შაჰინის ლიცეუმის ყოფილ შენობაში ახალი სკოლა გაიხსნება

შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ყოფილ შენობაში ახალი სკოლა გაიხსნება. ლიცეუმის დახურვის შემდეგ შენობა კომპანია „ვი თი ჯგუფმა“ შეიძინა. ამ  კომპანიაში განმარტავენ, რომ ლიცეუმის შენობის ტერიტორიაზე კერძო და საზაფხულო სკოლები გაიხსნება. „ვი თი ჯგუფი“ არსებული შენობის ინფრასტრუქტურის განახლებას, მოდერნიზაციას და მაღალკვალიფიციური გუნდის შექმნას აპირებს.

„კომპანიამ შეისწავლა აჭარის რეგიონში საგანმანათლებლო, კონკრეტულად კი კერძო საშუალო სკოლების სეგმენტი, რის შედეგადაც მიიღო გადაწყვეტილება, ბათუმში დაარსოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულება. „ვი თი ჯგუფი“ წარმოადგენს ჰოლდინგურ კომპანიას, რომელიც წარმატებულად მოღვაწეობს სხვადასხვა ბიზნეს სექტორში. კომპანიის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს საგანმანათლებლო სფერო. 2012 წელს „ვი თი ჯგუფმა“ პარტნიორებთან ერთად დააფუძნა ქართულ-ამერიკული სკოლა, რომელსაც ამჟამად ორი ფილიალი აქვს თბილისში. “ქართულ-ამერიკული სკოლა / Georgian-American School ” (www.gas.edu.ge) ერთ-ერთი წამყვანი კერძო სკოლაა საქართველოში, რომელმაც თავისი არსებობის უმოკლეს პერიოდში დაიმკვიდრა წარმატებული და ღირსეული საგანმანათლებლო დაწესებულების სახელი”, – აღნიშნულია „ვი თი ჯგუფის“ მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილობით პასუხში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ პედაგოგების გუნდი ახალ სკოლაში დაკომპლექტებული იქნება, როგორც ადგილობრივი, ასევე ევროპელი და ამერიკელი სპეციალისტებით. სკოლას ექნება მათემატიკისა და უცხო ენების შემსწავლელი გაძლიერებული პროფილი. გარდა ამისა, იგეგმება თანამედროვე ტიპის საბავშვო ბაღის გახსნაც.

ავტორიზაციის საბჭომ ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია მიმდინარე წლის თებერვალში გაუუქმა, რის გამოც სკოლამ ფუნქციონირება შეწყვიტა. რამდენიმე დღის წინ კი, ამავე ავტორიზაციის საბჭომ, თბილისში არსებული დემირელის სკოლაც დახურა.

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება დემირელის სკოლების ქსელის კიდევ ორი სკოლა, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის და რუსთავის რუსთაველის სახელობის სკოლები.

დემირელის სკოლების ქსელის მფლობელები მიიჩნევენ, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებები პოლიტიკურად მოტივირებულია და დემირელის ქსელის სკოლებს საქართველოში თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით ხურავენ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი