DSC_0177

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე: ახალ მეჩეთზე კონსულტაციები მიმდინარეობს

დღეს, პირველ სექტემბერს, მუსლიმური სამყარო მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს, ყურბან-ბაირამს ზეიმობს. ბათუმის ორთა-ჯამეში ლოცვა დილით ადრე დაიწყო. ლოცვის შემდეგ მუსლიმებთან მისალოცად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე მივიდნენ.

„დარწმუნებული ვარ, ისინი ქადაგებენ ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და ჩვენ დღეს მათთან ერთად ვზეიმობთ დღევანდელ დღესასწაულს,“ – თქვა ზურაბ პატარაძემ თავის მისალოც სიტყვაში.

„ბათუმელების“ კითხვაზე, იყო თუ არა მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის ახალ მეჩეთშიც, ზურაბ პატარაძემ განაცხადა:

„მე ვარ ცენტრალურ მეჩეთში დღეს მოსული და, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით არაერთი შეკითხვა იყო და მინდა დაგიდასტუროთ, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები. უკვე გადავედით შემაჯამებელ ეტაპზე. ჩვენ მუსლიმ მრევლთან ერთად, სამუფთოსთან ერთად, ქალაქის მერიასთან ერთად, ძალიან მალე თქვენ ამას გაიგებთ. კიდევ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დარჩა მხოლოდ ტექნიკური დეტალების შეთანხმება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენი მოსახლეობის ინტერესების გასათვალისწინებლად“.

„ბათუმელების“ კითხვას – ხომ არ აპირებდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ახალ მეჩეთში მისვლას და იქ შეკრებილი მუსლიმებისთვის ყურბან ბაირამის მილოცვას, ზურაბ პატარაძემ არ უპასუხა და განაცხადა: „მე მოვედი ცენტრალურ მეჩეთში იმისათვის, რომ მოვულოცო ჩვენს მოსახლეობას ყურბან-ბაირამი“.

ბათუმის ორთა ჯამეში იმყოფებოდა „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავაც. ძველ მეჩეთში მოსვლამდე უგულავამ ყურბან-ბაირამი ახალ მეჩეთში მისულ მუსლიმებსაც მიულოცა.

„საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს რელიგიის და აღმსარებლობის თავისუფლებას. არ შეიძლება ადამიანებს არ ჰქონდეთ რელიგიური ნიშნით  აღმსარებლობის შესაძლებლობა. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ქვეყანა, რომელიც იმართება კანონებითა და კონსტიტუციით, ამ ადამიანებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა თავისი ხარჯით, თავიანთ მიწაზე ააშენონ საკულტო ნაგებობა და ჰქონდეთ სრულფასოვანი აღმსარებლობის საშუალება“, –  თქვა გიგი უგულავამ.

ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ახალ მეჩეთში, რამდენიმე თვეა მუსლიმები ლოცულობენ. იმის გამო, რომ ბათუმის მერიამ მეჩეთის ასაშენებლად ნებართვა არ გასცა, მუსლიმებს ლოცვა სახელდახელოდ აშენებულ ხის კონსტრუქციაში და ღია ცის ქვეშ უწევთ.

DSC_0172

DSC_0188

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი