მთავარი,სიახლეები

გოგოლის ქუჩა [მაიაკოვსკიდან ნონეშვილამდე] შესაძლოა 20-25 დღით გადაკეტონ

03.09.2017 • 4165
გოგოლის ქუჩა [მაიაკოვსკიდან ნონეშვილამდე] შესაძლოა 20-25 დღით გადაკეტონ

ბათუმში, გოგოლის ქუჩა, მაიაკოვსკის ქუჩიდან ნონეშვილის ქუჩამდე მონაკვეთში [ბარცხანაში გადასასვლელი] შესაძლოა 20-25 დღით გადაიკეტოს. აღნიშნულ მონაკვეთში, მიწაში საკანალიზაციო მილი უნდა ჩაიდოს, რომლითაც თამარისა და ბარცხანის ახალი საკანალიზაციო ქსელი ქალაქის ერთიან ქსელში ჩაირთვება. სამუშაოები ზაფხულში იყო დაგეგმილი, თუმცა, საპატრულო პოლიციამ „სეზონზე გადატვირთული მოძრაობის გამო“ მშენებელ კომპანიას სამუშაოების ჩატარების [გზის გადაკეტვის] უფლება არ მისცა.

„15 სექტემბრის შემდეგ, როცა ზღვის სეზონი დასრულდება, კომპანია ისევ მიმართავს საპატრულო პოლიციას და შეთანხმდებიან ვადაზე. თუ რაიმე პრობლემა შეიქმნება, შემდეგ ჩაერთვება მერია. მაქსიმუმ 20-25 დღე არის საჭირო, თუმცა, ჯერ არ არის გადაწყვეტილი გზის ეს მონაკვეთი მთლიანად გადაიკეტება, ნაწილობრივ, თუ მხოლოდ ღამით იმუშავებენ. ამ დეტალებს კომპანია მას შემდეგ დააზუსტებს, როგორც კი საპატრულოდან შესაბამის ნებართვას აიღებს“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ჯაბა ტუღუშმა, ბათუმის მერის მრჩეველმა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საკითხებში.

მისივე იფორმაციით, ბარცხანის დასახლებაში სასმელი წყლის ქსელი ადრე იყო მოწყობილი, ამჯერად, საკანალიზაციო ქსელის მოწყობაც დასრულებულია და მიმდინარეობს მიღება-ჩაბარება.

ბარცხანაში ამ ეტაპზე შენდება სატუმბი სადგური თამარ მეფის გამზირთან [გადასასვლელი ხიდის მიმდებარედ]. ამ სატუმბი სადგურიდან თამარისა და ბარცხანის დასახლებების კანალიზაციის წყალი, გოგოლის ქუჩის გავლით, გადაიქაჩება ახალაშენებულ კოლექტორში, რომლის სათავე ბონის კულტურის სახლის მიმდებარედაა. კოლექტორი ჯავახიშვილის ქუჩამდე გრძელდება, საიდანაც კანალიზაციის წყალი ადლიის გამწმენდი ნაგებობისკენ გადაიქაჩება.

ჯაბა ტუღუშის განცხადებით, აღნიშნული კოლექტორის ერთი მონაკვეთია ასაშენებელი ოსტროვის ქუჩაზე. ამ მონაკვეთის აშენებით და გოგოლის ქუჩაზე მილის დაერთებით, თამარისა და ბარცხანის დასახლებების საკანალიზაციო ქსელი უკვე ერთიან სისტემაში იქნება ჩართული. ამის შემდეგ დაიწყება ბარცხანაში დაერთებებიც ქსელზე, რომელსაც მერიის შპს „ბათუმის წყალი“ განახორციელებს.

„ოსტროვის ქუჩაზე კოლექტორის 80-მეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა იმ კვირაში დაიწყება და მიმდინარე წლის 5 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს“ – აცხადებს ჯაბა ტუღუში.

სამუშაოებს გოგოლის ქუჩაზე გერმანული „ფაიფერი“ შეასრულებს, რომელიც ქალაქის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში კონტრაქტორი კომპანიაა. ეს არის მესამე ფაზა, რომლის ფარგლებშიც ახალი საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები, ამ ეტაპზე, ძირითადად, ბონი-გოროდოკის დასახლებაში მიმდინარეობს. მესამე ფაზის სამუშაოები მთლიანობაში 2018 წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს.

საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია ბათუმში იმ პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც  გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან მიღებული შეღავათიანი სესხით ფინანსდება.

გოგოლისა და მაიაკოვსკის ქუჩების კვეთა / ფოტო: მანანა ქველიაშვილი

გოგოლისა და მაიაკოვსკის ქუჩების კვეთა / ფოტო: მანანა ქველიაშვილი

გოგოლისა და მაიაკოვსკის ქუჩების კვეთა / ფოტო: მანანა ქველიაშვილი

გოგოლისა და მაიაკოვსკის ქუჩების კვეთა / ფოტო: მანანა ქველიაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: