„რვაფეხა“ სააგენტოს გადაწყვეტილების მოლოდინში

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში არსებულმა საბჭომ ბათუმში მდებარე კაფე „ფანტაზიას“, იგივე „რვაფეხას“ საკითხი უნდა განიხილოს. საბჭომ და სააგენტომ  უნდა გაწყვიტოს, მიენიჭება თუ არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი „რვაფეხას“. 

 

„საკითხი ჯერ-ჯერობით განხილული არ ყოფილა. მოწმდება დოკუმენტაცია, რამდენად სწორად არის ყველაფერი და გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ანთიძემ. მისი თქმით, მსგავსი საკითხების განხილვა სააგენტოში სწრაფ ვადებში ხდება. „ახალ წლამდე შეიძლება ვერ მოხერხდეს, რადგან საბჭოში მოწვეული სპეციალისტები არიან და მათი მოწვევა ახლა ცოტათი გართულდება, მაგრამ იანვარის დასაწყისში, პირველივე სამუშაო დღეებში  მოხდება საკითხის განხილვა“ – აღნიშნა ნიკა ანთიძემ.

 

კითხვაზე, მისი პირადი მოსაზრებით, არსებობს თუ არა „რვაფეხასათვის“ ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველი, ნიკა ანთიძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში სპეციალისტების დასკვნას დაეყრდნობა:

 

„ეს არის განსახილველი სპეციალისტების მიერ. პირადი, სუბიექტური მოსაზრება ამ შემთხვევაში არა მაქვს, მე ვეყრდნობი სპეციალისტების დასკვნას. ჩათვალეთ, რომ საბჭოს დასკვნა იქნება სააგენტოს და მისი ხელმძღვანელის მოსაზრება“ – განაცხადა ნიკა ანთიძემ.  


იმ შემთხვევაში, თუ „რვაფეხას“ სააგენტო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს მიანიჭებს, მას კანონი დაიცავს. „რვაფეხა“ ცნობილი ქართველი არქიტექტორის, გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ნამუშევარია, ძეგლს ჯერჯერობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არა აქვს. ძეგლის სტატუსის გარეშე შესაძლოა „რვაფეხა“ გადაიტანონ ან დაანგრიონ, მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „ჰილტონ ბათუმი“ გეგმავს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას. 

 

ქართველი არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები, საზოგადოება „ბათომი“ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დამცველები ხელისუფლებას „რვაფეხას“, როგორც უნიკალური და ბათუმისათვის მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვას და შენარჩუნებას სთხოვენ.  აქცია სახელწოდებით – „დაიცავი რვაფეხა“ ბათუმში 6 დეკემბერს გაიმართა.  აქციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, ქალაქის მერი და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებიც ესწრებოდნენ. იმავე დღეს განცხადება გაავრცელა სასტუმრო “ჰილტონ ბათუმმა“, რომლის წინაც მდებარეობს „რვაფეხა“. “კაფე ფანტაზიის დანგრევა არასდროს ყოფილა ჩვენი განზრახვა“ – ნათქვამია განცხადებაში. 

 

რვაფეხა
რვაფეხა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ნანა კვაჭაძე