მთავარი,სიახლეები

ხულოში ხანძრის მასშტაბი ჯერ უცნობია

03.09.2017 • 1953
ხულოში ხანძრის მასშტაბი ჯერ უცნობია

ამ დრომდე არ არის ცნობილი ხულოში, სოფელ მეკეიძეებთან, მთა შავნაბადას ტყეში გაჩენილი ხანძრის მასშტაბები. უცნობია ისიც, რა ღონისძიებები ხორციელდება ადგილზე. სახანძრო-სამაშველო სამსახურში ამბობენ, რომ ადგილზე ვერ ხერხდება მეხანძრეებთან დაკავშირება და ინფორმაციას მიღებისთანავე გაავრცელებენ.

სოფელ მეკეიძეებში ამბობენ, რომ მთა შავნაბადაზე ცეცხლი ოთხი დღის წინაც გაჩნდა და მოსახლეობამ სახანძრო სამსახური გამოიძახა. აღნიშნულ ინფორმაციას ხულოს გამგებელი ბესიკ ბაუჩაძეც ადასტურებს. გამგებლის თქმით, შავნაბადაზე ასულმა მეხანძრეებმა მაშინ ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს. „ჩემი ინფორმაციით პატარა ხანძარი იყო, რაც ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა ჩააქრეს, დღეს კი ხანძარი სხვა ადგილზე გაჩნდა“ – ამბობს გამგებელი.

ბათუმიდან ხულოში წავიდა მეხანძრეთა ერთი ჯგუფიც.

ღორჯომის თემში ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის, თემურ ირემაძის ინფორმაციით, ხანძარი შავნაბადაზე მთაში მყოფმა ადამიანებმა შენიშნეს და სახანძრო სამსახურს დაუკავშირდნენ. მათ ტყეში ხანძრის სამი კერა შენიშნეს.

სოფელი მეკეიძეები ხულოში ზღვის დონიდან 1200 მეტრზე მდებარეობს.

ფოტოზე: ხანძარი სოფელ დაბასთან. ფოტო ნეტგაზეთის არქივიდან.  

 

 

გადაბეჭდვის წესი