მთავარი,სიახლეები

მოზარდები პლანტაციებში

01.09.2017 • 6552
მოზარდები პლანტაციებში

15 წლის ანი ბათუმის გარეუბანში ცხოვრობს. პირველად საქართველო-თურქეთის საზღვარი მან 14 წლის ასაკში გადაკვეთა. დედამ მხოლოდ საზღვრამდე მიაცილა, შემდეგ ის ნათესავს გაჰყვა სამუშაოზე. სამუშაო დილის ექვს საათზე იწყებოდა და საღამოს ექვსზე სრულდებოდა. ანი პლანტაციაში თხილს კრეფდა. ასეთ რთულ პირობებს მიჩვეული არ იყო, თუმცა ამბობს, რომ შემდეგ ყველაფერს მიეჩვია. ბევრ მოზარდს, ძირითადად აჭარისა და ნაწილობრივ გურიის სოფლებიდან, ამ გზის გავლა უწევს.

ანის ოჯახში შვიდი ადამიანი ცხოვრობს. მათი შემოსავლის ძირითადი წყარო თხილის პლანტაციებში შრომაა.

ანის მეცხრე კლასის დასრულების შემდეგ სკოლაში არ უვლია. სწავლა მისმა დებმაც მიატოვეს. „ქალაქში სამუშაოს შოვნა ძალიან რთულია, ბევრჯერ ვცადე, მაგრამ ყველგან უარი მივიღე. უცხო ენების ცოდნას ითხოვენ, ენები კი არ ვიცით“, – გვეუბნება ანი.

არასრულწლოვანია ანის და, მაგდაც. სკოლის მიტოვების შემდეგ, ისიც თხილზე სამუშაოდ თურქეთში დადის.

„მინდოდა ჩემი ფული მქონოდა და ამიტომ წავედი სამუშაოდ“, – გვეუბნება მაგდა. მთელი ოჯახის ერთი თვის ნაშრომი ორი ათას ლარზე ცოტა მეტი აღმოჩნდა. ოჯახური საჭიროებების გარდა, ამ ფულით გოგონებმა გარდერობი განაახლეს და რამდენიმე წიგნი იყიდეს. პროფესიული განათლება არ აქვთ.

სამუშაო სეზონი არასრულწლოვნებისთვის ზაფხულში იწყება – სოფლებიდან არასრულწლოვანი გოგო-ბიჭები თურქეთის რესპუბლიკაში, პლანტაციებში მიეშურებიან სამუშაოდ. „ბათუმელებს“ ქობულეთის ერთ-ერთი სოფლის ცენტრალური უბანი თითქმის ცარიელი დახვდა. აქ ამბობენ, რომ ადგილობრივები სამუშაოდ თურქეთში წავიდნენ. ხეების ჩრდილქვეშ შეხიზნულმა არასრულწლოვნებმა გვითხრეს, რომ თურქეთში მუშაობის გამოცდილება მათაც აქვთ. თხილისა თუ ჩაის პლანტაციებში პირველად 14-15 წლის ასაკში უმუშავიათ.

საუბარი ყველაზე მეტად ერთ-ერთ მოზარდს უჭირს. ის დაშავებულ ფეხებსა და სახეს გვაჩვენებს – მძიმე შრომის შედეგს. სახეზე და ტანზე წითელი გამონაყარი აქვს, ამბობს, რომ სასუქმა ალერგია მისცა.

„ჩაის კრეფა უფრო რთულია, ვიდრე თხილის – ჩაითი გავსებული მძიმე ტომრები დიდ მანძილზე უნდა ათრიო, ეს ძალიან დამღლელია. მეორე საქმეა დაძინება – თუ დამქირავებელს ბინა არ აქვს, ბოსელში ათევ ღამეს. არც აბანოა, არც სხვა ადამიანური პირობები. ჩაის კრეფის დროს ტყავის უნიფორმა უნდა ატარო, სიცხეში მისი ჩაცმა საშინელებაა, რადგან სუნი ასდის და შენც ყარხარ“, – გვეუბნება ის.

მოზარდი იხსენებს შემთხვევას, როცა დამსაქმებელმა, ზეგანაკვეთური შრომის მიუხედავად, ხელფასი არ გადაუხადა. „600 ლირა უნდა მოეცათ და არ მომცეს. ვერც პასუხს მოსთხოვ, რადგან ხელშეკრულება არ არსებობს. ვერც ვერავინ დაგიცავს“, – გვეუბნება თორნიკე.

მან საზღვარი პირველად 15 წლის ასაკში მამასთან ერთად გადაკვეთა. შემდეგ მშობლების მინდობილობის საფუძველზე, მარტოც დადიოდა. „ბუნებრივია, რისკია. დაცული არ ხარ, მაგრამ როცა მიზანი გაქვს, მაშინ ამაზე არ ფიქრობ“, – გვეუბნება ის. მისი მიზანი ოჯახური საჭიროებები იყო.

თურქეთში თხილის საკრეფად გიორგიც 15 წლის ასაკში წასულა. რვა საათიდან საღამოს ექვს საათამდე მუშაობა უჭირდა. მერე მიეჩვია. ნოდარი ხულოს ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს და ფული ოჯახს სახლის ასაშენებლად სჭირდება. ის სწავლის მოტოვებას არ აპირებს. ამბობს, რომ ათოსანია და გეგმებიც აქვს.

15 წლის ნოდარი ჩაის საკრეფად თურქეთში, ორდუში დადის. ოჯახი სოციალურად დაუცველია. ამბობს, რომ მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ მისი თანატოლები ხშირად დადიან. „როცა არალეგალურად მუშაობ, შენს უფლებებს ვერ დაიცავ“, – ამბობს ის.

ბექა 14 წლის ასაკში წავიდა სამუშაოდ. მიზანი ველოსიპედის ყიდვა იყო. ამბობს, რომ „ძალიან უნდოდა ველოსიპედი და იყიდა“. მან სწავლა მეცხრე კლასის შემდეგ შეწყვიტა. ავტოსერვისის კურსები გაიარა, თუმცა ჯერ ვერ დასაქმდა. „17 წლის ბიჭს მანქანას ვინ შეგაკეთებინებს, გავიზრდები ცოტა და მერე დავსაქმდები ალბათ“, – გვეუბნება ბექა. მის საცხოვრებელ კორპუსში თითქმის ყველა მოზარდს ბარგი დიდი ხნის წინ შეუკრია. ისინი სოფელში სექტემბრამდე არ დაბრუნდებიან.

ამ მოზარდების პედაგოგები გვეუბნებიან, რომ სკოლას არასრულწლოვნის შრომითი პირობების გაკონტროლება არ შეუძლია. მათი თქმით, ბავშვის დაცვა მშობლის მოვალეობაა, თუმცა მშობლები ყველაზე მეტად არიან ჩართული ბავშვების დასაქმებაში.

„5 აგვისტოდან სოფელში ვერავის ნახავთ. ძირითადად, ხელმოკლე ოჯახები დადიან და ბავშვებიც მიჰყავთ. სკოლას აქვს ინდივიდუალური სამუშაო გეგმა და იქ ასახავს ვინ მიდის, ვინ მოდის. რა შეგვიძლია გავაკეთოთ? – მხოლოდ კეთილგანწყობილი საუბარი მშობელთან, რომ ბავშვი სამუშაოდ არ წაიყვანოს“, – გვეუბნება პედაგოგი მზია ჯინჭარაძე.

მისი აზრით, დღეს მშობლებიც და მოზარდებიც მუშაობით უფრო არიან დაინტერესული, ვიდრე განათლების მიღებით.

„აი, ნახეთ როგორი ტელეფონი მაქვს მე, ჩემს მოსწავლეს კი „აიფონი“ უჭირავს ხელში. მე-12 კლასელებს გამოშვების გადახდა უნდოდათ. ვუთხარი, რომ ეს ბევრ ხარჯთან იყო დაკავშირებული. მითხრეს, „მერე რა, გადავალთ თურქეთში და ფულს ვიშოვითო“, – გვეუბნება კიდევ ერთი პედაგოგი, ცისანა ტაკიძე.

პედაგოგების აზრით, სოფელში მოზარდები ვერც თვითრეალიზაციას ახერხებენ – არ არის გასართობი ადგილები, კინოთეატრი, კლუბი, ბიბლიოთეკა, ამიტომ არასრულწლოვნები ცდილობენ ფული იშოვონ და ერთფეროვნებას ასე დააღწიონ თავი.

„44 მასწავლებელი ყოველდღე ვეჩიჩინებით, რომ ისწავლონ. ჩვენ წავალთ, ვიღაც ხომ უნდა მოვიდეს ამ სკოლაში? არ უნდათ. მშობლების აზრიც ასეთია“, – ამბობენ პედაგოგები.

არასრულწლოვანთა შრომითი უფლებები დარღვეულია არა მარტო ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ქვეყნის შიგნითაც. „ზღვაზე გასვლის კომპლექსი მაქვს, ვერ ვბანაობ, რადგან ჩემი სკოლის მოსწავლეები პლაჟზე ვაჭრობენ. თაკარა მზეზე 3-4 კილომეტრს ფეხით რომ გადიან, ესეც ხომ საშინელებაა“, – ამბობს ცისანა.

მანანა ქველიაშვილის ფოტო

მანანა ქველიაშვილის ფოტო

2015 წელს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, რომელიც „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ დაკვეთით ჩატარდა, არასრულწლოვნების შრომითი უფლებები უცხო სახელმწიფოში დარღვეულია. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში 223 პირი გამოიკითხა, რომლებიც აღიარებენ, რომ თურქეთში ჩაის ან თხილის საკრეფად 14-15 წლის ასაკში იყვნენ. კვლევის მიხედვით, მშობელთან ერთად საზღვრის კვეთის მაჩვენებელი მაღალია პირველი ვიზიტისას (60%-მდე), მეორე და შემდგომ ვიზიტების დროს კი, ეს მაჩვენებელი მკვეთრად იკლებს (34%).

კვლევის მიხედვით, პროცენტულად ყველაზე მეტი მოზარდი თხილისა და ჩაის პლანტაციაში მუშაობს, თუმცა არის მშენებლობები (1.8%) და სხვა საქმიანობაც, სადაც 4.4-იდან 11.8 %-მდე მოზარდი მუშაობს. გამოკითხულთა ასივე პროცენტს 10-საათიანი და უფრო ხანგრძლივი სამუშაო რეჟიმი ჰქონდათ ჩაის პლანტაციებში, შემდეგ მოდის თხილის პლანტაცია (96%) და შემდეგ მშენებლობა (66-100%). გამოკითხული 13 წლის და უფროსი რესპონდენტების უმრავლესობა საუბრობს ფიზიკურ ან ნაწილობრივ ფიზიკურ დატვირთვაზე.

არასრულწლოვნები თურქეთში არალეგალურად, შესაბამისად, მაღალი რისკის პირობებში შრომობენ.

ექსპერტები ხაზს უსვამენ მეურვის მხრიდან სამუშაო პირობების მიმართ უყურადღებობას, არასრულწლოვნების ანაზღაურებით ოჯახში დამატებითი შემოსავლის გაჩენას. შესაბამისად, მშობლები თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებების დარღვევაში თანამონაწილეები არიან – აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, არასრულწლოვნების დღიური გასამრჯელო 40-50 თურქული ლირაა. მოზარდები გამომუშავებული თანხის დიდ ნაწილს ოჯახის საჭიროებებზე ხარჯავენ, მცირე ნაწილს კი, პირადი ნივთების შესაძენად იყენებენ. გამოკითხულთა 7% აღნიშნავს, რომ მძიმე შრომის გარდა, მათ ცხოვრებაც მძიმე პირობებში უწევთ.

კვლევის მიხედვით, 5 არასრულწლოვანი გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. აქედან 2 გოგონაა, 3 – ბიჭი.

როგორც კვლევის ავტორი, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი „ბათუმელებთან“ აღნიშნავს, მკვლევარებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ როგორ გაგრძელდა ამ არასრულწლოვნების ცხოვრება. მოხდა თუ არა მათი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია.

„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ წარმომადგენლის, კვლევის სოციალური კომპონენტის მენეჯერის, სალომე ჭიჭინაძის თქმით, „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქვეყანაში არ არსებობს შესაბამისი სერვისი, რომელიც მოზარდს მსგავსი პრობლემების დაძლევაში დაეხმარება, უნდა ჩავთვალოთ, რომ ამ მოზარდებს რაიმე სახის ფსიქოლოგიური დახმარება არ მიუღიათ“.

სალომე ჭიჭინაძის თქმით, კვლევაში წერია, რომ პირველი ვიზიტის შემდეგ 17% აღარ ბრუნდება სამუშაოდ. „რა არის არდაბრუნების მიზეზი – სექსუალური ძალადობა, ჯანმრთელობის გაუარესება თუ სხვა გარემოებები, კვლევაში არ ასახულა“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, ანა აბაშიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სახელმწიფო არათუ ვერ იცავს არასრულწლოვნების უფლებებს, მან ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიუხედავად, უარი თქვა ბავშვთა უფლებების საკითხის კონსტიტუციაში ასახვაზე.

„არა ერთი კვლევა ჩატარდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ გავლენას ახდენს შრომითი მიგრაცია მოზარდებზე. პრობლემაა ის, რომ ვერ კონტროლდება, თუ რა მიზნით კვეთს საზღვარს მოზარდი. სახელმწიფოს პოზიცია ალოგიკურია და არასამართლიანი, როცა ის ამბობს, რომ მოზარდმა საზღვარი გადალახა და ჩვენ რა უნდა ვქნათო. სახელმწიფო ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას თავის მოქალაქეზე, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც გარეთ“, – გვეუბნება ანა აბაშიძე.

მისი თქმით, სახელმწიფო ვალდებულია იცოდეს, არის თუ არა უსაფრთხოდ მისი მოქალაქე, მით უმეტეს არასრულწლოვანი. „სახელმწიფოსთან ერთად, ბუნებრივია, მშობელიც იზიარებს პასუხისმგებლობას, მაგრამ, როცა სახეზეა მშობლის მხრიდან შვილის უფლებების დარღვევა, აქ განსაკუთრებული როლი ენიჭება სახელმწიფოს“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ბავშვთა შრომითი ექსპლუატაცია სახელმწიფოსთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს და სახელმწიფო ისევ სუსტია ამ პრობლემის საპასუხოდ. ამავე ანგარიშის მიხედვით, რომელიც სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშშიც არის ასახული, ნათქვამია, რომ ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოს შრომითი ექსპლუატაციის მხოლოდ ერთი შემთხვევა აქვს გამოვლენილი, რაც სრულიად არაეფექტურია.

ია ფრანგიშვილის ილუსტრაცია/ ბავშვთა შრომა

„ქვეყნებს შორის არსებობს გარკვეული ვალდებულებები და თითქმის ყველა ქვეყანაშია სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელთანაც მჭიდრო თანამშრომლობა უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს. ჩვენი კანონმდებლობა მოზარდთა შრომით საკითხებს არეგულირებს და აკრძალულია ისეთი სამუშაოების შესრულება, რაც მოზარდებს მეზობელ ქვეყნებში უწევთ. სახელმწიფოს არასდროს ჰქონია ამ მიმართულებით სოციალურ სამსახურებთან კომუნიკაცია, პრევენციულ ღონისძიებებზე ხომ საუბარიც ზედმეტია“, – ამბობს ანა აბაშიძე. მისი თქმით, ყველა განვითარებული ქვეყნის კონსტიტუციაში ბავშვთა თემები ცალკე არის გამოყოფილი.

„საქართველოს კონსტიტუციაში კი, ეს თემა არც ყოფილა და არც იქნება“, – ამბობს ანა აბაშიძე. – „თავიდან პარლამენტის მხრიდან იყო დაპირება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს გაითვალისწინებდნენ, მაგრამ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც პარლამენტში უმრავლესობით არის წარმოდგენილი, ბავშვთა საკითხები უმნიშვნელოდ მიაჩნია“.

საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულია შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა, სახელმწიფოს არ აქვს ქმედითი მექანიზმი ბავშვთა შრომითი უფლებების შესასწავლად.

ანგარიშში წერია, რომ „ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აკრძალვისა და დაუყოვნებლივ აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მიხედვით, არასრულწლოვანთა შრომის უკიდურესი ფორმების აღმოსაფხვრელად, ეროვნულ დონეზე უნდა შემუშავდეს პრიორიტეტული სამოქმედო გეგმა და მისი განხორციელების ეფექტიანი მექანიზმი. აღნიშნული მექანიზმი კი დღემდე არ გვხვდება ეროვნულ კანონმდებლობაში, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის პრევენციასა და შრომითი უფლებების დაცვას.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს, შრომითი ექსპლუატაციის გამო სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით, 150 არასრულწლოვანი განთავსებული იყო სახელმწიფო მზრუნველობაში. „შრომითი ექსპლუატაციის ფორმები იყო წვრილმანი ნივთებით ვაჭრობა, ჯართის შეგროვება, მოწყალების თხოვნა“.

გაზრდილია შრომის გამო სკოლის მიტოვების მაჩვენებელიც. საბაზო განათლების დასრულების შემდეგ სწავლა შეწყვიტა 924-მა ბავშვმა, დასრულებამდე კი – 241-მა მოზარდმა.

___

შენიშვნა: სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“

ამავე თემაზე:

16 ათასამდე ბავშვი სახიფათო შრომაში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: