მთავარი,სიახლეები

„არაბული სოფელი“ არაბების გარეშე – მანიპულაცია მიწით

07.09.2017 • 4971
„არაბული სოფელი“ არაბების გარეშე – მანიპულაცია მიწით

„არაბული სოფლის გაშენებას ვერ დავადასტურებთ, რადგან სახლების აშენების ნებართვის მისაღებად ჯერ არავის მოუმართავს, მაგრამ ამას ვერც გაბედავენ, ვინაიდან სოფელი წინააღმდეგია და ეს ამბავი არაბებს ჩაეშლებათ. სოფელი რომ წინააღმდეგი არ წასულიყო, ალბათ, შემოიტანდნენ განაცხადს მშენებლობის ნებართვაზე“, – ამბობენ გარდაბანში. ამ მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში აქციები მაშინ დაიწყო, როცა საქართველოს პარლამენტმა უცხოელებისთვის მიწების მიყიდვის აკრძალვის კანონპროექტზე მუშაობა გაააქტიურა. მოსახლეობამ „არაბული სოფლის“ მშენებლობა ისე გააპროტესტა, კუმისში არაბები არავის უნახავს.

თბილისი-ბათუმის გზაზე თვალის ერთი შევლებითაც ნათლად ჩანს, რომ გზატკეცილის გასწვრივ მიწები დასამუშავებელია. ოფიციალური ინფორმაცია, თუ რამდენი ჰექტარი მიწაა დღეს დაუხნავი, არ არსებობს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით კი, საქართველოში 1 მილიარდ 120 მილიონი კვადრატული მეტრი მიწაა დაუხნავი.

ანალოგიური მდგომარეობაა სოფელ კუმისშიც, სადაც დაუხნავ მიწებზე პირუტყვს აძოვებენ. სწორედ ამ სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ სოფელთან არაბული სოფლის აშენება იგეგმება და ამის უფლებას არავის მისცემენ. მოსახლეობას თანადგომა ხელისუფლებამაც გამოუცხადა.

ტერიტორია, სადაც მოსახლეობის თქმით, „არაბული სოფელი“ უნდა გაშენდეს, ერთ-ერთი კერძო კომპანიისგან საქართველოს მოქალაქემ შეისყიდა, რომელიც ეროვნებით არაბია.

„მანდ არანაირი არაბული სოფელი არ შენდება. უბრალოდ, მიწა იყიდა საქართველოს მოქალაქემ, ეროვნებით არაბმა, შემდეგ ეს მიწა დაყო ნაკვეთებად და გაასხვისა არაბ მოქალაქეებზე. ამიტომ, სოფელმა იფიქრა, რომ აქ არაბების სოფელი უნდა გაშენებულიყო“, – გვითხრა გარდაბნის გამგებლის მოადგილემ, ირაკლი ჭელიძემ.

მისივე თქმით, ტერიტორიაზე ღობე, რომელიც მესაკუთრემ გაავლო, დღეს მოხსნილია და „მოსახლეობა, როგორც ადრე იყენებდა პირუტყვისთვის საძოვრებად ამ მიწას, ისევ ისე იყენებს“.

კუმისში არსებული პრობლემის დეტალებზე გამგეობაში არ საუბრობენ.

„არანაირი შეხება არ გვაქვს, უბრალოდ, ამ შემთხვევაში ჩვენ მოსახლეობის მხარეს ვართ და გვინდა დავიცვათ მათი ინტერესები“… – განაცხადა ირაკლი ჭელიძემ. ის არ აკონკრეტებს რაში გამოიხატება მათი მხარდაჭერა: „ჩვენ რაც შეგვიძლია ჩავერიოთ, ესაა, რომ თუ მოგვმართავენ ეს ადამიანები მშენებლობის ნებართვისთვის, მაქ გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი… შესაძლოა დარღვევა იქნება საბუთებში, პროექტირებაში…“

გარდაბნის გამგეობაში უკვე გაცხადებულია, რომ ყველანაირად შეეცდებიან არაბ მესაკუთრეებს სახლებისა თუ კოტეჯების აშენების ნებართვა არ მისცენ.

მთავარი ბერკეტი მუნიციპალიტეტის ხელში ის არის, რომ არაბი მოქალაქეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და მათზე მშენებლობის უფლებას არ გასცემენ, მიწას კი დანიშნულებას არ შეუცვლიან.

მუნიციპალიტეტმა ამ პოზიციით კუმისელებიც დაამშვიდა, თუმცა მიწის ნაკვეთები უცხოელების საკუთრებაშია – მათ ამ ქონების ფლობისა და განკარგვის ისეთივე კანონიერი უფლება აქვთ, როგორც ნებისმიერ მესაკუთრეს საქართველოში.

კითხვაზე, თუ ამ ადამიანების მოთხოვნა მიწის სტატუსის შეცვლასა ან/და მშენებლობის ნებართვის მიღებაზე კანონიერი იქნება, როგორ იმოქმედებს მუნიციპალიტეტი? – ირაკლი ჭელიძე ამბობს: „მთავრობა, პარლამენტი – ყველა საქმის კურსშია, თუმცა კანონი ჩვენთვის უპირველესია. ჩვენ გვინდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები დავიცვათ კანონით… მაგრამ, თუ ყველაფერი რიგზე ექნებათ (უცხოელ მესაკუთრეებს), გავცემთ მშენებლობის ნებართვასაც“.

„რაღაც გამოსავალს ვნახავთ. მოხნან, დათესონ, დაამუშაონ, მაგრამ მანდ სოფელი არ აშენდება,“ – ამბობს გარდაბნის გამგებლის წარმომადგენელი კუმისში, ლევან ბეგლარიშვილი.

საიდან იცის სოფელმა, რომ კუმისში არაბული სოფელი აშენდება? – ლევან ბეგლარიშვილი: „როცა დაყოფა დაიწყეს მიწის, უთქვამთ, აქ კოტეჯები უნდა ავაშენოთო. აქციის შემდეგ აქ მათგან არავინ გამოჩენილა“.

პარლამენტში თეთრიწყაროს მაჟორიტარის (კუმისი ამ მაჟორიტარულ ოლქში შედის) გოდერძი ჩანქსელიანის ბიუროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მაჟორიტარი არ შეხვედრია მიწის მესაკუთრეს, რომელმაც ნაკვეთები არაბებს მიჰყიდა. „რომ შეხვდეს, ეს იქნება საქართველოს მოქალაქის, მაგრამ არაბის ინტერესების ერთგვარი დაცვაც, როგორც მიწის კანონიერი მესაკუთრის. ამიტომ, ამას სხვა ინტერპრეტაცია მიეცემა“.

გოდერძი ჩანქსელიანს „ბათუმელები“ ვერ დაუკავშირდა.

კითხვაზე, თუ რა უფლებით აიღეს ღობე ან როგორ იყენებს მოსახლეობა სხვის საკუთრებას საძოვრებად? – კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ.

„მესაქონლეობისთვის გასავლელი გზა აღარ არის დატოვებული – საქონელი რომ ჩაატარონ საძოვარზე…“, – ამბობს ლევან ბეგლარიშვილი.

„როგორ იყენებდნენ საძოვრად და სათიბად? სულ მაგაზე იყო ჩხუბი, რომ, როცა ვთესავდით – ხორბალი იყო თუ სიმინდი (ხახვი და კარტოფილიც კი მოვიყვანეთ), დაუკითხავად შეჰყავდათ შიგნით სოფლის პირუტყვი და გვიჩანაგებდნენ… მიწები იყო ჩვენს საკუთრებაში და როგორ შეიძლება, რომ მე, კომპანიამ, მოსახლეობას გავუყიდო საძოვარი. ეს ხომ აბსურდია“, – აცხადებს შპს „კუმისი XXI“-ს დირექტორი გოგი მაისურაძე.

მიწის ნაკვეთები კუმისში, რომლის ნაწილიც დღეს უცხოელების საკუთრებაშია, სწორედ შპს „კუმისი XXI“-მ გაყიდა. კომპანია კუმისში მეფრინველეობის ფაბრიკას ამუშავებს. დირექტორის თქმით, ფაბრიკაში დასაქმებულების 80% კუმისელია.

„უცხოელისთვის ჩვენ მიწა არ მიგვიყიდია. ეს არის საქართველოს მოქალაქე. კომპანიის მიწა კანონის დაცვით გავყიდეთ. იმან, ვისზე გადაყიდა და როგორ, არ ვიცი და არც ის, ვინ რას აპირებს“, – ამბობს გოგი მაისურაძე.

მიწის ნაკვეთი. მანანა ქველიაშვილის ფოტო

მიწის ნაკვეთი. მანანა ქველიაშვილის ფოტო

მისივე თქმით, კომპანიამ მიწის გაყიდვის გადაწყვეტილება „ლარის გაუფასურების შემდეგ მიიღო“: `მაშინვე კლიენტი ვერ ვიშოვეთ და რამდენიმე ხნის შემდეგ გამოჩნდა… რაც გავიგე, იმათ მიწის ანალიზი გააკეთეს და აინტერესებდათ იქ იონჯას მოყვანა და რაღაც სოფლის მეურნეობის კუთხით უნდა დაკავებულიყვნენ… ის, რომ არაბული სოფელი შენდება, ასეთი მოძრაობა არ შეინიშნება.“

[highlight color=” green”]არარსებული სოფლის ისტორია[/highlight]

შპს „კუმისი XXI“-სგან მიწის ნაკვეთები სოფელ კუმისში საქართველოს მოქალაქე ნასრედინ ალსაიედმა მიმდინარე წლის თებერვალში იყიდა, სულ ხუთი ნაკვეთი, საერთო ფართობით – 1 614 000 კვადრატული მეტრი.

ნასრედინ ალსაიედმა ერთ-ერთი ნაკვეთი, ჯამში 20 ჰექტარი, 96 საკადასტრო ერთეულად დაყო და აპრილში მათი ნაწილი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიჰყიდა. რეესტრის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულება 64 უცხოელთანაა გაფორმებული.

kumisi

საჯარო რეესტრის საკადასტრო რუკა / ნაკვეთები სოფელ კუმისთან, რომლებიც რეესტრის მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრებაშია

უცხოელზე მიწის გაყიდვის აკრძალვის კამპანიისა და კუმისელების პროტესტის ფონზე, ნასრედინ ალსაიედმა დარჩენილი მიწა (დაახლოებით 140 ჰექტარი) გაასხვისა საქართველოში დარეგისტრირებულ შპს „ალნახილ ჯორჯიაზე“.

რეესტრში ჩანს, რომ „ალნახილ ჯორჯია“ ითხოვდა საკუთრების რეგისტრაციას ამ მიწის ნაკვეთებზე, თუმცა რეგისტრაციის პროცესი საჯარო რეესტრმა შეაჩერა. აქაც შეჩერების მიზეზი დაინტერესებული პირის უცხო ქვეყნის მოქალაქეობა აღმოჩნდა – „ალნახილ ჯორჯიას“ 100%-იანი წილის მფლობელიც და დირექტორიც იემენის სამეფოს მოქალაქეა. ეს კომპანია 2016 წლის მაისშია დარეგისტრირებული თბილისში (კომპანიის იურიდიულ მისამართად კი, ნასრედინ ალსაიედის საკუთრებაში არსებული თბილისის ბინის მისამართია მითითებული).

საჯარო რეესტრს „ალნახილ ჯორჯიასთვის“ ქონების დარეგისტრირების საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლად მითითებული აქვს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის იდენტიფიკაციისთვის, პირველ რიგში, გამოიყენება ბინადრობის მოწმობა, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – პასპორტი.

საჯარო რეესტრის განცხადებაში აღნიშნულია: „ვინაიდან დაინტერესებული პირის (კომპანიის მფლობელისა და დირექტორის) მიერ წარმოდგენილია მხოლოდ პასპორტი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაეგზავნა მიმართვა, ბინადრობის მოწმობის არსებობის თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით“. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ გამოიტანდა საჯარო რეესტრი გადაწყვეტილებას ქონების რეგისტრაციაზე. თუმცა ამონაწერებიდან ჩანს, რომ მიწის ნაკვეთები ისევ ნასრედინ ალსაიედის საკუთრებაშია.

„ბათუმელები“ ნასრედინ ალსაიედსა და შპს „ალნახილ ჯორჯიას“ ვერ დაუკავშირდა. დოკუმენტებში მითითებულ მისამართებზე კარი არავინ გააღო. ასევე არ უპასუხეს შეტყობინებებს ტელეფონებსა და ელექტრონულ ფოსტაზე.

კუმისში, გარდა ნასრედინ ალსაიედისა, მიწის ორი ნაკვეთი „კუმისი XXI“-სგან ნაყიდი აქვს სააქციო საზოგადოება „ზე გალფ“-საც. დაახლოებით 46 ჰა. ეს საზოგადოება 2017 წლის მარტშია დარეგისტრირებული და მისი დირექტორიც იემენის მოქალაქეა, რომელსაც აქვს საქართველოში ბინადრობის მოწმობაც.

„ზე გალფს“ ერთი ნაკვეთი 85 ნაწილად აქვს დაყოფილი, თუმცა ამ დროისთვის ყველა ნაკვეთის მესაკუთრე რეესტრის მიხედვით თავად კომპანიაა.

გარდაბანში ამბობენ, რომ საქართველოს თუ უცხო ქვეყნის არაქართველი მოქალაქეები მიწის კეთილსინდისიერი მყიდველები არიან, თუმცა ამ დროისთვის ამ მიწებზე არაფერს აწარმოებენ.

„კუმისი XXI“-მ მიწები სახელმწიფოსგან 2006 წელს შეიძინა. „ყველა პროცედურის დაცვით იქნა შეძენილი მიწა. ხარვეზი არ იყო. ბევრჯერ იქნა გადამოწმებული საქმიანობის დროსაც და გაყიდვის დროსაც“, – ამბობს კომპანიის დირექტორი გოგი მაისურაძე.

[highlight color=”eg. green”]მიწა კონსტიტუციაში[/highlight]

ახალი კონსტიტუციის პროექტში გაჩნდა ჩანაწერი, რომ „მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით“.

ორგანული კანონის პროექტი კი, რომლითაც მიწის ყიდვა-გაყიდვა უნდა დარეგულირებულიყო, პარლამენტიდან გათხოვილია.

შესაბამისად, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქე დღეს მიწას ვეღარ იყიდის, ვინაიდან შეჩერებულია კანონის შესაბამისი მუხლი, რომელიც უცხოელს მიწაზე საკუთრების უფლებას ანიჭებდა.
აკრძალვა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ეხება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტის, თეონა ზაქარაშვილის თქმით, მოქალაქეებს ურა-პატრიოტული გრძნობებით საუბრის მაგივრად უნდა აუხსნან, თუ რა შედეგი ექნება ამ აკრძალვას: „დღეს თუ სახელმწიფო ასეთ აკრძალვას აწესებს – ვალდებულია მივიდეს თავის მოქალაქეებთან და უთხრას, რომ მისთვის პრიორიტეტია მიწა არ გასხვისდეს უცხოელზე, მაგრამ ეს გამოიწვევს:

[checklist]

  • იმ მიწების გაუფასურებას, რომლებიც საკუთრებაში აქვთ (გლეხებისთვის სოფლად ისედაც დაბალი ფასი აქვს);

  • ეს გამოიწვევს იმას, რომ ინვესტიციები აგრარულ სექტორში არ შემოვა, ისედაც მცირე შემოდიოდა და კიდევ უფრო შემცირდება, რადგან უცხოელი, ვთქვათ, 100 მილიონის ინვესტიციას სხვის საკუთრებაში არსებულ მიწაზე არ შემოიტანს;
  • ეს არის უარის თქმა აგროსექტორის განვითარებაზე და იმაზე მსჯელობა, რომ აგროსფეროს განვითარება მთავრობის პრიორიტეტია, ეს აღარ გამოვა“.

[/checklist]

ცვლილების პროექტის თანახმად, კონსტიტუციას ემატება ნორმა, რომელიც მიწას ანიჭებს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რესურსის სტატუსს.

თეონა ზაქარაშვილის თქმით, მიწა განსაკუთრებული სტატუსის მქონე რესურსი ნამდვილად არის, თუმცა ეს არის სახელმწიფოს გადასაწყვეტი საკითხი იმის გათვალისწინებით, თუ რა პრიორიტეტები გააჩნია: „ხელისუფლების გადაწყვეტილებას კი, არც კონსტიტუციის მუხლის დასაბუთებას და არც მორატორიუმის დასაბუთებას, არანაირი გათვლები არ ახლავს – არც ეკონომიკური, ფინანსური, არც გარემოზე ზემოქმედების კუთხით. ამასთან, ბანკები, არ მიიღებენ მიწებს უზრუნველსაყოფად. ისედაც არავის უნდა სესხის სანაცვლოდ ამ მიწების თუნდაც დროებით დატვირთვა“.

„ამ დარგში სწორი და ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აგრარული სექტორის სოციალურ-ეკონომიკური და ეთნიკურ-დემოგრაფიული საკითხების გათვალისწინებით. ამასთან, სახელმწიფოსთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სივრცეს და აგრარული სექტორის განვითარების უალტერნატივო საშუალებას, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის საკითხს“, – აღნიშნული იყო კანონპროექტის განმარტებით ბარათში, რომლითაც უცხოელზე მიწის მიყიდვა შეჩერდა. იქვე მითითებული იყო, რომ სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთი არ არსებობს. არ არსებობდა კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის ან/და ექსპერტის შეფასებაც კანონპროექტის მიმართ.

[highlight color=”eg. green”]დამუშავებული და დასამუშავებელი მიწები ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით[/highlight]

საქართველოს კანონმდებლობით სხვადასხვა დანიშნულების მიწაა განსაზღვრული – სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო, საკარმიდამო, სათიბი და სხვა.

დეტალური ინფორმაცია კატეგორიების მიხედვით მიწის ფართობების შესახებ, როგორც აღმოჩნდა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს არ აქვს.

„ჩვენ ოფიციალური ინფორმაცია მიწების კატეგორიების მიხედვით არ გვაქვს. არც მიწის განკარგვის და არც რესურსის შესახებ ციფრები არ გაგვაჩნია. რომ არ არის აღრიცხული ვის მფლობელობაში რა რაოდენობის მიწაა, ეს არის პრობლემა, არსებობს ეგ პრობლემა და ჩვენ ამას მარტო ვერ მოვაგვარებთ“, – გვითხრეს სამინისტროში.

„კონსტიტუციაში მუხლს ვწერთ და არ ვიცით რა მიწებზეა საუბარი. არ გვაქვს არანაირი სტატისტიკა, არც ეკონომიკური ეფექტია გათვლილი, თუ რა ზიანი მიადგება საინვესტიციო გარემოს, ეკონომიკას, ბიუჯეტს, მოქალაქეს. არაფერი არ გვაქვს გაკეთებული, უბრალოდ, ავდექი და გადავწყვიტე სახელმწიფომ, რომ არ იყოს თავისუფალ მიმოქცევაში მიწა, თან მხოლოდ ერთი კატეგორიის – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. სხვა კატეგორიის მიწაზე არ არის შეზღუდვა. ფაქტობრივად, გლეხი მიწას თავისუფლად ვეღარ გაყიდის“, – ამბობს თეონა ზაქარაშვილი.

მიწის რესურსთან დაკავშირებით საქსტატში გვითხრეს, რომ 2014 წლის აღწერის შედეგებით გვესარგებლა. ამ მონაცემებით საქართველოში მიწების საერთო ფართობი, რაც მუშავდება, 842 289 ჰექტარია, რომლის 93 პროცენტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა. ამ მიწებით კი 642 209 მეურნეობა სარგებლობს, რომელთაგან 2246 იურიდიული პირია, დანარჩენი კი – ოჯახური მეურნეობები.

1

 

[highlight color=”eg. green”]შემცირებული ინვესტიცია[/highlight]

უცხოელებზე მიწის საკუთრებაში გადაცემის აკრძალვის მომხრეები ამბობენ, რომ საინვესტიციო გარემოს ზიანი არ მიადგება, რადგან უცხოელებს შეუძლიათ მიწები იჯარით აიღონ.

„აიღოს იჯარით, მაგრამ არა საკუთრებაში“, – ეს არის ძალიან უცნაური მიდგომა. წარმოიდგინეთ, ინვესტორი, რომელიც აპირებს 100 მილიონის ინვესტიციას და იმას ეუბნები, რომ მოდი, მიწა იყოს ჩემი მოქალაქის, შენ კი დაამუშავე, შემოიტანე ეს ინვესტიცია… ამ დროს მესაკუთრეს შეუძლია ეს მიწა გაასხვისოს, ბანკში ჩადოს და ეს 100-მილიონიანი ინვესტიცია შეიძლება გაყვეს მიწას. სერიოზული ბიზნესისთვის ეს არის შეუძლებელი“, – აცხადებს თეონა ზაქარაშვილი.

სტატისტიკის მიხედვით, 2009 წელთან შედარებით თითქმის განახევრდა სოფლის მეურნეობასა და მეთევზეობაში ჩადებული უცხოური ინვესტიცია: 22 მილიონი აშშ დოლარიდან, 9,9 მილიონ აშშ დოლარამდე [2016 წელი].

თეონა ზაქარაშვილის თქმით, იყო უამრავი ფაქტორი, რაც ხელს უშლიდა აგროსექტორში ინვესტიციის ჩადებას: „ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია მყარი გარემო დახვდეს სამართლებრივად და სახელმწიფო მთავრობის სურვილების მიხედვით არ ცვლიდეს კანონებს; მნიშვნელოვანია დახვდეს სტაბილური ეკონომიკა და არა ის რყევები, რაც რისკის ქვეშ აყენებს ინვესტორის ბიზნესს. ასევე უსაფრთხოების კუთხითაც არ გვქონდა იოლი პერიოდი – აგვისტოს კონფლიქტი, ეკონომიკური კრიზისი… ამ ფონზე არ არის იოლი სერიოზული ბიზნესმენი დააინტერესო შენი ქვეყნით. მითიუმეტეს აგროსექტორში, როცა ნაკლებად გყავს ამ სფეროს სპეციალისტები და ჯერ კიდევ წინა საუკუნის იარაღებით ამუშავებ მიწას“.

უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ მიწის შესყიდვის აკრძალვის კამპანია საქართველოში 2012 წლიდან სახელმწიფო დონეზე გააქტიურდა.

„ჯერ იყო ერთი მორატორიუმი, შემდეგ აკრძალვა, შემდეგ საკონსტიტუციომ არაკონსტიტუციურად ცნო ეს აკრძალვა, შემდეგ ცოტა ხანი იყო თავისუფალი მიწის ყიდვა-გაყიდვა, თუმცა საჯარო რეესტრის თანამშრომლებს არაპირდაპირი დირექტივა ჰქონდათ, არ დაერეგისტრირებინათ უცხოელებისთვის მიწები და ხელოვნურ ბარიერებს უქმნიდნენ. ახლა ისევ აკრძალვა და როდის უნდა შემოსულიყო ინვესტიცია?“ – ამბობს თეონა ზაქარაშვილი.

2

სტატისტიკის მიხედვით, სოფლის მეურნეობაში ინვესტიციის კლების პარალელურად იკლებს სოფლად მცხოვრებთა რიცხვიც. ბოლო ათი წლის განმავლობაში სოფლის მოსახლეობა საქართველოში თითქმის ნახევარი მილიონი კაცითაა შემცირებული.

მცირდება ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობებიც. ბოლო სამ წელში ნათესი ფართობები 34 000 ჰექტარით შემცირდა.

სტატისტიკა ადასტურებს, რომ სახელმწიფოს მცდელობა დაეხმაროს ფერმერებს, არასაკმარისი, არაეფექტურია. შესაბამისად, ოჯახური მეურნეობები მიწის დამუშავებას ვერ ახერხებენ, ან, მიწის სიმცირის, გაზრდილი ხარჯებისა და მწირი მოსავლის გამო დამუშავება არ უღირთ.

ოფიციალური სტატისტიკა, თუ რამდენი უცხოელი ან უცხოური კომპანია რამდენ კვადრატულ მეტრ მიწას ფლობს საქართველოში, იუსტიციის სამინისტროდან ორი კვირის განმავლობაში ვერ მივიღეთ.

 

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“[/highlight]

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: