სიახლეები

გაჭირვებული სამიანი აჭარის მთავრობას – არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები

31.12.2014 • 2683
გაჭირვებული სამიანი აჭარის მთავრობას – არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები

 

გია ქარცივაძე, საქართველოს იურისტთა ასოციაციის (საია) აჭარის ფილიალის თავმჯდომარე: „ვესწრებოდი როგორც 2013, ასევე 2014 წლის შეჯამებას. მათ შორის არსებითი სხვაობა ვერ ვიპოვე. პრობლემები, რაც შეეძლო ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას გადაეჭრა, არ გადაჭრილა. ჩემი ხედვით, ძირითადი პრობლემა არის ის, რომ ავტონომიას არა აქვს საკმარისი უფლებამოსილება.

 

გია ქარცივაძე
გია ქარცივაძე

ჩანს ინიციატივის ნაკლებობა, რჩება შთაბეჭდილება, რომ პასუხისმგებლობის აღება უჭირთ. ჩანს, რომ ხელმძღვანელი თანამდებობის პირები 100%-ით ცენტრზე არიან დამოკიდებული.

 

ანგარიშის წარდგენისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით კითხვებზე პასუხი იყო აგრესიული. დღემდე ამ მიმართულებით არანაირი სრატეგია არ გააჩნია რეგიონს.

 

გარდა ამისა, რაც მე პრობლემად მეჩვენება და მიმაჩნია, რომ აჭარის მთავრობას თავიდანვე შეეძლო შეეჩერებინა ეს პროცესი, ე.წ. მუყაოს ქალაქია. ხელისუფალს უკანონოდ შეჭრის საშუალება არ უნდა მიეცა ხალხისთვის. რადგან თავის დროზე არ იყო ადეკვატური პასუხი გაცემული, დღეს უკვე მათთან საუბარი უჭირთ. ახლა მათ აქვთ მესაკუთრის განცდა. სხვა მოქალაქეებსაც შეიძლება გაუჩნდეთ განცდა, რომ მსგავსმა ქმედებამ შესაძლოა სასურველი შედეგი გამოიღოს. შესახლებულებიდან ორი მესამედი ცუდ მდგომარეობაშია, შეიძლება სახლი აქვთ, მაგრამ არსებობა არ შეუძლიათ. ერთი ხელის მოსმით ამ საკითხის გადაწყვეტა არ შეიძლება. რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მთავრობამ, ამის პასუხი მე არ მაქვს. არ შემიძლია ვთქვა, რომ ისინი უნდა გამოასახლონ, ამას სჭირდება კვალიფიციური შესწავლა, მაგრამ არ შეიძლება ერთი გაღატაკებული ოჯახის ხარჯზე იქ ვინმემ რაიმე მიიღოს. ვიცი, რომ იქ ფოტოები გადაიღეს, მაგრამ ფოტოების გადაღებით საქმე არ კეთდება.

 

მესამე ეს არის იპოთეკარების საკითხი. ბიუჯეტში ჩასვეს მცირე ტურისტული ობიექტების დაფინანსების პროგრამა, რომელიც შემდეგ გადააკეთეს და საბოლოოდ დაარქვეს იპოთეკით დაზარალებული მოქალაქეების დახმარება. ეს წინასაარჩევნოდ დაანონსეს და შემდეგ აღმოჩნდა, რომ 16-მა ოჯახმა მიიღო სესხი.

 

ორწლიანი შედეგების შეჯამებისას ბევრი კითხვა დავსვი, მინდოდა ასეთი კითხვაც დამესვა: რა შეიძლება დავუკავშიროთ ამ მთავრობის სახელს? – ზოგიერთს ანბანის კოშკი უკავშირდება, ზოგიერთს – სკვერი, მოედანი… აჭარის მთავრობა ძირითადად შემოიფარგლებოდა მიმდინარე საქმეებით. არ მახსენდება ინიციატივა ან პროექტი, რომელიც შეიძლება მათ სახელთან გაიგივდეს. შემიძლია ვთქვა, რომ შტორმებისა და

სხვა საგანგებო სიტუაციების დროს მთავრობა ადეკვატური იყო. მაგრამ ამ მხრივაც არ იყო რაიმე განსაკუთრებული, თუ არ ჩავთვლით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მუშაობას“.

 

ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“: ანგარიშების წარდგენისას კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მთავრობა ცდილობს წარმოაჩინოს პოზიტივი და ნაკლებად საუბრობს პრობლემებზე. რიგი პრობლემებისა არც წინა წელს იყო მოგვარებული და არც დღეს, მაგალითად, ჰესებთან დაკავშირებული პრობლემები. მესმის, რომ აჭარის მთავრობას არ აქვს ამ საკითხის გადაწყვეტის პირდაპირი უფლებამოსილება, მაგრამ, როდესაც ადამიანები ინფორმაციულ ვაკუუმში არიან, ეს ადგილობრივი მთავრობის პრობლემაა.

 

ასლან ჭანიძე, იურისტი
ასლან ჭანიძე, იურისტი

არის საუბარი, რომ დიდი ინვესტიციები შემოვიდა, მე ინვესტიციად არ განვიხილავ სახლის მშენებლობას. შესაძლოა ესეც ინვესტიციაა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფო ამისგან ერთჯერად შემოსავალს მიიღებს.

 

წელს, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ეკონომიკური წინსვლა არ ყოფილა. მე მაინტერესებს რას მოგვიტანს ჰესები, როდესაც უნდა დაიტბორის სასოფლოსამეურნეო მიწები. მაინტერესებს, რა ზიანს მიაყენებს ეს მოსახლეობას. ვსაუბრობთ ქალაქის განაშენიანებაზე, კარგია რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც 2017 წელს უნდა დასრულდეს, მაგრამ უნდა ვხედავდე, 2018 წელს ეს პრობლემები მოგვარებული იქნება თუ არა.

 

მოვისმინეთ გეგმების შესახებ, თუმცა რეალურ შედეგებს ვერ ვხედავთ. ჩემთვის კი მთავარი შედეგია. პრობლემაა ისიც, რომ ბევრი პროგრამის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არა აქვს მოსახელობას, თუნდაც ჯანდაცვის პროგრამებზე. მესმის, რომ ეს სცილდება მთავრობის ფუნქციას, მაგრამ ხომ შეიძლება თვითმმართველობამ ამბავი მიუტანოს ხალხს სოფლებში.

 

ნათია ზოიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“: „ნგარიში, რაც მთავრობამ წარმოადგინა, მე, მაგალითად, ბიუჯეტის განხილვა უფრო მეგონა, ვიდრე ანგარიში. ჩვენმა ორგანიზაციამ იმუშავა ჰესებთან დაკავშირებით, ჩანჩახალოს თემაზე და ვფიქრობ, მთავრობას არ ჰქონდა იდენტიფიცირებული პრობლემა. ამის ბრალი იყო ისიც, რომ წინასწარი კვლევების გარეშე იქმნებოდა კომისიები, რომლებიც არ იყო აღჭურვილი იმ ტექნიკით, რაც საჭირო იყო იმის დასადგენად, მეწყრული პროცესების გამო დაიბზარა თუ არა სახლები. გეოფიზიკის ინსტიტუტის სპეციალისტები რომ უნდა ჩამოვიდნენ და შეისწავლონ საკითხი, ადრეც იყო ცნობილი. აგვისტოს ბოლოს დადგა პრობლემა დღის წესრიგში და დღემდე არ გვაქვს გეოფიზიკის ინსტიტუტის დასკვნა. მე ვერ მოვისმინე აჭარის მთავრობის ხედვა ამასთან დაკავშირებით – გამოასახლებს ამ ადამიანებს დაუყონებლივ, თუ რას აპირებს, არანაირი სტრატეგია არ არსებობს, მოსახლეობა რჩება პასუხის გარეშე. ფაქტია, რომ სახლები არის დანგრევის პირას.

 

ნათია ზოიძე
ნათია ზოიძე

ჩვენმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა მიეცა მთავრობისთვის საშუალება, რომ აქციების ფორმატიდან ინფორმაციის გაცვლა გადაგვეტანა სადისკუსიო სივრცეში. დავითანხმეთ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე შეხვედრაზე, მაგრამ აჭარის მთავრობიდან მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი მოვიდა. გვაინტერესებდა ბიუჯეტში როგორ იყო ეს საკითხი გაწერილი, მაგრამ ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრების მხრიდან კითხვებს პასუხი არ გასცემია.

 

ვფიქრობ, საკადრო პოლიტიკა აჭარაში ბევრ კითხვით ნიშანს ბადებს. აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს დაპირისპირების ფონზე გამოჩნდა, რომ აჭარაში საკადრო პოლიტიკას მთლიანად პოლიტიკური გუნდი განსაზღვრავს და არ ნიშნავენ ადამიანებს კვალიფიკაციის მიხედვით.

 

მრჩება განცდა, რომ არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებს აჭარის მთავრობა ნაკლებად ითვალისწინებს. არის დადებითი ტენდენციაც, ზედდების კომისიის მუშაობას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო დადებითად აფასებს.

 

ლევან გობაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შეფასება ცალკე არ იქნება მართებული. მისი საქმიანობა უნდა შეფასდეს უმაღლესი საბჭოს საქმიანობასთან ერთად, იმიტომ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსიდან გამომდინარე, სწორედ ხელისუფლების ეს ორი შტოა თანაბრად პასუხისმგებელი რეგიონის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე. ყოველ მათგანს გააჩნია ცალსახად განსაზღვრული ადგილი და როლი ასეთი განვითარებისთვის აუცილებელი სტრატეგიების შემუშავებასა და მათ იმპლემენტაციაში.

 

ლევან გობაძე
ლევან გობაძე

თუ გადავხედავთ განვლილ პერიოდს, აშკარად შეიმჩნევა, რომ მათი საქმიანობა ატარებს ტაქტიკურ, არა სტრატეგიულ ხასიათს და ძირითადად მიმართულია საზოგადოებაში არსებულ მოთხოვნებში `ხვრელების ამოვსებაზე~ და არა რეგიონის განვითარების სტრატეგიების შემუშავებასა და მათ იმპლემენტაციაზე.

 

გამოვყოფდი ორ უმთავრეს შეცდომას, რომელიც, ჩემი აზრით, რეგიონის ხელისუფლებამ დაუშვა. უპირველესი შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ აჭარის მთავრობამ არ ან ვერ შეიმუშავა ერთიანი, სტრატეგიული ხედვები, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს რეგიონი, სად არის მისი ადგილი საქართველოს ეკონომიკაში, საერთაშორისო ეკონომიკურ კავშირ-ურთიერთობებში. შესაბამისად, ვერ იქნა განსაზღვრული სტრატეგიული ორიენტირები და მათი მიღწევის გზები. ცალკეულ სამთავრობო უწყებებს აქვთ საკუთარ სფეროებში გარკვეული სტრატეგიების ფორმირებისა და განხორციელების მცდელობები, მაგრამ ერთიანი, კომპლექსური, კოორდინირებული ხედვების არარსებობის პირობებში ასეთი დაქსაქსული აქტივობების ეფექტურობა ძალიან დაბალია.

 

მეორე დიდი შეცდომა, რომელიც მინდა გამოვყო, ეს არის დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ეკოლოგიური და სხვა მიზეზების გამო იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი საცხოვრებელი ადგილები და წასულიყვნენ საქართველოს სხვა რეგიონებში ან დასახლებულიყვნენ ე.წ. `ოცნების ქალაქში~, ყოვლად გაუსაძლის პირობებში.

 

ჩვენ გვქონდა საშუალება უშუალოდ დავკვირვებოდით სამთავრობო კომისიის საქმიანობას, რომელიც აქ ჩასახლებული ადამიანების საცხოვრებელი პირობების შესწავლით იყო დაკავებული. კომისიაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, მაგრამ იყვნენ

ისეთებიც, რომლებიც აგდებულად და უკმეხად ეკიდებოდნენ არა მარტო თავის მოვალეობებს, არამედ აქ მცხოვრებ ადამიანებსაც. სწორედ მათი „საქმიანობის“ შედეგია, რომ მიგრანტთა პრობლემები ჯერაც არ არის გადაწყვეტილი და პრობლემას შენარჩუნებული აქვს სოციალური დაძაბულობის ძალიან დიდი მუხტი, რომელიც შეიძლება ყოველწუთს ქუჩაში გადმოიღვაროს.

 

ცალკე აღსანიშნავია აჭარის უმაღლესი საბჭოს დესტრუქციული როლი რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში. საკვანძო თანამდებობების უაღრესად არაკომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტების, აჭარის არ აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ ანტაგონისტური დამოკიდებულების პირობებში, მას არ შესწევს უნარი მონაწილეობა მიიღოს რეგიონის სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროცესებში. სოციალური დაძაბულობის პიკზეც კი, როდესაც ეკომიგრანტთა მანიფესტაციებმა მასობრივი ხასიათი მიიღო, ქ. ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც გაჩნდა მიგრანტთა დასახლებები, საკუთარ თბილ კაბინეტში დაკვირვების რეჟიმიდან არ გამოსულა, მეორე კი, რომელსაც თანამდებობრივად ევალება ადამიანის უფლებებზე ზრუნვა, საკუთარი ოჯახის წევრებისათვის თანამდებობების შენარჩუნებისთვის ინტრიგების ხლართვით იყო დაკავებული.

 

არსებულ მდგომარეობას გააჩნია როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური მიზეზები.

მიუხედავად 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების მშვიდობიანი ხასიათისა, თავისი შინაარსით და შედეგებით მას რევოლუციური ხასიათი ჰქონდა. წინა ხელისუფლების დროს დასაქმებული ადამიანების მასობრივი დათხოვნები ყველა სახელისუფლებო რგოლიდან, ამ პერიოდში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა თუ ცალკეული პროექტების არაობიექტურმა შეფასებებმა, სახელისუფლებო სტრუქტურებში პარტიული ნიშნით არაკომპეტენტური ადამიანების მასობრივმა შედინებამ გამოიწვია ის, რომ ხელისუფლება არამარტო ვერ ახერხებს ეფექტური სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებას, საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდას, არამედ იმის ათვისებასაც კი, რაც განსაზღვრულია დამტკიცებული ბიუჯეტებით.

 

საბოლოო ჯამში, ყველა ფაქტორის ერთობლიობა გვაძლევს იმ სურათს, რაც დღეს გვაქვს რეგიონში. რაც შეეხება კონკრეტული ციფრებით შეფასებას, ხუთბალიანი სკალის მიხედვით აჭარის არ მთავრობის შევაფასებდი დამაკმაყოფილებლად (ანუ 3-ზე), აჭარის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას კი ცუდით (2 მინუსით).

გადაბეჭდვის წესი


ასევე: