ძროხა (2)

ჯილეხის შემთხვევა ხელვაჩაურში – გარდაცვლილია ადამიანი

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში ჯილეხის (ციმბირის წყლულის) შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის ინფორმაცია ჯილეხის სავარაუდო შემთხვევის შესახებ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლიდან 25 აგვისტოს გახდა ცნობილი. დაავადებული მამაკაცი 28 აგვისტოს გარდაიცვალა. ეს წელს ჯილეხით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა აჭარაში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ჯილეხით ადამიანთა დაავადების შემთხვევები ყოველწლიურად რეგისტრირდება.

„სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველებში დაავადების ჯგუფურ შემთხვევაზე და მასიურ გავრცელებაზე ამ ეტაპზე არ საუბრობს. დაავადების ერთი შემთხვევა რეგიონისთვის დამახასიათებელია, ცუდია ლეტალური გამოსავალი, მაგრამ ამას თავისი დამამძიმებელი  ფაქტორები ერთვოდა თან, რამაც დაამძიმა სურათი” – ამბობს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ნიჟარაძე.

ნინო ნიჟარაძის ცნობით, გარდაცვლილ მამაკაცთან შეხების მქონე ყველა პირის კონტაქტი მოძიებულია – „მათი ინკუბაციური პერიოდი უკვე გადალახულია. კლინიკური  მეთვალყურეობა იყო მათზე დამყარებული და ყველა ჯანმრთელად გრძნობს თავს, ყველას მიეცა ანტიბიოტიკის პროფილაქტიკური დოზა, მათ შორის  სამედიცინო პერსონალსაც”.

მისივე ცნობით, ინფიცირებული ძროხის ხორცი  ოჯახს სარეალიზაციოდ არ აქვთ გატანილი. „მაგრამ თუკი ასეთი პრენცენდენტიც დაიშვება, თუკი ხორცი კარგად თერმულად არის დამუშავებული, იგი ორგანიზმისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს” – ამბობს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი.

ჯილეხი მწვავე ინფექციური, ზოონოზური დაავადებაა. ჯილეხით ძირითადად გარეული და შინაური ბალახისმჭამელი ცხოველები ავადდებიან: ძროხა, ხარი, ცხენი, თხა, ცხვარი და ა.შ. ადამიანს ჯილეხი დაავადებული ცხოველიდან გადაეცემა.

ჯილეხით ადამიანის დაავადების სამი ფორმა არსებობს: კანის, კუჭ-ნაწლავისა და ფილტვის. ყველაზე გავრცელებული  კანის ფორმაა.

ჯილეხი ადამიანს ძირითადად გადაეცემა:

  • კონტაქტური გზით – ავადმყოფი ცხოველის დაკვლის, ხორცის დამუშავების, მოვლის დროს; პირუტყვის ტყავის, მატყლისა და ძვლის დამუშავებით.  მიწის სამუშაოებისას იმ ტერიტორიაზე, სადაც დაავადებული ცხოველი იმყოფებოდა, ცხოველთა სამარხებზე და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე (ვითარდება ჯილეხის კანის ფორმა);
  • საკვებით – ინფიცირებული თერმულად დაუმუშავებელი (უმი, არასრულად  შემწვარი ან მოხარშული) ხორცის გამოყენებით. სპორას ვერ ანადგურებს  ხორცის დამარილება, შებოლვა, გამოშრობა ან სხვა მსგავსი ტექნოლოგიები (ვითარდება ჯილეხის ოროფარინგული და გასტროინტესტინური ფორმები);
  • ასპირაციული გზით – ჯილეხის სპორით დაინფიცირებული ტყავის ან ბეწვის მტვრის ნაწილაკების შესუნთქვით, იშვიათად ნიადაგის დამუშავებისას (ვითარდება ინჰალაციური ფორმა).

ადამიანიდან ადამიანზე  ჯილეხი, როგორც წესი,  არ გადადის.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით: 

როგორ მივიტანოთ ეჭვი ჯილეხზე?

  • ადამიანი შეიძლება დაავადდეს ჯილეხისრამდენიმე ფორმით: კანის ფორმა – ვითარდება დაზიანებულ კანში მიკრობის მოხვედრით. თავდაპირველად, კანის ზედაპირზე ვითარდება მცირე ზომის ბუშტუკი. რომელიც მწერის ნაკბენს წააგავს,  ხშირად ქავილიც ახლავს. ბუშტუკი თანდათან  იზრდება და წყლულდება. წყლულს აქვს შავი ფერი და არ არის მტკივნეული. მის გარშემო შესაძლებელია მოხდეს კანისა და ახლომდებარე ლიმფური  კვანძების შეშუპება. საქართველოში უმეტესად დაავადების ეს ფორმა ფიქსირდება.
  •  გასტროინტესტინური (კუჭ-ნაწლავის) ფორმა – ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, მუცლის ძლიერი ტკივილი, სისხლიანი ფაღარათი და ღებინება. მუცლის ღრუში დგება სითხე (ასციტი).
  • ოროფარინგული (ხახის) ფორმა – ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, ყელის  ძლიერი ტკივილი, წყლული პირის ღრუში ენაზე ან ხახაში, შეშუპება კისრის არეში, შესაძლებელია სასუნთქი გზების სრული ან ნაწილობრივ დახშობა.
  • ინჰალაციური (ფილტვის) ფორმა – ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, მშრალი ხველა, ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, შოკი და სხვა.

 

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, თუ ეჭვობთ, რომ ჯილეხი გაქვთ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. 

ჯილეხის მკურნალობა ექიმმა უნდა დანიშნოს. დაგვიანებული მიმართვის შემთხვევაში ინფექცია შესაძლებელია გართულდეს და სიკვდილით დასრულდეს.

ცხოველებში ჯილეხით დაავადების  საეჭვო ნიშნებია: მადის დაკარგვა, ქოშინი, წყურვილი, ცხვირიდან, პირიდან და სწორი ნაწლავიდან  სისხლიანი, ქაფისებური გამონადენი, მაღალი ტემპერატურა. დაცემული ცხოველის ლეში გაბერილია, სუსტად არის გამოხატული გაშეშება. ცხოველებში დაავადების ყველა შემთხვევა სრულდება სიკვდილით.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან