ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი 

ყოველი ახალი მოგზაურობის დაგეგმვის წინ ვფიქრობ, სად და როგორ ვიპოვო ისეთი ადგილი, რომელსაც დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, მაგრამ ამჟამად ნაკლებად პოპულარულია. ჟურნალის ამ ნომრის დაგეგმვის წინ, ერთ-ერთი ასეთი ძებნის დროს, შემთხვევით ვიპოვე ინფორმაცია ქვასაყდარას შესახებ. მანამდე არასდროს გამიგია ამ ადგილზე.

იმერეთში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარე ქვასაყდარაზე ინფორმაციას ტურისტულ გზამკვლევებში ვერ შეხვდებით. უფრო მეტიც, თუ საირმე-აბასთუმანის დამაკავშირებელი გზით ოდესმე გისარგებლიათ, ამ ადგილის შორიახლოს აუცილებლად გაივლიდით.

ალპურ ზონაში, ვულკანური წარმოშობის ქვასვეტები ორი წლის წინ, გეოგრაფმა გიორგი დვალაშვილმა აღმოაჩინა და მას შემდეგ ამ ულამაზესი ადგილის პოპულარიზაციას ცდილობს.

იმისთვის, რომ ქვასაყდარაზე მოხვდეთ, ჯერ იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში უნდა ჩახვიდეთ, ბაღდათიდან კი – საირმეში. კურორტ საირმედან იმ მინდვრამდე, სადაც ქვასვეტებია მიმობნეული დაახლოებით 20 კილომეტრია. საირმეში აუცილებლად მოგიწევთ მანქანის დაქირავება ან დარჩენილი 20 კილომეტრის ფეხით გავლა. კურორტზე, როდესაც ახვალთ, გირჩევთ აუცილებლად შეისვენოთ და საირმის უნიკალური წყლები დააგემოვნოთ.

 

1

IMG_0166

6

 

საირმეში წყლის ოთხი ბიუვეტია (ასე ჰქვია ადგილს, საიდანაც სამკურნალო წყალი გადმოდის), სამი ბიუვეტიდან წყლის დალევა შეუზღუდავად შეგიძლიათ, მეოთხე ბიუვეტიდან დალევა კი ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არ არის რეკომენდებული.

საირმედან გზა ქვასაყდარასკენ ულამაზეს ხეობაში გადის. გზად ბევრგან შეგხვდებათ ბუნებრივი ქვასვეტები, თავზე ამოსული ხეებით. კურორტს როგორც კი გასცდებით, აუცილებლად გაჩერდით ე.წ. სილამაზის წყაროსთან და მისი წყალი იგემეთ. ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, ის, ვინც ყოველდღე სვამს სილამაზის წყაროდან წყალს, ლამაზდება და უფრო ჯანმრთელი ხდება.

სილამაზის წყაროდან ქვასაყდარასკენ გზაზე ბევრგან შეგხვდებათ ფუტკრის სკა, რომელიც ველურ ბუნებაში ჩაუდგამთ სკის მეპატრონეებს. ყოველწლიურად ასობით მეფუტკრე ირჩევს ამ რეგიონს, როგორც აქ ამბობენ – „ფუტკრის დასასმელად“. დაახლოებით16 კილომეტრის გავლის შემდეგ მწყემსების სადგომი შემოგხვდებათ. იმერეთის ბარის სოფლებიდან გლეხები ზაფხულობით ალპურ საძოვრებზე მიერეკებიან ხოლმე თავიანთ საქონელს და მთელ სამ თვეს საძოვარზე ატარებენ. ამბობენ, რომ მწყემსების მიერ დამზადებული იმერული სულგუნი და ყველი განსაკუთრებულად გემრიელია.

ქვასაყდარა საირმე-აბასთუმნის გზაზე მდებარეობს. წლის ამ დროს, როცა უღელტეხილზე გადასასვლელი გზა გახსნილია, უამრავი ტურისტი გადადის ამ უმოკლესი გზით აბასთუმანში. იმის გამო, რომ არც ერთ ტურისტულ რუკაზე ქვასაყდარა აღნიშნული არ იყო, გზის ეს მონაკვეთი შეიძლება ისე გაგევლოთ, რომ მძინარე ლოდების მინდვრისთვის თვალიც ვერ მოგეკრათ.

 

4

 

ახლა ქვასაყდარას გადასახვევთან აბრაა, რომელიც მიგანიშნებთ, რომ ამ აბრიდან სადღაც 200 მეტრში ტურისტული ობიექტია.

ქვასაყდარაზე ასულს ნისლში ამომართული უზარმაზარი ქვის ლოდები დამხვდა. სხვადასხვა ფორმისა და ზომის ვულკანური წა­რმოშობის ქვები მნახველს ერთი შეხედვით ატყვევებს. როგორც ჩემმა მეგზურმა მითხრა, მზიან ამინდში ქვასაყდარადან ცნობილი მთა, დიდმაღალი და ზეკარის უღელტეხილი მოსჩანს. ნისლში გახვეული სხვადასხვა ფორმის ქვები ერთგვარი გამოცანაა. ერთ-ერთ ქვას მწყემსები მძინარე კაცის ქვას ეძახიან, კიდევ ერთ ქვა-სვეტს კი გეოგრა­ფი გიორგი დვალაშვილი სფინქსს ადარებს.

 

5

3

ქვასაყდარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო

ქვასაყდარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო

 

ქვასაყდარაზე ორი წლის წინ ტურისტული თავშესაფარი მოეწყო. ტრიალ მინდორში ჩადგმულ კოტეჯში ტურისტებს თავის შეფარება შეუძლიათ – თავშესაფარში ღამის გათევა უფასოა, თუკი საკუთარი კარავი გაქვს. იქვეა საკემპინგე ადგილები. ელექტროგენერატორის წყალობით კი ტელეფონების და სხვა ელექტრომოწყობილობების დამუხტვაცაა შესაძლებელი. ტურისტული თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის გაშლა უფასოა, ხოლო თუ ტურისტებს ტრადიციული სამზარეულოს გაცნობა-დაგემოვნება სურთ, თავშესაფრის მასპინძლები ამ სერვისს საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასში სთავაზობენ.

 

IMG_0339

IMG_0255

IMG_0204

 

ქვასაყდარასადმი ინტერესი უფრო მთის მოყვარულ ტურისტებს აქვთ. იმის გამო, რომ შემოდგომაზე ეს ადგილი მტაცებელი ფრინველების გადაფრენის არეალია, მისი ტურისტული პოტენციალი უფ­რო იზრდება.

გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“

თეგები: |