მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

როდის დაიწყება საბავშვო ბაღები აჭარის მთაში

07.09.2017 • 2806
როდის დაიწყება საბავშვო ბაღები აჭარის მთაში

ქედის მუნიციპალიტეტში მოქმედი 15 საბავშვო ბაღიდან, 11 სექტემბერს სააღმზრდელო პროცესი 14  ბაღში განახლდება. ზუნდაგის საბავშვო ბაღი, სააღმზრედელო პროცესს რეაბილიტაციის გამო აჩერებს. ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, მანამდე, ვიდრე ამ ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, ბავშვები უახლოეს დოლოგნისა და მახუნცეთის ბაღებში გადანაწილდება.

„მოქმედი ბაღებიდან, მიმდინარე წელს წონიარისის ბაღს ჩაუტარდა რემონტი, წლის დასაწყისში გავხსენით ახალი ბაღი სოფელ ოქტომბერში, ახალგახსნილია ნამლისევის ბაღიც. რაც შეეხება ზუნდაგის ბაღს, შენობის რეაბილიტაციისთვის წელს ბიუჯეტიდან  791 000 ლარია გამოყოფილი, სარეაბილიტაციო სამუშაოების განმახორციელებელი კომპანია გამოვლენილია და მალე დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2017 წლის ბოლომდე შავი სამუშაოები  ჩატარდება, ხოლო 2018 წლის დასაწყისში შიდა სამუშაოები უნდა დასრულდეს“ – აცხადებს გამგებელი

მიუხედავად იმისა, სააღმზრდელო პროცესი ქედის ბაგა-ბაღებში 21 ივნისს დასრულდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები ზუნდაგის ბაღში ჯერ არ დაწყებულა, ამ დროისთვის ისიც უცნობია, რა დრო დასჭირდება ბაღის სრულ რეაბილიტაციაცს.

შუახევში, სადაც ექვსი საბავშვო ბაღი და სამი ბაღის ალტერნატიული ჯგუფი ფუნქციონირებს, სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება. შუახევის ბაღების გაერთიანების დირექტორის, ნათელა გოგიტიძის ინფორმაციით, გაერთიანება და საბავშვო ბაღები მზადაა სააღმზრდელო პროცესისთვის.

შუახევში წელს დამატებით სამი ახალი ბაღი აშენდა, ხიჭაურში, წყაროთასა და ჩანჩხალოში, მაგრამ დაიწყება თუ არა სააღმზრდელო საქმიანობა მოქმედ ბაღებთან ერთად ახალაშენებულ ბაღებში, გაერთიანების დირექტორი ამ ინფორმაციას არ ფლობს.

18 სექტემბერს დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ხულოს საბავშვო ბაღებში. ამ დროისთვის ხულოში სულ 16 მოქმედი საბავშვო ბაღი და  სოფლებში – ბეღლეთში, ბოძაურსა და ზემო ვაშლოვანში, ბაღის ალტერნატიული ჯგუფებია. დამატებით ოთხი ახალი ბაღი აშენდა მეკეიძეებში, კორტოხში, თხილვანასა და ფაჩხაში.

ხულოს ბაღების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი რიჟვაძის ინფორმაციით, ოთხივე სოფელში ბაღების მშენებლობა დასრულებულია და ამ დროისთვის ბაღების ინვენტარით აღჭურვა მიმდინარეობს. დაიწყება თუ არა სააღმზრდელო საქმიანობა 18 სექტემბერს ახალ აშენებულ ბაღებში, ირაკლი რიჟვაძის თქმით ეს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიების პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული:

„იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები ინვენტარის მოწოდების ვადებს არ დაარღვევენ და დროულად შემოიტანენ, მოქმედ ბაღებთან ერთად 18 სექტემბერს სააღმზრდელო პროცესი, ახალაშენებულ ოთხივე ბაღში დაიწყება. ყველა ბაღი ნორმალურ მდგომარეობაშია და მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა. რაც შეეხება ბაღში ბავშვების მიღებას, ყველა იმ სოფელში, სადაც საბავშვო ბაღები ფუნქციონირებს, ბავშვის მიღებაზე შემოსული ყველა განცხადება დაკმაყოფილდება გარდა სოფელ ქვედა ვაშლოვანში, სოციალურ სახლში მცხოვრები ოჯახების განცხადებისა. იქედან გამომდინარე, რომ ქვედა ვაშლოვანში 72-ბინიანი სოციალური სახლი აშენდა, ვაშლოვანის ბაღზე მოთხოვნა გაიზარდა. დაბა ხულოს ბაღში, რომ მივიღოთ ბავშვები ადგილი არ გვაქვს, ნაწილს, უფრო მაღალი ასაკის ბავშვებს ვაშლოვანის ბაღში მივიღებთ, რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს, ვფიქრობთ, ალტერნატიული ჯგუფის გახსნას. ბავშვის ბაღში მიღებაზე, წელს, 200-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, თუმცა, ეს მონაცემი ყოველდღიურად იზრდება და ბავშვის მიღების მოთხოვნით მოქალაქეები განცხადებით ისევ მოგვმართავენ“.

ხულო, სხალთის ყოფილი საავადმყოფოს შენობა, რომლის ნაწილში ახლა საბავშვო ბაღი ფუნქცონირებს; მე-3-4 სართულები კი სოციალურ ბინებად მოეწყო

ხულო, სხალთის ყოფილი საავადმყოფოს შენობა, რომლის ნაწილში ახლა საბავშვო ბაღი ფუნქცონირებს; მე-3-4 სართულები კი სოციალურ ბინებად მოეწყო, რომლებშიც 5 წელია არავინ ცხოვრობს.

მთავარი ფოტო: ქედა, მახუნცეთის საბავშვო ბაღის შენობა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: