ქედის გამგებელი: სამკერვალო ფაბრიკა ვერ გაიხსნა, რადგან ქედაში მუშახელი არ გამოინახა

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე პოსტს ოქტომბერში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დატოვებს. შეასრულა თუ არა მან მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებები?

ბატონო დავით, თქვენ, როგორც ქედის პირველმა არჩეულმა გამგებელმა, რამდენად შეძელით წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება: წყლისა და კანალიზაციის პრობლემის მოგვარება, 200 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, სოფელ უჩხითში შიდა სასოფლო გზის მოასფალტება?

იმ გვალვების ფონზე, რაც წელს იყო, როცა 75 დღის განმავლობაში ქედაში არ გაწვიმებულა, ერთი საათითაც კი არ შეწყვეტილა წყლის მიწოდება ქედაში, ეს კი მიუთითებს პრობლემის გადაჭრაზე. ხუთი დღის წინ „ჯარგვალადან“ გამოვიყვანეთ წყალი, რომელიც სოფლების –  ჯალაბაშვილსა და ხარაულის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. წყალი გავიყვანეთ ზენდიდში, გულებში, ზესოფელში, სადაც მოსახლეობამ ავზებიდან საკუთარ ონკანებამდე უნდა მიიყვანოს წყალი. წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება სოფელ გეგელიძეებში, კორომხეთში… პრობლემა მხოლოდ სოფელ ვაიოსა და კუჭულაში რჩება, სადაც პრობლემის გადაჭრას ნამონასტრევიდან წყლის გამოყვანით ვფიქრობთ. რაც შეეხება დასაქმებას, რვა მხოლოდ ახალი ბაღი გავხსენით, რითაც 126 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნა, გაიხსნა ღვინის, თამბაქოსა და ხილის გადამამუშავებელი საწარმოები.

მოასფალტდა არა მარტო სოფელ უჩხითთან დამაკავშირებელი გზა, არამედ ასფალტის საფარი მოეწყო აქუცაში, მერისში, ხარაულაში, ოქტომბერში, გეგელიძეებში, ზუნდაგაში, ორცვაში, ვაიოსა და სოფელ კვაშტაში. ამ ტემპით თუ განხორციელდება სამუშაოები,  2018 წლისთვის სოფლის ცენტრებამდე ყველა გზა მობეტონდება ან მოასფალტდება

ერთადერთი, რაც იდეალურად ვერ განვახორციელეთ, ეს წყალდინებაა. ჩვენ გავაკეთეთ კანალიზაციის სისტემები, მაგრამ არასაკმარისი თანხის გამო ევროსტანდარტის შესაბამისი საქლორატოროები ვერ მოვაწყეთ, „აჭარის წყლის“ ალიანსთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ალიანსი აპირებს ამ კუთხით სამუშაოების განხორციელება.

თქვენი წინასაარჩევნო დაპირება, სოფელ მერისსა და პირველ მაისში საჭიდაო დარბაზების მოწყობასაც გულისხმობდა.

ეს ვერ შევასრულე, იმდენად ვცდილობდით ყველა პრობლემა გადაგვეჭრა, რომ ერთობლივად ყველას გადაჭრა რთულია. საჭიდაო დარბაზის კეთილმოწყობა საჭირო თანხის არასებობის გამო ვერ შევძელით.

რამდენად შესრულდა სოფლებში 30 სტადიონის რეაბილიტირების დაპირება?

ზუსტად არ მახსოვს რამდენი გარემონტდა, თუმცა რაც რეაბილიტირდა, მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მაგალითად, მახუნცეთის სტადიონი, რომლის რეაბილიტაციაც დასრულების ფაზაშია, ისე კარგად კეთდება, არამარტო მეორე ლიგის, უფრო მაღალი ლიგის თამაშებსაც  უმასპინძლებს.

თქვენი წინასაარჩევნო დაპირება ქედაში ღვინის, თამბაქოს,  ხილის გადამამუშავებელი საწარმოების გახსნასთან დაკავშირებით შესრულდა, თუმცა სამკერვალო ფაბრიკის გახსნა ვერ მოხერხდა,  რატომ?

ჩვენ მოვიძიეთ ინვესტორები, როგორც ჰოლანდიიდან, ასევე თურქეთიდან, რომლებიც აპირებდნენ ქედაში სამკერვალო ფაბრიკის გახსნას. შესაბამისი ტერიტორიაც შევარჩიეთ, თუმცა ინვესტორის მოთხოვნა – მინიმუმ 450 მუშახელი არ გამოინახა.  ჩვენ ყველა საჭირო მონაცემი დავთვალეთ, ვნახეთ ის ადამიანები, რომლებმაც პირველ ეტაპზე მუშაობის სურვილი გამოთქვეს, თუმცა შემდეგ უმრავლესობამ მუშაობაზე უარი იმ მიზეზით განაცხადა, რომ დასაქმებით საარსებო შემწეობა მოეხსნებოდა. სამწუხაროდ მოსახლეობამ  სახელმწიფოს ხარჯზე უმუშევრად ყოფნა არჩია,  რეალურად ეს გახდა მიზეზი, საჭირო ოდენობის დასაქმების მსურველი ქედაში არ გამოინახა.

თქვენი სამოქმედო გეგმით თანახმად ქედელი კაცი სამუშაოდ თურქეთში არ უნდა წასულიყო. სამწლიანი მუშაობის პერიოდში რამდენად შეძელით სოციალური ფონის გაუმჯობესება?

სამწუხაროდ, სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანი გადადიოდა სამუშაოდ 2011 წელს და შემდეგ პერიოდში, არ მაქვს, შესაბამისად, ზუსტი ციფრებით ვერ ვისაუბრებ. თუმცა ვფიქრობ, რომ მაჩვენებელი შემცირებულია.

წინასაარჩევნოდ აცხადებდით, რომ თქვენს ასაკში ტყუილის თქმა არ შეიძლებოდა და დაპირებებს შეასრულებდით, ხომ არ მოგიხდათ ტყუილის თქმა?  

სახელი ეს არის ბროლის ჭიქა, სადაც წვეთ-წვეთობით გროვდება ავტორიტეტი, ტყუილის შეგნებულად თქმა დანაშაულია, ახლაც ამ აზრზე ვარ და შეგნებულად ტყუილი არასოდეს მითქვამს.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ხომ არ აპირებთ მონაწილეობის მიღებას? კენჭი იყაროთ გამგებლობის პოზიციაზე, ან საკრებულოში მოსახვედრად?

არა, სხვა ხედვები და გეგმები მაქვს, მე ვიცი გუნდი, გუნდის მუშაობის პრინციპი. მომავალ გამგებელს დავუდგები გვერდით, რომ ქედა წარმატებული მუნიციპალიტეტი იყოს.

______________________________

ამავე თემაზე:

ქედის არჩეული გამგებელი: არ შეიძლება ჩემს ასაკში ტყუილის თქმა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი