მთავარი,სიახლეები

ინტერესთა კონფლიქტი კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში

01.09.2017 • 3710
ინტერესთა კონფლიქტი კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში

კიბოსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა სკრინინგია – ეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციაა. კიბოსთან ბრძოლის ანალოგიური პოლიტიკა აქვს გაცხადებული საქართველოსაც, თუმცა მარტისა და აპრილის მონაცემებით, წელს რეგიონებში გასულ წელთან შედარებით 50%-ზე მეტად შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც სკრინინგის ჩატარება მოახერხეს. სახელმწიფომ პროგრამის შესრულება სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ჯგუფს დაუკვეთა, რომელსაც რეგიონებში არ აქვს, მაგალითად, მამოგრაფი. გარდა ამისა, ტენდერის დამკვეთ და შემსრულებელ ორგანიზაციებს მამა-შვილი ხელმძღვანელობს.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]ინტერესთა კონფლიქტი[/highlight]

ერთი თვის წინ ბათუმში, ჭაობის დასახლებაში, 45 წლის ნანუკა დ. გარდაიცვალა სარძევე ჯირკვლის სიმსივნით. მის დაკრძალვაზე ქალებმა ძუძუს კიბოს საფრთხეზე საუბრისას დათქვეს, რომ აუცილებლად წავიდოდნენ გამოკვლევაზე. ერთ-ერთი მათგანი, ნათელა გ. ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მივიდა – სარეკლამო რგოლი სწორედ ამ კლინიკაში ეპატიჟებოდა უფასო სკრინინგზე, თუმცა კლინიკაში მისულ ნათელას უთხრეს, რომ სკრინინგს ვერ გაუკეთებდნენ, რადგან მამოგრაფიის აპარატი არ აქვთ. მას გამოკვლევა დღემდე არ ჩაუტარებია.

34647

პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც ნათელა გ-ს. ძუძუს სკრინინგი უნდა გაეკეთებინა, ტენდერი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (ჯანდაცვის სამინისტროს იურიდიული პირი) გამოაცხადა. ტენდერი კომპანია „უნიმედ აჭარამ“ მოიგო. ამ კომპანიის წილების 100%-ს სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“ ფლობს, რომელიც აჭარაში კიბოს სკრინინგზე ქვეკონტრაქტორების, ანუ სხვა სამედიცინო დაწესებულებების გარეშე მუშაობს. ამის შედეგია ის, რომ თუ, მაგალითად, გასულ წელს სკრინინგის პროგრამით შეიძლებოდა აჭარაში ხუთ სამედიცინო დაწესებულებაში გესარგებლა უფასოდ, ყოველდღიურად, ახლა გამოკვლევის ჩატარება, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია მითითებული, „თითოეულ რეგიონში კვარტალში მინიმუმ ერთხელ ორგანიზებული სკრინინგის“ აქციის ფარგლებშია შესაძლებელი. შესაბამისად, სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ მიერ დაფუძნებული „უნიმედი აჭარა“ საქართველოს რეგიონებში (სკრინინგის პროგრამას თბილისში წელსაც „ეროვნული სკრინინგ ცენტრი“ ახორციელებს) კიბოს ადრეული გამოვლენის მიზნით გამოკვლევებს ამ ფორმატში ჩაატარებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ 2017 წლის 18 იანვარს გამოცხადებულ ტენდერში, რომლის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 963 496 ლარი იყო, ორი კომპანია მონაწილეობდა – „უნიმედი აჭარა“ და „ეროვნული სკრინინგ ცენტრი“. ეს უკანასკნელი პროგრამის დანერგვისთანავე მუშაობდა კიბოს სკრინინგზე მთელ საქართველოში, „ევექსის“ მიერ დაფუძნებულ კომპანიას კი ამ მხრივ გამოცდილება ჯერ არ ჰქონია. ამის მიუხედავად, ტენდერი მოიგო „უნიმედი აჭარამ“, 10-ლარიანი ფასთა სხვაობით: „ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა“ ტენდერის პირობების შესრულება 770 000 ლარად შესთავაზა სახელმწიფოს, ხოლო „უნიმედი აჭარას“ ფასი 769 990 ლარი იყო.

ამ ტენდერთან დაკავშირებით „ბათუმელებისთვის“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გახდა ცნობილი: „დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს“ ხელმძღვანელობს ამირან გამყრელიძე, ხოლო ტენდერში გამარჯვებული „უნიმედი აჭარას“ დამფუძნებელ სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ გენერალური დირექტორი არის ნიკოლოზ გამყრელიძე – ამირან გამყრელიძის შვილი. ნიკოლოზ გამყრელიძეს „ევექსში“ სხვა მნიშვნელოვანი თანამდებობაც უკავია, ის „ევექსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა.

ნიკოლოზ გამყრელიძე

ნიკოლოზ გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში სატენდერო კომისიის თავმჯდომარეც ამირან გამყრელიძეა. ამის მიუხედავად, ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით შედგენილ დოკუმენტში წერია, რომ „ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს“.

ტენდერის პროცესში დაინტერესდით თუ არა ინტერესთა კონფლიქტით? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ მიმართა „ეროვნული სკრინინგ ცენტრის“ ყოფილ ხელმძღვანელს, რემა ღვამიჩავას (ტენდერის დროს ცენტრს ის ხელმძღვანელობდა), რაზედაც შემდეგი პასუხი მივიღეთ: „ვერ გეტყვით, არ ვიცი, ჩემთვის ეს უცნობი იყო, პირველად მესმის. ჩვენ მივიღეთ ტენდერში მონაწილეობა და წავაგეთ“.

რემა ღვამიჩავას ასევე ვკითხეთ, მისი აზრით, შეუშლის თუ არა ხელს პროგრამის შესრულების გაკონტროლებას ის გარემოება, რომ დამკვეთი არის სახელმწიფო დაწესებულება, რომელსაც მამა ხელმძღვანელობს, ხოლო შემსრულებელ კომპანიაში ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიმღები პირი არის შვილი? – რემა ღვამიჩავამ თქვა, რომ არც ამის შეფასება შეუძლია: „ვერ გეტყვით… დანარჩენი იმის უკან ვინ იდგა, ვერ გეტყვით“.

2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ექსპრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა, ამირან გამყრელიძე საზოგადოებას წარუდგინა როგორც ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი. ეს საკითხი მედიაში განხილვის საგანი გახდა, რადგან ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე, იმ პერიოდში ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში მუშაობდა მაღალ თანამდებობაზე. მაშინ ამირან გამყრელიძემ უარი თქვა მინისტრობაზე. მან თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა: „ჩვენ პირველ ეტაპზე ვერ გავითვალისწინეთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ არსებობდა გარკვეული უხერხულობა და მორალური ინტერესთა კონფლიქტი ჩემს მომავალ პოზიციასა და ჩემი შვილის თანამდებობას შორის, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გახლდათ ყველაზე დიდი კერძო სადაზღვევო კომპანიის „ალდაგი ბი სი აის“ გენერალური დირექტორი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს არ გახლდათ ინტერესთა სამართლებრივი კონფლიქტი, მაგრამ იყო მორალური უხერხულობა. ამის შესახებ დაიწერა პრესაშიც, მას მოჰყვა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის არასასიამოვნო ინტერპრეტაციები.

ამასთან დაკავშირებით უკანასკნელ დღეებში რამდენჯერმე მქონდა კონსულტაციები ბატონ ბიძინასთან და მივიღე გადაწყვეტილება, რომ უარი ვთქვა შემოთავაზებულ თანამდებობაზე, რათა არ ვიყო ბარიერი ჩემი ოჯახის მომავალი თაობის განვითარების გზაზე, ოჯახის, რომლის რეპუტაცია არასოდეს შელახულა და დარწმუნებული ვარ, არც შეილახება“.

ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე ამ შემთხვევაშიც გვსურდა თავად ამირან გამყრელიძისთვის გვეკითხა. საბოლოოდ განმარტება მივიღეთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან, სადაც ირწმუნებიან, რომ ამ შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს, რადგან ნიკოლოზ გამყრელიძე არის „ევექსის“ დაქირავებული თანამშრომელი, ხოლო მათ მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „უნიმედ აჭარას“ აქვს თავისი ბეჭედი და ჰყავს დირექტორი, რომელიც დამოუკიდებელი მოთამაშეა.

რაც შეეხება პროგრამის ეფექტურ კონტროლს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ფიქრობენ, რომ ამ მიზნის მიღწევას ხელს ვერაფერი შეუშლის. აქ ასევე დასძინეს, რომ დაუყოვნებლივ დაინტერესდებიან ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში პროგრამის განხორციელების დეტალებით.

 

1

 

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]როგორ სრულდება სკრინინგის პროგრამა[/highlight]

 

საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 1500 ქალს უსვამენ ძუძუს კიბოს დიაგნოზს, ყოველი მერვე ქალი კი ამ დაავადების რისკის წინაშე დგას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, კიბოს დამარცხების ყველაზე ეფექტური გზა სკრინინგია. ამ მეთოდით შესაძლებელია კიბოს ნაადრევ ეტაპზე გამოვლენა, რაც მკურნალობის ეფექტურობას მნიშვნელოვნად ზრდის. ასევე რამდენჯერმე იაფი ჯდება კიბოს მკურნალობა პირველ ან მეორე სტადიაში, ვიდრე მესამე და მეოთხე სტადიაში.

სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით დაინერგა საქართველოში სკრინინგის პროგრამა. წელს გამოცხადებული ტენდერის პირობები კი, კვლევებს შემდეგი მიმართულებით ითვალისწინებს:

[checklist]

  • ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ასაკის ქალებში; საშვილოსნოს ყელის სკრინინგი 25-60 წლის ასაკის ქალებში; ფარული სისხლდენის სკრინინგი ორივე სქესისთვის 50-70 წლის ასაკში.
  • პროსტატის კიბოს მართვა 50-70 წლის მამაკაცებში, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით.

[/checklist]

 

ხელშეკრულებაში გაწერილია ბენეფიციართა მოსალოდნელი მაჩვენებელი. მაგალითად, „ძუძუს კიბოს სკრინინგის შემთხვევაში ბენეფიციართა საპროგნოზო რაოდენობა უნდა იყოს 20 383. მამაკაცებში პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა უნდა ჩაუტარდეს არაუმეტეს 3 950 ადამიანს“.

მოცემულ ციფრებს 2016 წლის მონაცემებს თუ შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ ტენდერის პირობებით ბენეფიციართა რაოდენობა წელს მნიშვნელოვნად არის შემცირებული პროსტატის კიბოს ნაწილში – გასულ წელს ბენეფიციართა რაოდენობა განსაზღვრული იყო 5 645-ით. მეტი იყო ძუძუს კიბოსთან მიმართებაშიც, თუმცა უმნიშვნელოდ: გასულ წელს ტენდერში გამარჯვებულ „სკრინინგის ეროვნულ ცენტრს“ 21 749 ბენეფიციარი უნდა გამოეკვლია.
2017 წლის თებერვალში გაფორმებულ სატენდერო ხელშეკრულებაში ასევე გაწერილია ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ტენდერში გამარჯვებულს ავალდებულებს, უზრუნველყოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა.

ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის მონაცემებით „ევექსს“ ხელშეკრულების პირობების შესრულება უჭირს და ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. „ბათუმელებმა“ ევექსს“ წერილობით ჰკითხა, აჭარაში, თავიანთ რომელიმე კლინიკაში თუ აქვთ პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო აპარატურა და თუ ჰყავთ შესაბამისი სამედიცინო პერსონალი. ამ კითხვის პასუხად კორპორაციიდან მოგვწერეს, რომ „აჭარის რეგიონში სკრინინგული სერვისები ხორციელდება შემდეგი ორგანიზაციების მეშვეობით:

[checklist]

  • შპს უნიმედი კახეთი – იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი;
  • შპს უნიმედი აჭარა – ბათუმის რეფერალური საავადმყოფო;
  • შპს უნიმედი აჭარა – ქობულეთის რეფერალური საავადმყოფო;
  • ააიპი ბერძნული სამედიცინო ფონდი „ჰიპოკრატე“.

[/checklist]

 

2011 წლის შემდეგ, რაც ქვეყანამ სკრინინგის პროგრამა დანერგა რეგიონებში, ბათუმში ხუთ სხვადასხვა კლინიკაში ტარდებოდა სკრინინგი. შესაბამისად, ამ კლინიკებში დასაქმებული მამოლოგები აკეთებდნენ მამოგრაფიას. აი, რას ამბობს ერთ-ერთი მათგანი, თემურ გოგიტიძე, რომელიც ამჟამად ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში მუშაობს.

„მე ვერ განვსაზღვრავ, ვინ რას შეასრულებს, მაგრამ შემიძლია შევადარო იმას, რაც კეთდებოდა. მე ვიცი, რომ ბათუმში იდგა მამოგრაფიის ხუთი აპარატი და თითოეულის საშუალებით თვეში მინიმუმ 100 კვლევა კეთდებოდა. გამოდის, რომ თვეში მინიმუმ 500 ადამიანს უკეთდებოდა მამოგრაფია და ესეც ძალიან ცოტა იყო“, – უთხრა „ბათუმელებს“ მამოლოგმა.

თემურ გოგიტიძის შეფასებით, იმის გამო, რომ ყოველდღიურად აღარ არის ხელმისაწვდომი უფასო სკრინინგი, „ერთი წლის შემდეგ აჭარაში იქნება თვეში 20 ან 60, მაგრამ არა 500 გამოკვლეული ქალი“.

სკრინინგის არსი მდგომარეობს იმაში, რომ შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის ქალებმა წელიწადში ერთხელ აუცილებლად ჩაიტარონ ძუძუსა და საშვილოსნოს გამოკვლევა, ხოლო მამაკაცებმა – პროსტატას სკრინინგი.

„როდესაც ჩემთან ქალი მოდიოდა სხვა პრობლემით, ვთქვათ, ხალის გამო და ის იყო შესაბამისი ასაკის, ვთავაზობდი უფასო მამოგრაფიას. ახლა ამას ვეღარ ვთავაზობ, არაფერი აწუხებს ქალს და როგორ უნდა ვუთხრა 70 ლარი გადაიხადოს? რატომ გადაიხდის? ანუ ეს კვლევა მასობრივი ვეღარ იქნება და, შესაბამისად, აღარ იმუშავებს იდეა, რომ სკრინინგი უნდა იყოს მასობრივი. ეს გადაწყვეტილება საზოგადოებას ძალიან დააზარალებს,“ – ამბობს თემურ გოგიტიძე.

კიდევ ერთი ექიმი-ონკოლოგი მზია ხალვაში, რომელიც ამ მიმართულებით წლებია მუშაობს, ამბობს, რომ აუცილებლად გადაამისამართებდა პაციენტებს რეფერალურ საავადმყოფოში უფასო სერვისის მისაღებად, მაგრამ ეს შეუძლებელია:

„როგორც ვიცი, ამ ეტაპზე რეფერალურში არ აქვთ აპარატი. აპირებენ შეძენას. ჰქონდათ მცდელობა ქუთაისის კლინიკიდან გამოეყოთ მამომობილი, რომელიც ბავშვთა კლინიკაში უნდა ჩამოსულიყო. გამოაცხადეს კიდეც, რომ ეს აპარატი უნდა ჩამოეტანათ და ხალხი იქ მივიდოდა, მაგრამ რატომღაც არ არის ეს დანერგილი. რომ ყოფილიყო, ჩვენ აუცილებლად გვეცოდინებოდა.“

სკრინინგის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით მამოლოგების მოსაზრების ერთგვარი დადასტურებაა ციფრები, რომლებიც „ბათუმელებს“ წერილობით მოაწოდეს „უნიმედი აჭარადან“. კითხვაზე, წელს აჭარაში, პროგრამის ფარგლებში, რამდენ ქალს ჩაუტარდა ძუძუს სკრინინგი და რამდენი მამაკაცი გამოიკვლიეს პროსტატის კიბოს მართვაზე, „ევექსიდან“ გვიპასუხეს, რომ „აჭარაში მომსახურებით ისარგებლა 482-მა ქალმა და 167-მა მამაკაცმა“. ეს ორი თვის – მარტისა და აპრილის მონაცემებია.

იმავე კითხვით მიმართა „ბათუმელებმა“ „დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს“, რომელმაც სრულიად განსხვავებული ციფრები მოგვაწოდა.

„მარტი-აპრილის თვეების განმავლობაში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებული მცხოვრებლებიდან ძუძუს კიბოს სკრინინგი ჩაიტარა 61-მა ქალმა, პროსტატის კიბოს სკრინინგი – 86-მა მამაკაცმა“, – მოგვწერეს „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან“. სახელმწიფო დაწესებულებას ეს მონაცემები, თავის მხრივ, კორპორაცია „ევექსის“ მიერ დაფუძნებულმა „უნიმედი აჭარამ“ მიაწოდა.

იანვარ-აპრილში სკრინინგული კვლევების მოცვის მაჩვენებლის შემცირებას „დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში“ შემდეგი გარემოებით ხსნიან:

„შემცირების ძირითადი მიზეზი იყო ძველი კონტრაქტორი დაწესებულების მიერ მომსახურების შეწყვეტა იანვრის თვეში, ხოლო მარტის თვიდან – ტენდერის შედეგებით ძველი კონტრაქტორი დაწესებულების ცვლილებით, რაც განპირობებულია მოსახლეობაში ახალ კონტრაქტორ და ქვეკონტრაქტორ დაწესებულებებზე ინფორმაციის ნაკლებობით (ძველი კონტრაქტორები ფუნქციონირებდნენ დღიდან პროგრამის დაარსებისა, ხოლო ახალი კონტრაქტორი – მარტის თვიდან). ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად შპს „უნიმედ აჭარას“ მიერ უკვე გატარებულია გარკვეული მოცულობის სამუშაოები და ასევე მომდევნო პერიოდში დაგეგმილია მრავალი აქტივობა, რომლის შედეგადაც მიღწეული იქნება კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულება“.

რა გამოსავალი არსებობს ასეთ პირობებში პაციენტებისთვის? – ამ კითხვაზე მამოლოგი თემურ გოგიტიძე მოკლედ პასუხობს: „თუ პაციენტს სურს უფასო კვლევა, უნდა წავიდეს „ევექსში“, დაელოდოს როდის ჩამოვა თბილისიდან მანქანა, გაუკეთებენ გამოკვლევას და ერთი თვის მერე მიაწვდიან პასუხს, ან წავიდეს ფასიან კლინიკაში“.

„ბათუმელებმა“ წერილობით ჰკითხა „უნიმედ აჭარას“, როგორ გეგმავს მუშაობას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რაზედაც სამედიცინო კორპორაციიდან მოგვწერეს:

„მთელი ქვეყნის მასშტაბით (გარდა თბილისისა) სერვისის მიწოდებაში ჩართულია „ევექსის“ ქსელის 62 სპეციალისტი, ხოლო სერვისის მიწოდება ხორციელდება 39 ერთეული სადიაგნოსტიკო სამედიცინო აპარატურის მეშვეობით: „ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ შპს „უნიმედი აჭარა“ – ონკოლოგიური ცენტრი უწყვეტად აფართოებს პროგრამის ფარგლებში მისაწოდებელი სერვისების ლოკაციებს, შესაბამისად, იზრდება სამედიცინო აპარატურისა და სამედიცინო პერსონალის რაოდენობაც“.

კლინიკიდან ამ შინაარსის განმარტების მიღების შემდეგ „ბათუმელებმა“ კიდევ ერთხელ გადაამოწმა, ხომ არ შეცვლილა ვითარება „ევექსის“ ქსელის სამედიცინო დაწესებულებებში სერვისის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით იმ პერიოდში, რაც საჯარო ინფორმაციის მოწოდებას დასჭირდებოდა. ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოს ტელეფონით დავუკავშირდით და ვთხოვეთ, რომ ჩავესვით ძუძუს სკრინინგის რიგში, როგორც კერძო პირი. ამ დაწესებულებაში ტელეფონზე ისევ გვიპასუხეს, რომ რიგში ვერ ჩაგვსვამდნენ, რადგან მამოგრაფიას ძუძუზე მათთან არ იღებენ.

იმის გასარკვევად, თუ სად შეიძლება ბათუმში მცხოვრებმა ისარგებლოს პროგრამით, ანუ უფასოდ ჩაიტაროს ძუძუს სკრინინგი, ჯანმრთელობის სამინისტროს ცხელ ხაზს დავეკითხეთ. უწყებაში გვიპასუხეს, რომ „ევექსის“ ცხელ ხაზზე შეგვეძლო ამ ინფორმაციის მიღება. თავის მხრივ, „ევექსის“ ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ უნდა დაგვერეკა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. შესაბამისად, ამ უკანასკნელს კიდევ ერთხელ დავუკავშირდით კერძო პირის სტატუსით, სადაც განმეორებით განმარტეს: „მკერდს ვერ გადაგიღებენ აქ. თუ გინდათ, საშვილოსნოს სკრინინგს გაგიკეთებთ“. მას შემდეგ, რაც ვუთხარით, რომ მხოლოდ ძუძუს სკრინინგი გვაინტერესებდა, ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს თანამშრომელმა გვითხრა, რომ ამის გასარკვევად ისევ „ევექსის“ ცხელ ხაზზე უნდა დაგვერეკა.

ბათუმის რეფერალური საავადმყოფო ერთი თვის წინ აცხადებდა, რომ სკრინინგის ჩატარების მიზნით „აჭარის მოსახლეობას საშუალება აქვს წინასწარი ჩაწერით დაჯავშნოს ექიმთან ვიზიტი“.

მაისში აჭარის მოსახლეობისთვის „ევექსის“ ქსელმა მართლაც ჩაატარა კიბოს უფასო სკრინინგის ერთჯერადი აქცია (16, 18, 19 მაისი). სამედიცინო დაწესებულების განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ეროვნული პროგრამის ფარგლებში ქობულეთში, ხულოსა და ბათუმში ჩატარდებოდა პროსტატის, საშვილოსნოსა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი. ამ განცხადებაში ძუძუს კიბოსთან დაკავშირებით მხოლოდ ის იყო ნათქვამი, რომ ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენის მიზნით მამოგრაფია ჩატარდება ქობულეთში. ეს, დიდი ალბათობით, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ბათუმსა და ხულოში ძუძუს კიბოს გამოკვლევა არც ამ ერთჯერადი აქციის ფარგლებში ჩატარებულა. ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად „ევექსის“ პრესცენტრში „ბათუმელებს“ წერილობითი კომუნიკაცია შესთავაზეს. კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში სიმსივნით 6 243 ადამიანი გარდაიცვალა. 2016 წლის მონაცემები, ჯერჯერობით, დამუშავების პროცესშია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წინასწარი მონაცემებით, 2016 წელს კიბოთი დაავადების 9 915 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის მესამე-მეოთხე სტადიაზე ჯამურად – 4361 შემთხვევა.

2

[highlight color=”red”]სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელების“ ივნისის ნომერში[/highlight]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: