lasha

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი ასლან აბაშიძესთან მუშაობაზე

„ჯერ საზოგადოების არც ერთი წევრისგან მსგავსი ტიპის კრიტიკა არ შემინიშნავს. მიკვირს, როცა ასე აყენებთ საკითხს,“ – უთხრა ლაშა კომახიძემ „ბათუმელებს“ ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში მის საქმიანობაზე, კონკრეტულად კი იმაზე, რომ იგი ასლან აბაშიძის თანაშემწედ, ასევე აჭარის ხაზინის უფროსად მუშაობდა. – „ამ თემას მხოლოდ ოპოზიცია ააქტიურებს, რომელსაც თავისი მიზნები აქვს. როცა ადამიანი ევროპული განათლებით ჩამოდის [ლაშა კომახიძეს დამთავრებული აქვს ბუდაპეშტის უნივერსიტეტი – ავტ.] და იწყებს თავისი კუთხისთვის სასარგებლოდ მუშაობს, ადამიანი, რომლის მუშაობაზეც ერთი კითხვის ნიშანი არ დასმულა, არც მაშინ და არც შემდეგ პერიოდში…“

ლაშა კომახიძე „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატია.

ბატონო ლაშა, თქვენ ერთგან იმდროიდელ მუშაობას სანიმუშო უწოდეთ. თუკი ეს „სანიმუშო მუშაობა“ ემსახურება სეპარატისტულ რეჟიმს, არ ფიქრობთ, რომ ეს არის პრობლემა? მაგალითად, იყავით ხაზინის უფროსი და იმ დროს აჭარა არ იხდიდა გადასახადებს ცენტრალურ ბიუჯეტში…

არაკორექტულია ეს შეკითხვა. მე ვიყავი ხაზინის უფროსი. ხაზინა იყო აბაშიძემდე, ახლაც და ყოველთვის იქნება. მეტი კომპეტენციაა ამ კითხვებში საჭირო. ხაზინა არაა გადასახადების გადამხდელი. მე ვასრულებდი ჩემს მოვალეობას სანიმუშოდ და მაშინაც კი არ დასმულა ეს კითხვები, როცა კითხვები ისმებოდა სწორ ადგილზე… მე ვფიქრობ, ეს არის საკმარისი პასუხი.

კი ბატონო, ვიცით, რომ ხაზინა არ იღებს გადაწყვეტილებას გადასახადების ამოღებაზე, მაგრამ თქვენ ხომ არ შეწინააღმდეგებიხართ იმდროინდელ რეჟიმს, როცა იყავით მაღალი თანამდებობის პირი?

ეს კითხვები არარელევანტურია. ჩემი მუშაობა ხაზინის უფროსის პოზიციაზე ემსახურებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კეთილდღეობას, ხაზინა აწვდიდა ხელფასს დასაქმებულებს და საჭირო თანხებს. ხაზინა არაა კავშირში გადასახადების გადახდასთან, ან მობილიზებასთან. პასუხი გაგეცით. გაქვთ სხვა შეკითხვა?

თქვენ ასევე იყავით ასლან აბაშიძის თანაშემწეც, ასე ვთქვათ, მარჯვენა ხელი. ხომ არ მიუთითებს ეს თქვენს სისუსტეზე, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიმღებს შეიძლება მოერგოთ? 

ამაზე ჩემი პასუხი არის ის, რომ თქვენ თავად სცემთ პასუხს შეკითხვას… თავად მოგყავთ ვარიენტები. ეს ხომ არ ნიშნავს ამას და იმას. ეს არის რაღაც ფანტაზიის ნაყოფი და რაღაც ისეთი ფილმების გავლენა, სასაცილო არის… ეს არის ჩემი პასუხი. მე სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას იმ საქმიანობაზე, რასაც ვახორციელებდი. არც ერთ ეტაპზე ჩემი მუშაობა არ გასცილებია საჯარო მოსამსახურის ფუნქციებს. ჩემი პასუხი არის ის, რომ საჯარო სამსახურში მუშაობის პროცესში ვეტეოდი კანონისმიერ და ზომიერ ჩარჩოებში. ვფიქრობ, ჩემი მუშაობა 2003 წლის 6 თვის განმავლობაში ხაზინის უფროსად იყო აბსოლიტურად არამხოლოდ კანონიერი, არამედ სანიმუშო. ამ პერიოდში ჩემი რეგიონისთვის ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე მაქვს გაკეთებული.

„ბათუმელები“ ლაშა კომახიძეს სხვა საკითხებზეც ესაუბრა, რასაც უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ. ლაშა კომახიძე დღეს გადადგა აჭარის სოფლის მეურნელობის მინისტრის თანამდებობიდან, რის შესახებაც მედიასთან ცოტა ხნის წინ განაცხადა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი