გვირაბის ჩამონგრევის მიზეზებზე ხელისუფლება ინფორმაციას არ ფლობს

„სხალთა-დიდაჭარის“ გადამცემი გვირაბის მონაკვეთი, აგვისტოს შუა რიცხვებში ჩამოიშალა. გვირაბის ნაწილის ჩამოშლის ფაქტს, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიაც“ ადასტურებს, თუმცა გვირაბის ჩამოშლის მიზეზებზე, კომპანიაში პასუხები არ აქვთ. „აჭარისწყალი ჯორჯია“ შუახევიჰესის პროექტს ახორციელებს, აღნიშნული გვირაბი კი ამ პროექტის ფარგლებში აშენდა.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, რომ ტექნიკური გუნდი უცხოეთში იმყოფება და გვირაბის ჩამოშლის მიზეზებს საქართველოში დაბრუნების შემდეგ შეისწავლიან.

„გვირაბი ტესტირების დროს ჩამოიშალა, თუმცა ვერ გეტყვით რა გახდა ამის მიზეზი. ტექნიკური ჯგუფი უცხოეთშია და როცა დაბრუნდება შეისწავლის პრობლემას“ – გვეუბნება ნინო დიასამიძე. მისივე ინფორმაციით, ცხრაკილომეტრიანი გვირაბიდან წყლის ამოტუმბვის პროცესი მიმდინარეობს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება კვლევა.

კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, გვირაბის ჩამოშლა საფრთხეს არ უქმნის მოსახლეობას.

„მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან გვირაბი ღრმად არის მიწაში და არც მის ზემოთ ცხოვრობს მოსახლეობა. რაც შეეხება სოფელ გორხანაულს, თითქოს ამ სოფლის პრობლემები გვირაბთან არის დაკავშირებული, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან გვირაბს ამ სოფელთან შეხება არ აქვს“ – ამბობს ნინო დიასამიძე.

კომპანიის მიერ ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციაში კი წერია, რომ „გვირაბის მცირე მონაკვეთის ჩამოშლა არ შეაფერხებს შუახევი ჰესის მუშაობას, რომელიც უკვე მზადაა კომერციული ოპერირებისთვის“.

მათივე ინფორმაციით, გვირაბის ეს ნაწილი დიდაჭარის წყალსაცავთან ახლოს, გვირაბის გამოსასვლელიდან 170 მეტრის დაშორებით მდებარეობს.

რატომ ჩამოინგრა გვირაბი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ინფორმაციას არ ფლობენ. სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკა ხომერიკის თქმით, მშენებლობის პროცესზე მონიტორინგს ჰიდრო-ელექტრო ნაგებობების სამმართველო ახორციელებს, რომელსაც მსგავს შემთხვევებში ინფორმაცია სამინისტროსთვის უნდა მიეწოდებინა, თუმცა არ მიაწოდეს: „შეიძლება რაღაც ფაქტი მოხდა, მაგრამ ჩვენი სამსახური საქმის კურსში არ ჩააყენა, არადა უნდა ჩაგვაყენოს.“

ჰიდრო-ელექტრო ნაგებობების სამმართველოს ხელმძღვანელი გულერი სამხარაძე კი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მუშა პროცესში მშენებლებს თავიანთი ექსპერტები ჰყავთ და ზედამხედველობას ისინი აწარმოებენ.

„ყველა წუთში, რომ გავიქცეთ და ვამოწმოთ, ასე არ არის. როგორც ვიცით, ისინი ყველა ზომას იღებენ რაც არის გათვალისწინებული და ყველა დოკუმენტი შექმნილია“ – ამბობს გულერი სამხარაძე. მისი თქმით, მშენებლობის პროცესში გაუთვალისწინებელი შემთხვევები დასაშვებია.

რა გახდა გვირაბის ჩამოშლის მიზეზი, ამის თაობაზე არც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროა ინფორმირებული.

ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსი დავით შარიქაძე ამბობს, რომ დეტალური კვლევებისთვის კომპანიას ნორვეგიელი ექსპერტები ჩამოჰყავთ: „მე რამდენადაც ვიცი უცხოელი ექსპერტები ჩამოჰყავთ და შემდეგ დაიწყებენ დეტალურ კვლევას. თუმცა, როგორც ვიცი, მანდ არ არის კატასტროფა, ძალიან გამუქებულია ხოლმე ინფორმაცია, რადგან გვირაბი ძალიან ღრმად არის მიწის ქვეშ და მოსახლეობასთან კავშირი არ აქვს“.

დავით შარიქაძე ამბობს, რომ გვირაბის რა მონაკვეთია ჩამოშლილი, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობს: „ვიცი რომ ალაგ-ალაგ არის ჩამოშლილი, ზუსტი მონაკვეთი არ ვიცი რამდენია. განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ვხედავ ამაში, რადგან პრაქტიკაში მსგავი შემთხვევები ბევრია“.


ფოტო: შუახევიჰესის გვირაბის მშენებლობა / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com