობა აქვთ“.

ინტერნეტსივრცეში თითოეული ჩვენგანის პირადი მონაცემები პრაქტიკულად რომ დაუცველია, ეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატშიც დაგვიდასტურეს. ამ კუთხით ბოლო პერიოდში მოქალაქეების მიმართვიანობა გაზრდილა, თუმცა ინსპექტორს ეფექტური რეაგირების მექანიზმი არ აქვს.

„ტექნოლოგიურ ეპოქაში ერთხელ გავრცელებული ინფორმაციის კონტროლი და წაშლა პრაქტიკულად შეუძლებელია. კანონდარღვევის არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ასევე სამართალდამცავ ორგანოებს, როდესაც საქმე სისხლის სამართლის დანაშაულს ეხება. არსებული რეგულაციები ინსპექტორს არ აძლევს შესაძლებლობას, ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს, როდესაც საქმე ფიზიკური პირების მიერ პირადი მიზნებით ფოტოს, ვიდეოს ან სხვა მასალის გავრცელებას ეხება,“ – აღნიშნულია წერილში, რომელიც „ბათუმელებმა“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისგან მიიღო.

„ფოტოების გამოყენებისგან თავდაცვის ერთ-ერთი მექანიზმი მათზე წვდომის შეზღუდვაა,“ – აღნიშნავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თამარ ქალდანი. – „ინტერნეტმომხმარებლები ფოტოსურათებს ყველაზე ხშირად სოციალურ ქსელებში ასაჯაროვებენ და შესაძლოა ვერ აცნობიერებენ, რომ ფოტოს საჯაროდ გამოქვეყნების მომენტიდან ნებისმიერ პირს შეუძლია მისი გადმოწერა, შენახვა და შემდეგ საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება. ეს ეხება არასრულწლოვანთა ფოტოებსაც, რომლებსაც მშობლები ხშირად ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე აქვეყნებენ. თუ გვსურს ჩვენი ფოტოები გარეშე პირების წვდომისგან დავიცვათ, პირველ რიგში, თავად უნდა შევზღუდოთ იმ პირთა წრე, ვისაც ჩვენს გამოსახულებაზე ხელი მიუწვდება“.

„გამოძიებამ უნდა დაადგინოს, როდის წარმოეშვა სუბიექტს ადამიანის მოტყუების სურვილი. თუ თავიდანვე ჰქონდა ქალს ამის განზრახვა, რა თქმა უნდა, ეს თაღლითობის ელემენტია,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

გიორგი ხიმშიაშვილი არ გამორიცხავს, თუკი თაღლითობის ბრალდებით ვინმეს დააკავებენ, მან გამოძიებას უთხრას, რომ კი არ მოიტყუა, არამედ მომსახურების გაწევა გადაიფიქრა, რადგან გაიგო, რომ, მაგალითად, კლიენტს სექსი განსაკუთრებული სისასტიკით სურდა. დაცვის მხარეს შეუძლია ამტკიცოს, რომ ქალს არ ჰქონია მოტყუების წინასწარი განზრახვა.

„განზრახვა არის რთულად დასადგენი. ტყუილის დადგენა უნდა მოახერხოს გამოძიებამ სხვადასხვა მეთოდით: როგორი იყო ამ ადამიანის დამოკიდებულება სხვების მიმართ, ვისთანაც ჰქონდა ურთიერთობა. როგორც წესი, თაღლითობის დროს შეისწავლება ყველა ის ძირითადი მიზეზი და გარემოება, რომლითაც დაიწყო და რითაც დასრულდა პროცესი. ამიტომაცაა ეს რთულად გამოსაძიებელი დანაშაულის კატეგორიაა“, – დასძენს გიორგი ხიმშიაშვილი.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, თაღლითობა ნიშნავს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას, ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 170-დან 200 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ორწლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე.

თუკი თაღლითობა არაერთგზის განმეორდა, ასევე თაღლითობის სქემით დიდი ოდენობით თანხა იშოვა ბრალდებულმა, ამ შემთხვევაში, მას თავისუფლების აღკვეთა ელის 6-დან 9 წლამდე.

რა არის პროსტიტუცია – ამის ლეგალური განსაზღვრება კანონმდებლებმა დღემდე ვერ შექმნეს, თუმცა პროსტიტუცია ჯარიმდება ადმინისტრაციული წესით. გამოძიებას კიდევ ერთი სირთულე აქვს – თაღლითობის ამ სქემის მიხედვით, დაზარალებულმა თანხის გადახდის მიუხედავად ვერ მიიღო სექსმომსახურება, როგორც სერვისი.

„უცნაური დანაშაულებრივი შემთხვევაა,“ – განმარტავს გიორგი ხიმშიაშვილი. – „თუ სექსმომსახურებას გაწევდა მოქალაქე, ეს თაღლითობად აღარ განიხილებოდა, მაგრამ იგი დაისჯებოდა ადმინისტრაციული წესით. მომსახურების გაუწევლობის გამო კი, ისჯება თაღლითობისთვის. გამოდის, რომ პროკურატურამ უნდა ედავოს მოქალაქეს, რატომ არ განახორციელა ადმინისტრაციული დარღვევა“.

პროსტიტუცია რომ ამორალური ქმედებაა, ეს მხოლოდ იურიდიულ ლექსიკონში წერია და ამით ხელმძღვანელობენ სამართალდამცველებიც, როცა ისინი სექსუალურ მუშაკს აჯარიმებენ.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არ წერია, რას მოიცავს პროსტიტუცია. აქ ვკითხულობთ: „პროსტიტუცია – გამოიწვევს გაფრთხილებას, ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე“. ანუ თუკი სექსმუშაკი მომსახურების სანაცვლოდ 100 ლარს მიიღებს, მისი დაჯარიმება სამართალდამცველს 50, ან 100 ლარით შეუძლია. პროსტიტუცია სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება არ არის.

2016 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 შვილის დედა გაასამართლა – სქესობრივი მომსახურების დაპირების სანაცვლოდ ფულის მოტყუებით მიღებაში. მას ფეისბუქზე ჰქონდა შექმნილი გვერდი და მამაკაცებს სქესობრივ მომსახურებას ჰპირდებოდა. ქალი დაზარალებულებს შეხვედრის ადგილსაც უნიშნავდა და მობილური ტელეფონით ესაუბრებოდა: გხედავ, ამა და ამ ქუჩაზე ბანკომატთან დგახარ, იქნებ ფული მაქვე ჩამირიცხო და შემდეგ ამოდი ჩემთან. ფულის ჩარიცხვის შემდეგ, მამაკაცი ქალს ვეღარ პოულობდა. დაკავებისთანავე ბრალდებულმა აღიარა დანაშაული. თქვა, რომ მარტოხელაა და ამ სქემას 5 მცირეწლოვანი შვილის გაზრდისთვის იყენებდა. სასამართლომ ბრალდებულის ოჯახური მდგომარეობა გაითვალისწინა და 34 წლის ქალი მხოლოდ 3 ათასი ლარით დააჯარიმა.

„სასამართლომ ლმობიერი გადაწყვეტილება მიიღო,“ – ამბობს თაღლითობისთვის გასამართლებული ქალის ადვოკატი, ზურაბ თენაძე. მას ვკითხეთ, როგორ დაადგინა გამოძიებამ, ჰქონდა თუ არა ქალს მამაკაცების მოტყუების წინასწარი განზრახვა.

„ამ მხრივ გამოძიებას სირთულე არ ჰქონია, რადგან ქალმა დაკავებისთანავე აღიარა, რა სქემით მუშაობდა. რომც არ ეღიარებინა, როცა რამდენიმე დაზარალებულია საქმეში და ყველა ერთსა და იმავე ისტორიას ყვება, დამაჯერებელი ხდება მოსამართლისთვისაც, რომ ტყუილით შოულობს ბრალდებული ფულს,“ – გვითხრა ზურაბ თენაძემ.

2017 წლის აპრილში თბილისის საქალაქო სასამართლომ ანალოგიურ საქმეზე იმერეთში მცხოვრები ქალი დააჯარიმა 2 ათასი ლარით. სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე, პროკურატურასთან შეთანხმების საფუძველზე, ქალმა დაზარალებულ მამაკაცებს ის თანხა დაუბრუნა, რაც დაკავებამდე სქესობრივი მომსახურების მიღების გამო ჩაურიცხეს. ამ შემთხვევაში ქალი მამაკაცებს 150 ლარს ახდევინებდა.

სექსის მიღების სანაცვლოდ ფულის თაღლითური გზით აღებაში გასამართლებულია მამაკაციც. ეს 2014 წლის ისტორიაა. ამ შემთხვევაში ცოლ-ქმარი ერთად მოქმედებდა. სასამართლოს დაკავებულებმა უთხრეს, რომ ფულის შოვნის სქემა ქმარმა მოიფიქრა, ცოლს სახე დაუფარა, ფოტოები გადაუღო და სახელდახელოდ შექმნილ, რამდენიმე ინტერნეტგვერდზე ატვირთა. ოჯახს თანხა „აჭარაბეთის“ ანგარიშზე ერიცხებოდა, რომელიც მამაკაცს ბებიას სახელზე ჰქონდა გახსნილი.

________________________________

ამავე თემაზე: 

დასჯადი სექსი 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: