მთავარი,სიახლეები

დავა 66 მილიონზე – ვის ააშენებინებენ ბათუმში ახალ სპორტსკოლას

06.09.2017 • 5771
დავა 66 მილიონზე – ვის ააშენებინებენ ბათუმში ახალ სპორტსკოლას

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებულ ტენდერზე შესყიდვების საააგენტოს დავების საბჭო მსჯელობს.  შპს „სტადიონმა“ „საბა კონსტრაქშენს“, რომელმაც ელექტრონულ ვაჭრობაზე ყველაზე დაბალი ფასი დაასახელა, დისკვალიფიკაცია მისცა.

კანონმდებლობა ასეთ შემთხვევაში უპირატესობას ტენდერში მონაწილე სხვა კომპანიას ანიჭებს, რომელმაც ასევე სხვა პრეტენდენტებთან შედარებით დაბალი ფასი დააფიქსირა [ამ შემთხვევაში ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა]. შესაბამისად, შანსი გაუჩნდა შპს „დაგს“, მიუხედავად იმისა, რომ მან მესამე პრეტენდენტზე ნაკლები, მაგრამ „საბა კონსტრაქშენთან“ შედარებით იგივე სამუშაოს შესასრულებლად ოთხი მილიონით მეტი მოითხოვა.

tenderi

„საბა კონსტრაქშენი“ შპს „სტადიონს“ დავების საბჭოში უჩივის. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კომპანიის საჩივრის პირველად განხილვას შესყიდვების სააგენტოში თავად სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე  დასწრებია.

შპს „სტადიონი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა. 2015 წელს ის ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის კურირებისა და მისი ზედამხედველობის მიზნით შექმნეს. მოგვიანებით ამ ორგანიზაციას ჩააბარეს ბათუმის ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე ზედამხედველობაც.

სახელმწიფო სტრუქტურის მიერ დაფუძნებული შპს ვალდებულია, დაზოგოს ბიუჯეტის ფული და ხელოვნური პრობლემები არ შეუქმნას კომპანიას, რომელიც სახელმწიფოს იგივე სამუშაოს ოთხი მილიონით ნაკლებად სთავაზობს, ვიდრე მისი პრეტენდენტი. პარალელურად შემსყიდველს იმის ვალებულებაც აქვს, კარგად გადაამოწმოს აკმაყოფილებს თუ არა მიმწოდებელი სატენდერო წინადადებით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას და ატვირთა თუ არა კომპანიამ შესაბამის ვებგვერდზე ყველა საჭირო დოკუმენტი.

კომპანიის მხრიდან სატენდერო წინადადებით მოთხოვნილი პირობების შეუსრულებლობაზე სანქციის არ გატარებამაც შესაძლოა გააჩინოს ეჭვები შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართ.

ამ შემთხვევაში დავა სწორედ „საბა კონსტრაქშენის“ მხრიდან საჭირო დოკუმენტების არასრულად ატვირთვას ეხება. კომპანიაში ამტკიცებენ, რომ იმ ტიპის დოკუმენტების შემთხვევაში, რომლებიც კომპანიას ვებგვერდზე არ აუტვირთია, სატენდერო წინადადება ითვალისწინებდა დაზუსტებას [დოკუმენტის მოთხოვნა-მიწოდებას] და არა  დისკვალიფიკაციას.

შპს „სტადიონის“ შესყიდვების კომისიის ოქმის მიხედვით პრეტენდენტს, რომელმაც ელექტრონულ ვაჭრობაზე უმცირესი ფასი დააფიქსირა, არ წარუდგენია ინფორმაცია სპეციალისტების შესახებ, საინფორმაციო ანკეტა და დანართი, ასევე ანალოგიური მიწოდების დადასატურებისთვის საჭირო მიღება-ჩაბარების  ანგარიშფაქტურები და რამდენიმე სხვა დოკუმენტი, რის გამოც ის დაექვემდებარა დისკვალიფიკაციას.

მოკლე ამონარიდი ოქმიდან:

სატენდერო დოკუმენტაციის (კითხვარის) 10.1.6 პუნქტით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ პრეტენდენტის მიერ საერთოდ არ განხორციელდა სატედერო კითხვარით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო დანართის წარმოდგენა. ვინაიდან შპს “საბა კონსტრაქშენ”-ის მიერ საერთოდ არ განხორციელდა სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო დანართების წარმოდგენა, პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების გარეშე ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

„საბა კონსტრაქშენი“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან შპს „სტადიონის“ შესყიდვების კომისიის გადაწყეტილებას და შესაბამისი ოქმის [კომპანიის დისკვალიფიკაციაზე] გაუქმებას ითხოვს.

საჩივრის მიხედვით, კომპანიაში მიიჩნევენ, რომ შესყიდვების კომისიის გადაწყვეტილება სააგენტოს თავმჯდომარის იმ ბრძანებას  ეწინააღმდგება, რომლის მიხედვითაც სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემებს ან შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომლის წარდგენა ან დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას, ან არ გაზრდის წინადადების ფასს. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ, ასევე არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა.

კომპანია საჩივარში ტენდერში დაფიქსირებული თანხების სხვაობაზეც აკეთებს აქცენტს:

ტენდერში მონაწილე დარჩენილი კომპანიების მიერ შეთავაზებულ ღირებულებასა და ჩვენს მიერ შეთავაზებულ ღირებულებას შორის სხვაობა შეადგენს მიახლოებით 4 000 000 ლარს. რაც, თავის მხრივ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, მე-2 მუხლის (კანონის მიზანი) “ა” ქვეპუნქტთან, რომელიც “სახელმწიფო შესყიდვებისთვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა”-ს ითვალისწინებს.

შპს „სტადიონის“ დირექტორის სულხან ხალვაშის განმარტება:

სატენდერო დოკუმენტაციაში ჩვენ გვაქვს იმპერატიული ჩანაწერი, რომ პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ყველა სავალდებულო დანართი. ამ დანართებიდან პრეტენდენტმა სამი არ წარმოადგინა. დაზუსტებას ექვემდებარება შემთხვევა, თუკი ყველაფერი აქვს წარმოდგენილი და ამ დოკუმენტებში რაიმე გაურკვეველია. თავისთავად, კომპანია იცავს თავს, ამიტომ შეიტანეს საჩივარი. ჩვენ ველოდებით დავების საბჭოს გადაწყვეტილებას.

„საბა კონსტრაქშენს“, რომელიც ახლა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილებას ელოდება შპს „სტადიონთან“ თანამშრომლობის გაგრძელება ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს. ეს კომპანია აშენებს ახალ საავადმყოფოს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე.

დავების საბჭომ საჩივარი უკვე განიხილა, მოუსმინა ორივე მხარეს და უახლოეს მომავალში გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს.

„საბა კონსტრაქშენი“ 2012 წელს დააფუძნეს. კომპანიის მფლობელია სლავა შერაზადიშვილი, ხოლო დირექტორი ლევან თარგამაძე. ეს კომპანია განსაკუთრებით ბოლო წლებში იღებს მაღალბიუჯეტიან დაკვეთებს სახელმწიფო სტრუქტურებისგან. კომპანია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სახელმწიფოსთან ნაკისრ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს.

სამშენებლო ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია შპს „დაგიც“. გასულ წელს კომპანიამ სახელმწიფო სტრუქურებისგან 46 მილიონ 730 ათასი ლარის ღირებულების, 2017 წლის ექვს თვეში კი – 10 მილიონი ლარის დაკვეთა მიიღო. ამ კომპანიის მფლობელმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიას მაღალბიუჯეტიანი პროექტის დაფინანსებაზე უარი არ უთხრა.

„სამშენებლო კომპანია დაგი წარმოგიდგენთ“ – ამ ფრაზით იწყება ტელეკომპანია GDS- ის სატელევიზო სერიალ „ტიფლისის“ ყველა სერია. ეს იყო პირველი შემთხვევა საქართველოში, როცა სამშენებლო კომპანიამ მრავალსერიანი ფილმი სრულად დააფინანსა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: