მათემატიკაში ჩაჭრილი აბიტურიენტების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 700-ით გაიზარდა

მათემატიკაში წელს აბიტურიენტების 33,7 პროცენტი ჩაიჭრა. ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და შეფასების ცენტრის სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს მათემატიკაში მინიმალური ბარიერი მხოლოდ 22-მა პროცენტმა ვერ გადალახა.

მათემატიკის გამოცდაზე წელს 7722 აბიტურიენტი გავიდა. აქედან გამოცდა 2602-მა ვერ ჩააბარა, ანუ 708 აბიტურიენტით უფრო მეტმა, ვიდრე გასულ წელს.

მათემატიკაში მინიმალური ქულა 15 იყო, მაქსიმალური – 59. მაქსიმალური ქულა წელს მათემატიკაში მხოლოდ ექვსმა აბიტურიენტმა მიიღო. საშუალო ქულამ 2016 წელს შეადგინა 24,04 პროცენტი, 2017 წელს – 21,4.

გასულ წელთან შედარებით წელს გაუმჯობესდა მაჩვენებელი ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში.

ფიზიკაში დაახლოებით 77-მა პროცენტმა გადალახა ბარიერი, ხოლო 22 პროცენტი ჩაიჭრა. 2016 წელს გამოცდა ფიზიკაში აბიტურიენტების 30-მა პროცენტმა ვერ ჩააბარა.

ქიმია აბიტურიენტების 86-მა პროცენტმა ჩააბარა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი იყო 74 პროცენტი.

წელს 92-მა პროცენტმა ჩააბარა ბიოლოგიის გამოცდა. 2016 წელს კი მინიმალური ბარიერი ამ საგანში 87-მა პროცენტმა გადალახა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი