მთავარი,სიახლეები

„ძალა ევროპაშია“ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ

06.09.2017 • 2260
„ძალა ევროპაშია“ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ

საინფორმაციო კამპანია „ძალა ევროპაშიას“ ფარგლებში დღეს, 6 სექტემბერს, ბათუმში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა.

კამპანიის მიზანი საზოგადოებაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. შეხვედრაზე საუბარი იყო  პრორუსული განწყობების გაძლიერების პრობლემაზე, რითაც რუსეთი ცდილობს შეცვალოს ქვეყნის განვითარების დასავლური კურსი და გავლენა მოახდინოს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ორგანიზებით მოეწყო.

რამდენად ეფექტურია ხელისუფლების ქმედებები პრორუსული განწყობების შესასუსტებლად და რა არის საჭირო საზოგადოების ცნობიერების გაზრდისთვის? ამ თემაზე „ბათუმელები“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელს ეკა გიგაურს ესაუბრა.

ქალბატონო ეკა, „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ჰქონდა კანონპროექტი, რომელიც წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების მხრიდან რუსული პროპაგანდის აკრძალვას მოითხოვდა. რა ეტაპზეა ეს საკითხი? 

ეს ინიციატივა მიმართული იყო იმისთვის, რომ რეგულაციები, რომელიც ეხება პოლიტიკური პარტიების რეკლამას, უფრო დაგვეზუსტებინა, რომ პოლიტიკურ პარტიას არ გაეშვა ისეთი ტიპის პოლიტიკური რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ბაზების დაკანონებას ჩვენს ქვეყანაში.

ჩვენი კანონმდებლობით რუსეთი აღიარებულია, როგორც ოკუპანტი სახელმწიფო. შესაბამისად, ასეთი ტიპის რეკლამა, მით უმეტეს უფასო რეკლამა პრორუსულ განწყობებს გააძლიერებდა. ამ ეტაპზე, რაც ვიცით, პარლამენტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი ამ მიმართულებით, თუმცა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჯერ არ ჩანიშნულა და შესაბამისად, არ ვიცით როგორ განვითარდება ეს მოვლენები.

რატომ არის  სახიფათო პრორუსული რიტორიკის გაძლიერება, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ?

მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველოში, სამწუხაროდ, არიან პოლიტიკური პარტიები და კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც ეწევიან ანტიდასავლურ და პრორუსულ პროპაგანდას და შეფარულად, ან ღიად ცდილობენ დაარწმუნონ ჩვენი მოსახლეობა, რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ და შესაძლებელია ჩვენთვის ხსნაც იყოს ის, რომ რუსეთი გახდება ჩვენი მეგობარი და თუკი ჩვენ რუსეთს შევთავაზებთ ჩვენს ტერიტორიებს და ბაზებს განვათავსებინებთ, შესაძლებელია ეს დაგვეხმაროს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში.

რა თქმა უნდა ეს არის ცეცხლთან თამაში. ეს არ შეიძლება ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, რადგან რუსეთი არის ოკუპანტი სახელმწიფო, 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული ჩვენი სახელმწიფოსი და შესაბამისად, არ შეიძლება ისინი ჩავთვალოთ ჩვენ პარტნიორებად ან მეგობრებად, იმიტომ რომ მათ არ შეიძლება ჩვენი პროგრესი უხაროდეთ.

როგორ უნდა მოხდეს რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა და ხედავთ თუ არა სახელმწიფოს ძალისხმევას ამ მიმართულებით?

რუსული პროპაგანდა არის ძალიან დიდი პრობლემა მსოფლიოში და მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები, იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც განსხვავებულ აზრს ებრძვიან რუსები, ამ მეთოდებით ვერ დავუპირისპირდებით. მარტივი მაგალითი რომ ავიღოთ, ვერ დახურავენ რომელიმე მედიასაშუალებას, რაც მარტივად შეიძლება მოხდეს რუსეთში.

ჩვენი მმართველი პარტია რა თქმა უნდა არ არის პრორუსული, მაგრამ რუსეთთან მიმართებაში ხელისუფლების გზავნილები უნდა იყოს ერთგვაროვანი და მკაფიო. თუმცა, იმის გამო რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები პრორუსულ გზავნილებს აკეთებდნენ, ეს საზოგადოების დაბნეულობას იწვევდა.

დღეს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით გარკვეული სტრატეგიული დოკუმენტები არსებობს და გვაქვს წინსვლა ევროკავშირთან, მაინც მნიშვნელოვანია რომ ხელისუფლების ყველა მაღალჩინოსნისგან გზავნილები იყოს მკაფიო.  გვაქვს შემთხვევები როცა ადგილობრივ თვითმმართველობებში ასეთი გზავნილები მკაფიო არ არის და პრორუსული გზავნილების გავრცელების მხრივ პრობლემები არსებობს.

როცა ხელისუფლებას აქვს განსხვავებული გზავნილები, რაზე მიანიშნებს ეს?

პირველი პრობლემა, ალბათ, დაკავშირებულია კოორდინაციის ნაკლებობასთან ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. მეორე შეიძლება იყოს ის, რომ მმართველ პარტიაშიც ადამიანების შეკრება არ ხდება ღირებულებების მიხედვით და არაერთგვაროვანი ღირებულებების მქონე ადამიანების ერთობლიობა არის პოლიტიკური კულტურის თემა და უფრო დიდი პრობლემაა, როგორც მმართველი პარტიისთვის, ასევე სხვა პარტიებისთვისაც.

სხვადასხვა კვლევები აჩვენებს რომ პრორუსული განწყობების გაძლიერებას ყველაზე მეტად უწყობს ხელს მედია, შემდეგ კი პოლიტიკური პარტიები. ვიცით ისიც, რომ  პრორუსული მედიიის ფინანსური წყარო რუსეთია. ქართული კანონმდებლობით როგორც მედიის, ასევე პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წყარო უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება საკმარისი ძალისხმევის გაღება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსული ფინანსური წყაროები საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი. რატომ?

შესაძლებელია აქაც იყოს რამდენიმე მიზეზი. პირველი ის, რომ არ იყოს ეფექტური ჩვენი სპეცსამსახურები და პროფესიონალიზმის პრობლემაა, მეორეს მხრივ კი, არ იყოს მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური ნება. ეს გზავნილები რომელიც გვესმის, რომ არ უნდა გავაღიზიანოთ რუსეთის ფედერაცია, ესეც შესაძლებელია მოქმედებდეს ამაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არის გარკვეული აქტივობები განხორციელებული საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ამავე მიზანს ემსახურება პროექტიც „ძალა ევროპაშია“, რომლის ფარგლებშიც ხვდებით და ესაუბრებით ადამიანებს, მაგრამ არის თუ არა ეს აქტივობები საკმარისი და რა არის კიდევ გასაკეთებელი იმისთვის რომ საზოგადოება არ მოექცეს რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ და შეიცვალოს მათი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ?

ჩვენ ყველამ, ვინც ვფიქრობთ, რომ „ძალა ევროპაშია“ არის სწორი გზავნილი,  ერთობლივად, კოორდინირებულად უნდა ვიმოქმედოთ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ დონორებმაც თავიანთი პროექტების კოორდინირება გააკეთონ, რადგან ბევრი პროექტია რომელიც ხორციელდება, მაგრამ საერთო სურათს ვერ ვქმნით. ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ ყველამ ჩვენი ქმედებების კოორდინაცია გავაკეთოთ. შედეგი ჯერ არ არის ეფექტური, რადგან ქართული საზოგადოება და მედიაც ამ მიმართულებით სულ რამდენიმე წელია რაც მუშაობს, აქამდე თითქოს არ ვაღიარებდით რომ ეს პრობლემა არსებობდა, ამიტომ, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ საზოგადოების ცნობიერება მომწიფდეს.

შეხვედრა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ საინფორმაციო კამპანია „ძალა ევროპაშია“ ფარგლებში

შეხვედრა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ საინფორმაციო კამპანია „ძალა ევროპაშია“ ფარგლებში

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: