უფუნქციო ვიდეოსათვალთვალო კამერები საავტომობილო გზებზე ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტის დაბებსა თუ ბათუმი – ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე, რამდენიმე თვის წინ დამონტაჟებული ვიდეოთვლები უფუნქციოა.

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ვიდეოთვლების ქსელში ჩასართავად საჭირო თანხა ქედის გამგეობამ უკვე მოიძია და ელექტრონული ტენდერიც ჩაატარა.

„იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი ბიუჯეტი მწირია, პირველ ეტაპზე ვიდეოთვლები დავამონტაჟეთ. ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამონტაჟებული 17 ცალი ვიდეოსამეთვალყურეო კამერის სისტემის ჩამწერ მოწყობილობასთან ქსელში ჩასართავად საჭირო თანხა, 28 000 ლარი, ბიუჯეტის კორექტირების დროს მოვიძიეთ და ამ მომსახურებაზე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი უკვე დასრულდა. ამ ეტაპზე ტენდერში მონაწილე კომპანიასთან მომსახურების დეტალებს ვაზუსტებთ, ვიდეოსათვალთვალო კამერები ქსელში მალე ჩაირთვება“ – აცხადებს გამგებელი.

ქედის მუნიციპალიტეტში დამონტაჟებული 17 ცალი ვიდეოთვალიდან ათი დაბაშია დამონტაჟებული, ორი ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ქედა-ხელვაჩაურის საზღვარზე, ამავე ოდენობით მახუნცეთის სკოლასთან, სამი ქვედა მახუნცეთში, სადაც ვიდეოთვალები ცენტრალურ გზაზე, ჩანჩქერთან და თამარის ხიდთანაა განთავსებული. იმ ტერიტორიებზე, სადაც ტურისტები ხშირად გადაადგილდებიან, ვიდეოთვალების დასაყენებლად ზუსტი ადგილები ქედაში შსს-მ შეარჩია.

ქედა, სოფელ მახუნცეთის სკოლის მიმდებარედ დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა ჯერ უფუნქციოდაა / ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი / ეკა ბარამიძის ფოტო

ქედა, სოფელ მახუნცეთის სკოლის მიმდებარედ დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა ჯერ უფუნქციოდაა / ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი / ეკა ბარამიძის ფოტო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი