სიახლეები

ბათუმში საფლავების დასუფთავებაზე გადასახადი დაწესდება

04.01.2015 • 3604
ბათუმში საფლავების დასუფთავებაზე გადასახადი დაწესდება

 

 

ფერიის სასაფლაო [თედო ჯორბენაძის ფოტო]

 

ფერიის სასაფლაოზე ბათუმის მერიის მონაცემებით დღეს განთავსებულია დაახლოებით 25-30 ათასი  საფლავი. ამ სასაფლაოს პასპორტიზაციისთვის ერთ-ერთი ქვეპროგრამის – „სასაფლაოების მოვლა–პატრონობა“ – ფარგლებში  წელს ქალაქის ბიუჯეტში 70 ათასი ლარია გათვალისწინებული.

 

პროგრამით ასევე დაგეგმილია: ქ. ბათუმის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოვლა-პატრონობა [გათვალისწინებულია 506 100 ლარი], უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვა [4 900 ლარი], დაბა ჩაქვში ქალაქ ბათუმისათვის ახალი სასაფლაოს ინფრასტრუქტურის შექმნა [1 376 000 ლარი], სასაფლაოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება [20 500 ლარი].

 

სასაფლაობის მოვლა-პატრონობაში იგულისხმება საფლავზე მისასვლელი ბილიკების დასუფთავება, სასაფლაოს გამწვანება, რეგულარული-დაგვა-დასუფთავება; საფლავებისა და სასამარეების აღრიცხვა-ნუმერაცია, საფლავების ინვენტარიზაცია; ამორტიზირებული ხეების მოჭრა. გარდაცვლილთა დაკრძალვისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობისათვის სამუშაო იარაღებისა და ინვენტარით უზრუნველყოფა. ფერიის სასაფლაოზე საფლავების დასუფთავების ერთიანი ელექტრონული  სისტემის დანერგვა. მუშა-მესაფლავეების სპეციალური უნიფორმითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფა. საფლავებისათვის საჭირო მიწის ნაკვეთების გამოყოფასა და დაკრძალვის პროცესზე ყოველდღიური მონიტორინგის განხორციელება.

 

დაბა ჩაქვში ქალაქ ბათუმისათვის ახალი სასაფლაოს ინფრასტრუქტურის შექმნა 17 ჰა ტერიტორიზე იგეგმება, რაც მერიის გათვლებით ბათუმს არანაკლებ 30 წელი მოუხსნის საფლავისათვის საჭირო მიწის გამოყოფის პრობლემას. ფერიის სასაფლაოს პასპორტიზაციით კი ა(ა)იპ ბათუმის სასაფლაოებს შეექმნება სრული მონაცემთა ბაზა, ზუსტად დადგინდება ფერიის სასაფლაოზე არსებული საფლავებისა და გარდაცვლილთა რაოდენობა, საფლავის მეპატრონეებთან ხელშეკრულების გაფორმებით სამსახური მიიღებს დამატებით შემოსავლებს.

 

სულ აღნიშნული ქვეპროგრამისთვის მერიას 1 977 500 ლარი აქვს გათვალისწინებული, აქედან 1 877 500 ლარს უშუალოდ ბათუმის ბიუჯეტი გაიღებს, 100 ათასი ლარი კი „სხვა წყაროდან“ უნდა დაფინასდეს. ეს „სხვა წყარო“ კი, სავარაუდოდ, მეპატრონეებისგან საფლავის დასუფთავებისთვის ამოღებული საფასური იქნება. პროგრამაში აღნიშნულია, რომ „ფერიის ცენტრალურ სასაფლაოზე საფლავების დასუფთავების ერთიანი სისტემის შექმნით და საფლავის მეპატრონეების მხრიდან ერთჯერადი თანხის გადახდით შესაძლებელია საფლავების სისუფთავის დაცვა“.

 

ქვეპროგრამას ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოები“ განახორციელებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: